Accessibility links

logo-print logo-print

რუსული გაზის „თურქული ნაკადი“ სახვით ხელოვნებასა და რეალობაში


სერბეთისა და ბულგარეთის მედიაში ახლახან გამოქვეყნდა ბულგარელი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო, რომელზეც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი არიან გამოსახული გაზსადენის მშენებლობის პროცესის ინსპექტირების დროს.

ბულგარელი მხატვრის, სიმეონ კრასტევის, შთაგონების წყარო ოფიციალური ფოტოა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში, ვუჩიჩის ბულგარეთში ვიზიტის დროს გადაიღეს, როდესაც პოლიტიკოსებმა მაშინ ბულგარეთის ტერიტორიაზე მშენებარე გაზსადენ „ბალკანური ნაკადის“ სამშენებლო მოედანი დაათვალიერეს და მშენებლებსაც გამოესაუბრნენ.

„ბალკანური ნაკადი“ თავის დროზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა უწოდა გაზსადენს, რომლითაც თურქეთის გავლით რუსული გაზი ბალკანეთის ქვეყნებს - ბულგარეთსა და სერბეთს - უკვე მიეწოდებათ.

ახლა, როცა გაზსადენის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით, 1 იანვარს დასრულდა, ბევრი კითხვა ჩნდება არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაუკვეთა მხატვრული ტილო, არამედ თავად რუსეთის ბალკანეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის რენტაბელობის შესახებაც.

„არსებობს ასეთი დავალება“

ჟურნალისტების თვალთახედვის არეში ეს ისტორია მას შემდეგ მოხვდა, რაც 20 იანვარს, ნახატის ფოტო სერბეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გაზეთ „ნოვოსტიში“გამოქვეყნდა. გაზეთის ცნობით, ნახატი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს გასული კვირის ოთხშაბათს გადაუცია სოფიაში სტუმრად მყოფი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისათვის მისართმევად.

მას შემდეგ, რაც ნახატმა სოციალურ ქსელში ცხოველი ინტერესი გამოიწვია, ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა სერბეთის პრეზიდენტისათვის მხატვარ კრასტევის ნახატის საჩუქრად გაგზავნის ფაქტი. იქვე ითქვა ისიც, რომ გაზსადენის მშენებლობის თემაზე შექმნილია სხვადასხვა მხატვრის არაერთი ტილო, რომელიც ერთ გამოფენაში მოიყრის თავს.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, გაზსადენის თემაზე შექმნილი ნახატები გამოიფინება ბულგარეთის ნაციონალურ ისტორიულ მუზეუმში.

გამოფენის ორგანიზატორობის ინიციატივა კი ეკუთვნით საუდის არაბეთის კომპანია „არკადას“ და ბულგარეთის სახელმწიფო კომპანია „ბულგარტრანსგაზს“ (Bulgartransgaz EAD), და ასევე ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ არქეოლოგიურ ინსტიტუტს. ეს ნიშნავს, რომ ნახატების გარდა გამოიფინება გაზსადენის ბულგარული მონაკვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები.

ნახატის ავტორმა, ცნობილმა ბულგარელმა მხატვარმა, სიმეონ კრასტევმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არაფერი იცოდა თავისი ნახატის გაჩუქების შესახებ.

თავად სურათების დახატვით კრასტევი მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ბულგარეთის მხატვართა კავშირიდან დაურეკეს და გაზსადენის თემაზე ფერწერული ტილოს შექმნა შეუკვეთეს.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ არსებობს ასეთი დავალება, რამდენიმე მხატვარმა იმუშაოს „ბალკანური ნაკადის“ თემაზე. ასე დაიწყო ეს ყველაფერი“, - ამბობს ბულგარელი მხატვარი.

ფორმით არაბული, შინაარსით რუსული?

ნახატი კრასტევმა ფეისბუკში გამოქვეყნებული ოფიციალური ფოტოს მიხედვით შეასრულა. ფოტოზე სერბეთის პრეზიდენტი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ერთად ათვალიერებენ გაზსადენის მშენებლობის პროცესს ბულგარეთის ტერიტორიაზე.

