Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან უერთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა


ბოლო 6 თვეში ახალციხეში რუსულ-ქართული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეორე ორგანიზაცია დაარსდა. ორგანიზაციას ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე'' ადგილობრივი ბიზნესმენი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრას, რომელიც 20 ოქტომბერს რიტუალების სახლში გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი. დამფუძნებელი ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვაა.

47 წლის გოჩა პარუნაშვილი ბიზნესში წასვლამდე მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ასევე იყო „ენერგოპრო ჯორჯიას“იურისტი.საჯარო სამსახურში დანიშვნამდე 12 წლის განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. პროკურატურაში გამომძიებლისა და თანაშემწის პოზიცია ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძის რაიონული განყოფილების თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ვლადიმერ ხომერიკის განმარტებით, ორგანიზაციის ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე'' შექმნის ინიციატივა ახალციხელებსა და უშუალოდ გოჩა პარუნაშვილის ეკუთვნის.

100-მდე მოქალაქე, რომელიც ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციას დაესწრო, ძირითადად თბილისის, თელავის, გორისა და ახალციხის მცხოვრებლები არიან. შეხვედრას ესწრებოდა მსახიობი გივი სიხარულიძე, რომელმაც თქვა, რომ ღონისძიებაზე პირადად ხომერიკთან მეგობრობის გამო იმყოფებოდა.

შეხვედრა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. პრეზენტაციის დასასრულს ვლადიმერ ხომერიკს სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ახლად დაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიგელი გადასცა. ორგანიზაციის წევრი გუჯა ბიჭაშვილი, რომელიც 2013-15 წწ-ში ახალციხის ციხის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, განმარტავს, რომ 20 ოქტომბრის საპრეზენტაციო შეხვედრა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შედეგია.

მოქალაქეთა მგზავრობა ტურისტულმა კომპანია ,,ჩექ ინ-თრეველ ჯორჯიამ' უზრუნველყო. ვლადიმერ ხომერიკი ახალციხეს მაისის თვეშიც სტუმრობდა. მაშინაც ორგანიზაციის გახსნისთვის ჩამოვიდა, რომლის პრეზენტაციაც არ შედგა. პირველი ორგანიზაცია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დაარსდა, "მეგობრობა და ერთობა" იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელად მაშინ ოლეგ სანდროშვილი დაინიშნა, რომელიც ასევე განმარტავდა, რომ მთავარი მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგება იყო.

XS
SM
MD
LG