ტოლერანტული ქალაქი
„ბირობიჯანი ტოლერანტული ქალაქია. ყოფით დონეზე ხანდახან გაიგებ ხოლმე: ‘ქეციანი ებრაელი’, ‘ებრაელი ხარ, მაგრამ კარგი ადამიანი ხარ’. მერე რა? აქ ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“ - ადგილობრივ მხარეთმცოდნეს, ებრაული ავტონომიური ოლქის საპატიო მოქალაქეს, ბორის გოლუბს, საუბრის სპეციფიკური მანერა აქვს, თავზე კი კიპა ახურავს. ისეთი ებრაელია, როგორებსაც ფილმებში უფრო ხშირად ხედავ, ვიდრე ცხოვრებაში.
ის საკუთარ თავს „თავისი ქალაქის პატრიოტს“ უწოდებს: მართალია, აქ სამუშაო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ის „კარგია პიონერებისთვის და პენსიონერებისთვის“. გოლუბი ანტისემიტთა გამოხდომებს მიიჩნევს „ხულიგნობად, რომელიც ყველგან არსებობს“. სინაგოგას ქვებს ესვრიან. მაგრამ ყოველდღე ხომ არაო.
გოლუბი ბირობიჯანში ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე თელ-ავივში:
„ისრაელში ხუთჯერ ვარ ნამყოფი. ოცი სახეობის ძეხვი, არაჟანში კოვზი რომ ჩადო, ვერტიკალურად ჩერდება. სანაგვეზეც კი ყვავილები იზრდება. მაგრამ აქ მე ისეთი ვარ, როგორც ყველა, იქ კი თავს გარიყულად ვგრძნობ. მეუბნებიან: რუსული მენტალიტეტი გაქვსო“.
თუ ვენდობით ბირობიჯანის ცენტრში აღმართულ ნიშანს, თელ-ავივი აქედან 7925 კილომეტრზეა. ცოტა უფრო ახლოს არის მოსკოვი - 6003 კილომეტრზე. ეს შორეული მხარე ისე გამოიყურება, თითქოს აქ არაფერი შეცვლილა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. აკორდეონზე დამკვრელი 90-იანი წლების სტილის მუსიკას უკრავს, მთვრალები პირდაპირ ფეხით სავალ ზონაში ცეკვავენ. გარშემო ყველგან არის ცირკის გასტროლების, თმის შესყიდვისა და ნარკოდამოკიდებულთა დახმარების რეკლამები. ქუჩების სახელები ორ ენაზეა, რუსულად და იდიშზე. იქვეა პლაკატები ასო Z-ით.
რუსეთის სამფეროვანი დროშის გვერდით მძიმედ ფრიალებს რეგიონის დროშა - ცისარტყელა თეთრ ფონზე. გუბერნატორი როსტისლავ გოლდშტეინი ხაზს უსვამს, რომ ეს ლგბტ-ზე მინიშნება კი არ არის, არამედ უფლის ბიბლიური სიმბოლოა.
ქალაქის სასაფლაოზე უხვად ფრიალებს სრულიად სხვა დროშები - არტილერიისა და სახმელეთო ჯარების ემბლემებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წითელი და შავი ჯვრით. ცნობილია, რომ უკრაინასთან ომში ებრაული ავტონომიური ოლქის სულ მცირე 42 მცხოვრები დაიღუპა. ერთ სულ მოსახლეზე ეს 2,2-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობაა, ვიდრე მეზობელ ხაბაროვსკის მხარეში.
შორეული აღმოსავლეთის მასშტაბებით ებრაული ავტონომიური ოლქი პატარა რეგიონია. ფართობით ის ოდნავ აღემატება იაროსლავის ოლქს, მაგრამ მასში მხოლოდ 147 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა მის პრობლემებს მცირეს ვერ უწოდებ. ებრაული ავტონომიური რეგიონი სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანაში ბოლოდან მეორე ადგილზეა და მოსახლეობის კლების თვალსაზრისით - პირველ ადგილზე. ის შედის რუსეთის ფედერაციის ხუთ სუბიექტში, სადაც უღარიბესი მოსახლეობაა - ყოველი მეხუთე ადამიანის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია.
კიკინებიანი მატრიოშკა
„ბებიაჩემის მშობლები აქ 1936 წელს ჩამოვიდნენ [უკრაინიდან] ვინიცის ოლქიდან“, იხსენებს ბირობიჯანის მცხოვრები ნატალია კორენევა. „იქ სკოლაში ბავშვებს აბუჩად იგდებდნენ, ტალახს ესროდნენ. მეზობელი ოჯახი ჭაში დაახრჩვეს. ბებიამ და ბაბუამ აიღეს რაც შეეძლოთ და შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრნენ. უკრაინაში დარჩენილი ყველა ნათესავი ომის დროს დაიღუპა. იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ“.
ებრაული ავტონომიის ისტორია დაიწყო 1928 წლის 28 მარტს, სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით. მანამდე მსგავსი პროექტები დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და ყირიმში. სახელმწიფოს სურდა, რომ ებრაელები, ძირითადად ქალაქების მაცხოვრებლები, სოფლის სამუშაოს შესჩვეოდნენ.
ებრაელებისთვის მონიშნულ ამურისპირეთში იმ დროს მხოლოდ ოცდაათი ათასი რუსი, სამი ათასი კორეელი და ძირძველი ხალხების ექვსასი წარმომადგენელი ცხოვრობდა. საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ კალინინმა, განაცხადა, რომ აქ იგეგმებოდა ეროვნული ებრაული სახელმწიფოს შექმნა - საამისოდ საჭირო იყო მხოლოდ ასი ათასი ებრაელის შეგროვება. საბჭოთა მთავრობას ამ გზით ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევა სურდა: ებრაელებისთვის სიონიზმის ალტერნატივის შექმნა, შორეული აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერება. და ეს ყველაფერი უცხოელი ებრაელების მხარდაჭერით იმიჯისა და ფინანსების თვალსაზრისით.
ისრაელი ჯერ არ არსებობდა, ევროპაში საავდრო ღრუბლები იყრიდა თავს, ამიტომ 1930-იანი წლების დასაწყისში ამურისპირეთში ჩავიდნენ არა მხოლოდ საბჭოთა ებრაელები, არამედ 1,4 ათასი უცხოელი ემიგრანტი, მათ შორის აშშ-დან და პალესტინიდან. ჩამოსახლებულებს მხარს უჭერდნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. იდიში რუსულთან ერთად რეგიონის ოფიციალურ ენად იქცა. მასზე იბეჭდებოდა გაზეთები და ისწავლებოდა სკოლებში.
თუმცა, უცხოელთა უმეტესობამ და რუს ებრაელთა ნახევარმა მალევე დატოვა იქაურობა. მათ ვერ გაუძლეს 1933 წლის მკაცრ კლიმატს და შიმშილს. 19635 ეთნიკური მიგრანტიდან 1934 წლისთვის, როდესაც ტერიტორიამ ავტონომიური ოლქის სტატუსი მიიღო, დარჩა მხოლოდ 8185. ბევრს არც არსად ჰქონდა დასაბრუნებელი - ანტისემიტიზმსა და პოგრომებს გამოქცეულები მასობრივად გადადიოდნენ საცხოვრებლად შორეულ აღმოსავლეთში.
სამი წლის შემდეგ რეგიონი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, დიდმა ტერორმა მოიცვა. უცხოელ ებრაელებს ჯაშუშებად აცხადებდნენ და აპატიმრებდნენ. საბჭოების მეორე საოლქო ყრილობის პრეზიდიუმის თორმეტი წევრიდან თერთმეტი დახვრიტეს.
ნატალიას ბებია იხსენებდა, რომ უკრაინიდან ემიგრანტები ერთად იყვნენ. მისი ოჯახი მეზობლებთან ერთად ცხოვრობდა საერთო კარავში, რომელიც ქსოვილით იყო შუაზე გაყოფილი. მაგრამ წუხილს არ მისცემიან: მთავარია, ყველა ცოცხალი იყო.
ანტისემიტებთან შეხვედრის შესახებ ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მრავალი წლის შემდეგ ამან გავლენა მოახდინა ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ მასობრივ მხარდაჭერაზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ისრაელის სახელმწიფოში სტალინი თავდაპირველად მოკავშირეს ხედავდა. ეს ებრაელთა ავტონომიაზეც აისახა: 1947 წელს იქ პირველი სინაგოგა გაიხსნა და მორწმუნეებს უფლება მიეცათ, არ ემუშავათ იომ კიპურის დღესასწაულზე. თუმცა ერთი წლის შემდეგ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. სტალინის ბრძანებით მოკლეს ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის ხელმძღვანელი სოლომონ მიხოელსი და თვით კომიტეტი ლიკვიდირებულ იქნა. 1949 წელს დაიწყო ბრძოლა „უფესვებო კოსმოპოლიტიზმის" წინააღმდეგ. ბირობიჯანში დააკავეს ყველა ებრაელი, ვინც სინაგოგაში შეიკრიბა როშ ჰაშანაზე, ახალი წლის დღესასწაულზე. ებრაული თეატრი დაიხურა, იდიში აღარ ისწავლებოდა სკოლებში. გადმოსახლებულთა ნაკადი საბოლოოდ დაიწრიტა.
ავტონომიის მაცხოვრებლები, პოგრომებისგან განსხვავებით, რეპრესიებს იშვიათად იხსენებდნენ - ეშინოდათ. სტალინის სიკვდილის შემდეგაც კი, რუსეთის განაპირას ცხოვრება ძალიან მყიფე ჩანდა:
„ბედნიერება არის ვიწრო ზოლი უბედურებებს შორის“, - ფილოსოფოსობს გოლუბი. „კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს“.
ასი ათასი ებრაელი არასოდეს გადასახლებულა შორეულ აღმოსავლეთში. ამ ოლქის ეროვნული კოლმეურნეობებიდან მხოლოდ სოფელი ვალდგეიმი დარჩა. 1958 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა აღიარა „ებრაული პროექტის“ წარუმატებლობა და ამის მიზეზად გამოაცხადა, ებრაელებს კოლექტიური მუშაობის მიმართ ანტიპათია აქვთო. თუმცა რატომღაც ამ ანტიპათიას ხელი არ შეუშლია ისრაელის განვითარებისა და იქ კიბუციების მშენებლობისთვის.
სსრკ-ს დაშლამდე ებრაელები ნელ-ნელა ასიმილირდნენ. ბარუხები ბორისებად გადაიქცნენ, ხოლო შერეული ქორწინების შთამომავლები რუსებად და უკრაინელებად იწერებოდნენ.
მწარე გამოცდილების გამო ებრაელები თავიანთ რელიგიურობას მალავდნენ. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მიხვდა ნატალია, ბებია, რომელიც შვილიშვილს რელიგიაზე არ ელაპარაკებოდა, რატომ ყიდულობდა საჭმელს მხოლოდ ერთი ადამიანისგან და რატომ არ ჭამდა ღორის ხორცს.
სინაგოგასთან არსებულ მუზეუმში ინახება სიდური, - ლოცვათა წიგნი, - რომელიც სულ სხვა წიგნის, „დიალექტიკისა და ბუნებისმეტყველების“ სახელმძღვანელოს ყდაშია ჩასმული. ასე უფრო უსაფრთხო იყო მისი ტარება. იქვეა თორის გრაგნილი, რომელიც სხვენში იპოვეს სახლის მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ. სახლი სულ მცირე 180 წლის იყო.
ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ებრაული წარმომავლობა გაიხსენა გაახსენდა 90-იან წლებში, როდესაც შორეული აღმოსავლეთის ებრაელთა უმეტესობა ისრაელში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ებრაულ ავტონომიურ რეგიონზე ერთნახევარჯერ უფრო მცირეა ფართობით, მან დაიტია 15 ათასი რეპატრიანტი ოლქიდან. ეს ათჯერ უფრო მეტია ებრაულ ავტონომიაში ოფიციალურად აღრიცხულ ებრაელებზე.
ებრაული სტატუსი ოლქისა, სადაც ახლა ებრაელები მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, ტურისტების მისაზიდ საშუალებად იქცა. სადგურზე დგას უზარმაზარი შვიდტოტიანი სასანთლე, სუვენირების მაღაზიებში კლასიკური მატრიოშკების გვერდით დგანან მატრიოშკები მორწმუნე ებრაელების გამოსახულებით - კიკინებით და მკერდზე დავითის ვარსკვლავით. ბორის გოლუბი დარწმუნებულია, რომ სტატისტიკა ტყუის:
„შერეულ ოჯახში ეროვნებად უფრო ხშირად ირჩევენ „რუსს“. რა საჭიროა, რომ ზედმეტად მოგახალონ ხოლმე სახეში ‘ურია’? ხოლო თუ ვინმე ისრაელში წასვლას დააპირებს, მაშინვე არქივს მიაშურებს საბუთებისთვის. მომეცით ცნობა, რომ ბებია როზა აბრამის ასული იყო. დიდ დღესასწაულებზე სინაგოგაში საკმარისი ადგილები არ არის ხოლმე, ხალხი ქუჩაში დგას. ვერავინ იტყვის, რამდენი ებრაელია ბირობიჯანში. მაგრამ როცა უკანასკნელი ებრაელი დატოვებს აქაურობას, კიდევ ასი-ორასი ებრაელი მივა მის გასაცილებლად“.
სინაგოგა
შიგნით სინაგოგა უფრო კლუბს ჰგავს. სკამების გრძელი რიგების ნაცვლად აქ არის საერთო მაგიდა, ნამცხვრები და კანფეტები.
„ხალხი აქ 1957 წლიდან ლოცულობს. ერთი სინაგოგა დაიწვა, მეორე წაიღეს და ეს სახლი მოგვცეს“, - ამბობს ვალერია ბულკინა. „აქ დაახლოებით ნახევარია ებრაელები. მაგრამ მაშინაც კი, თუ ბირობიჯანში ებრაელი არ ხარ, მაინც ბევრი ებრაელი ნათესავი გყავს“.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვალერია სათავეში ჩაუდგა თემს, თუმცა ეს პოსტი ქალებს იშვიათად უკავიათ ხოლმე.
პარასკევი საღამოა. მზის ჩასვლამდე ჯერ ბევრი დროა, თემის რამდენიმე ათეული წევრი კი უკვე შეიკრიბა და ჩაის სვამენ. პუბლიკა აქ ჭრელია - ხნიერი ქალები, ახალგაზრდა შშმ პირი, ებრაელები, რუსები. აქ ყველას უშვებენ.
კედლების გასწვრივ არის კარადები წიგნებით იდიშზე. ეს არის აშკენაზი ებრაელების თითქმის გადაშენებული ენა, რომელიც უფრო გერმანულს ჰგავს, ვიდრე ებრაულს. იგი აქ ისევე უყვართ, როგორც თორის ენა.
„როდესაც იდიშზე ლაპარაკობდნენ, ებრაული სიწმინდის ენად ითვლებოდა“, - განმარტავს ვალერია. „ახლა პირიქითაა: ებრაული გახდა თანამედროვე ენა და ჩვენთვის იდიში ჩვენი მშობლებისა და ებრაელების ისტორიას უკავშირდება. აქ ყველაფერი ამით იყო გაჯერებული. მის გაცოცხლებას ცდილობენ, სკოლაში ასწავლიან, მაგრამ ის ძველი იდიში აღარ არსებობს“.
მრევლი მღერის სიმღერებს - რუსულ ენაზე, შიგადაშიგ ზოგიერთი სიტყვით იდიშზე. სინაგოგაში ოცდაათ წლამდე ადამიანები არ არიან. ვალერიას ვაჟი ბევრი თანატოლივით ისრაელში წავიდა და იქ სამხედრო სამსახურისთვის ემზადება.
მზის ჩასვლისას სინაგოგის მცველი აკურთხებს ხალას, სადღესასწაულო პურს. ქალები თავს შეიბურავენ და სათითაოდ ანთებენ სანთლებს. როგორც შეუძლიათ, ისე წარმოთქვამენ შაბათის ლოცვას - ზოგი ებრაულად, უმეტესობა რუსულად. ბოლო დროს ისინი უფრო ხშირად მიმართავენ ღმერთს, ცრემლებით შესთხოვენ მთავარს - მშვიდობას.
„ჩემი შვილი ომობს“, - ოხრავს ხელჯოხიანი ქალი. „სამხედროა, უფროსი ლეიტენანტი. გაიწვიეს და უბრძანეს. სამშობლომ აიძულა დაეცვა ის. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ არის იქ. ღმერთმა ყველას მოგვცეს თავზე მოწმენდილი ცისფერი ცა, რათა იქ ყველაფერი შეწყდეს. უკვე დავიღალეთ. მინდა ყველა ბედნიერი იყოს“.
შვილისგან რამდენიმე თვეა არაფერი სმენია. ნაწილში ამბობენ - არ შეიძლება, სახიფათოა.
სხვა მორწმუნის შვილი მოხალისედ წავიდა.
„მეგობრები, ნაცნობები, ყველა იქ არის”, - განმარტავს იგი მის არჩევანს.
არც მასთან არის კავშირი. დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ - ლოცვა.
მრევლი არც გამარჯვებებზე და არც დაპყრობებზე არ საუბრობს. მხოლოდ მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ, ბავშვები რომ ცოცხლები დაბრუნდნენ. ხელჯოხიანი ქალი განსაკუთრებით ღელავს. უკრაინაში ძმა და ძმისშვილი ჰყავს. არ იცის, რა სჭირთ მათ:
„ადრე მათ ვურეკავდით, მაგრამ ახლა აღარ შეგვიძლია: იქ [სატელეფონო საუბრები] ისმინება. კლავენ ყველას, ვინც რუსეთს დაუკავშირდა. ასე გვითხრეს,“ სჯერა მას.
უფლებადამცველი და პერფორმანსის არტისტი
„ბავშვები უნდა გადავარჩინოთ!“ – გაიძახის წვეროსანი გივი და ველოსიპედით დაიარება ბირობიჯანის ცენტრში. „ერთი სიკვდილი, მეორე, მესამე. ბავშვები თავს იხრჩობენ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ამბობენ, [საინტერნეტო თამაში] „ლურჯი ვეშაპიო“. შესაძლოა, ინტერნეტს მართლაც აქვს გავლენა. მაგრამ უიმედობას შეუძლია ამისკენ უბიძგოს ადამიანს. როცა ბავშვებს აუპატიურებენ, ჩაგრავენ, ტეხენ. ბავშვთა სახლები გადავსებულია და თითოეული მათგანი დანაშაულის სკოლაა“.
წვეროსანს ველოსიპედი ოლქის პროკურორმა აჩუქა, როცა მას მანქანის მართვის უფლება ჩამოართვეს: გივიმ ნახევარი საათით გადაკეტა ხიდი მდინარე ბირაზე და მის შეკეთებას ითხოვდა. გიორგი ნაცვლიშვილმა, რომელსაც ყველა გივის ეძახით, ბევრი ასეთი პერფორმანსი მოაწყო: ხელბორკილებით მიეჯაჭვა მთავრობის შენობას, აბჯარი ჩაიცვა, ხუნდებით დადგა ხაბაროვსკის ცენტრში და თოფივით მომარჯვებული ცოცხით შეიჭრა ადმინისტრაციაში. ოდესღაც ის მეწარმე იყო, მაგრამ მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმის იდეამდე მივიდა. ახლა ის ცოტ-ცოტას შოულობს სხვადასხვა საქმით: შედუღებიდან დაწყებული, ნალბანდობით დამთავრებული. საკვებისთვის კმარა. გივი ამაყობს, რომ სახლში მხოლოდ საწოლი და მემკვიდრეობით მიღებული ტელევიზორი აქვს. ბევრი მას ქალაქის შერეკილად მიიჩნევს, მაგრამ ისეთ აურზაურს ტეხს ხოლმე, რომ ზოგჯერ ადმინისტრაცია დათმობაზე მიდის - აღადგენს შოლომ ალეიხემის ძეგლს, რომელსაც ფიცხმა ქართველმა პლაკატები შემოუწყო, ან ბინას აძლევს ვინმე ობოლს ბავშვთა სახლიდან.
გივი 54 წლისაა, მაგრამ კუნთები სპორტსმენისას უგავს. ხშირ თმაში თითქმის არ ურევია ჭაღარა. მამით ქართველია, დედით - რუსი. საქართველოში დაიბადა, მაგრამ ბირობიჯანის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია:
„მის გარეთ ერთი თვე ყოფნაც კი კატორღაა“.
გივი ჯარში მოინათლა, მაგრამ მღვდლებს ვერ შეეგუა: „ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ“. თორა წაიკითხა და იუდაიზმზე გადავიდა:
„წინადაცვეთა არ არის ადვილი გასაკეთებელი. ხალხს შევუთანხმდი. მერე ვყოყმანობდი, უკვე უარის თქმაზე ვფიქრობდი, მაგრამ წინადაცვეთა გამიკეთეს“.
კამათი არც სინაგოგაში შეუწყვეტია და ამიტომ ისიც დატოვა. თუმცა, ის იცავს შაბათს, მისი ერთ-ერთი ქალიშვილი კი ისრაელში წავიდა.
გივიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჯერ კიდევ 2014 წელს გააპროტესტა:
„პიკეტებზე გამოვდიოდი: ‘ხალხო, გაჩერდით! შეწყვიტეთ კვლა’“.
მობილიზაცია, მისი თქმით, საყოველთაო იყო სოფლებშიც და ქალაქშიც:
„ყველა წაიყვანეს. ორშაბათს ჩემ გარდა ავტობუსში მხოლოდ ბავშვები და მოხუცები იყვნენ“.
ახლა გივი ეხმარება არა მარტო ობლებს, არამედ ოჯახებსაც, რომლებიც მამაკაცების გარეშე დარჩნენ. ომის წინააღმდეგ ლაპარაკი შეწყვიტა და უფრო რეალისტურ მიზნებზეა ფოკუსირებული.
მიუხედავად ყველაფრისა, გივის სჯერა, რომ მისი მეორე სამშობლო „სასოწარკვეთილების რეიტინგის“ ფსკერს ასცდება.
„სანამ არ დაიტაცებდნენ, აქ ყველაფერი იყო. „საკონსერვო ქარხნები, ფეხსაცმლის ქარხანა, საფეიქრო ფაბრიკა... ებრაული ოლქი შეიძლება იყოს სამოთხის კუთხე, ბირობიჯანი კი - ქვეყნის საუკეთესო ქალაქი,“ ხმამაღლა ოცნებობს ის. „თუ ისრაელს თავს დაესხმებიან, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა ისრაელელი“.
გივის ველოსიპედი გაფუჭებულ ასფალტზე მირახრახებს, ჩაუვლის კედელს, რომელზეც მოღიმარი და მოცეკვავე ებრაელები არიან გამოსახული, ჩაუვლის თელ-ავივისკენ მიმანიშნებელ ისარს და სინაგოგასთან არსებულ მუზეუმს, სადაც თვალსაჩინო ადგილას დევს რიტუალური შოფარის რქა. დაუღალავი მთხრობელი ბორის გოლუბი მორიგ სტუმარს უხსნის, რომ ეს საყვირი იომ კიპურის საშინელ და დიდებულ დღესასწაულზე უნდა ჩაბერონ. განკითხვის დღეს, ცოდვების გამოსყიდვის დღეს. მოხუცი ხელით იღებს მას და ტუჩებთან მიაქვს:
„ღმერთო, შეისმინე ჩვენი. ჩვენ ადამიანები ვართ დედამიწაზე, გვინდა ვიცოცხლოთ, ჩაგვწერე სიცოცხლის წიგნში!“
შოფარს დებს და ამოიოხრებს. ბაგეებზე გადაუვლის მრავალჭირნახული მოხუცი კაცის ოდნავ შესამჩნევი ღიმილი:
„ჩვენ გვწამს“.