თუმცა დაკვირვებული თვალი სწრაფად აღმოაჩენს სხვაობას ნახატსა და ოფიციალურ ფოტოს შორის. ნახატში არ ფიგურირებს სურათზე წინა პლანზე მდგარი ახალგაზრდა ქალი, სუზანა ვასილევიჩი, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მთავარი მრჩეველი.

გაზსადენის თემაზე კიდევ ორი ტილო შექმნა კრასტევმა, რომელმაც ნახატების სურათები რადიო თავისუფლებას გაუგზავნა.

ბულგარეთის მხატვართა კავშირი უარყოფს ინფორმაციას, როგორც ამ ნახატების შექმნის, ისე სამომავლოდ დაგეგმილი გამოფენის მოწყობის საქმეში მონაწილეობის შესახებ. საუდის არაბეთის კონსორციუმ „არკადთან“ დაკავშირება კი არ მოხერხდა, რის გამოც ამ ნახატების შექმნის თაობაზე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ოფისში ზემოხსენებული ნახატი მოხვდა კომპანია „ბულგარტრანსგაზის“ მეშვეობით, რომელსაც იგი საუდის არაბეთის კონსორციუმმა „არკადმა“ გადასცა.

„პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა გადაწყვიტა, ნახატი გაეგზავნა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისთვის, როგორც ბულგარეთში მისი ვიზიტის და მშენებარე გაზსადენის ერთობლივად ინსპექტირების სამახსოვროდ“, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობაში.

საყურადღებოა, რომ ნახატი ვუჩიჩს გაეგზავნა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და სერბეთის პრეზიდენტის მეუღლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, თამარა ვუჩიჩის ხელით. მათთვის სერბეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი საჩუქრის გადაცემის მომენტი კი არ შესულა ოფიციალურ ოქმებში და არ აღბეჭდილა ფოტო- თუ ვიდეომასალაში, რომელიც სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბულგარეთში ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ გავრცელდა სერბეთსა და ბულგარეთში.

ბულგარეთის ხელისუფლება ოფიციალური შეხვედრების დროს ასევე გაურბის „ბალკანური ნაკადის“ ხსენებას, როგორც ეს თავად ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა უწოდა გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ბალკანეთზე გამავალ მონაკვეთს, რომელიც ოფიციალურად 1 იანვარს გაიხსნა.

როგორც სერბეთის, ისე ბულგარეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობებშია ხაზგასმული, ბორისოვმა და ვუჩიჩმა სატელეფონო საუბარში ერთმანეთს მიულოცეს გაზსადენის მშენებლობის დასრულება და „მნიშვნელოვანი გმირობა“ უწოდეს მის ექსპლუატაციაში შესვლას.

მაგრამ გამოთქმა „ექსპლუატაციაში შესვლაც“ დაზუსტებას მოითხოვს.

„თურქეთის ნაკადის“ გაზსადენი ოფიციალურად სერბეთში 1 იანვარს გაიხსნა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა ბულგარეთში და ქვეყნის მთავრობაც დღემდე თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, ბოლომდე არის თუ არა მზად გაზსადენის ბულგარეთზე გამავალი მონაკვეთი, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბრის ბოლოს მოეწერა ხელი.

ექსპერტები ამბობენ, რომ გაზსადენი დაგეგმილზე ბევრად უფრო ნაკლები სიმძლავრით მუშაობს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მასში ჩადებული 3 მილიარდი ბულგარული ლევის (დაახლოებით 1,6 მილიარდი ამერიკული დოლარი) ინვესტიციის ამოღებას.

თანხის უკუგების საქმეს კიდევ უფრო გაართულებს გაზსადენის პროექტის რეალიზებაში ჩაბმული კომპანიის მიმართ აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციის დაწესება.

რეალურად ლაპარაკია ფორმით არაბულ, შინაარსით კი რუსულ კომპანიაზე.

გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მთავარ მოიჯარე კომპანიას წარმოადგენს საუდის არაბეთის კომპანია Arkad-ი, რომელსაც მართავენ რუსეთის მოქალაქეები. ისინი, თავის მხრივ, რუსულ კომპანიებთან აფორმებენ საიჯარო ხელშეკრულებებს მომსახურებასა და მასალებზე, მათ შორის მილების მიწოდებაზე, რომლებიც რუსეთში მზადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG