რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მე-5 წელს, 2026 წლის 25 აპრილს, ზელენსკი და ალიევი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს აზერბაიჯანში, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 7 შეხვედრა გაიმართა - სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმატში. ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორია.
- კიევისა და ბაქოს შორის კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, რაც 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ქალაქ აქტაუს მახლობლად Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიღუპა 38 ადამიანი. რუსეთი აცხადებს, რომ "კატასტროფა გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ განხორციელებული უნებლიე დარტყმით".
- პრეზიდენტი ზელენსკი აზერბაიჯანში ბევრისთვის მოულოდნელად ჩავიდა - 10 დღეში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ამ ინციდენტთან დაკავშირებულ შეთანხმებას და აზერბაიჯანმა უარი თქვა ადრინდელ მოთხოვნაზე - დასჯილიყვნენ დამნაშავეები.
კიევი, ბაქო - ურთიერთსარგებელი
თუკი პრეზიდენტი ზელენსკი წინასწარ 5 შეთანხმების გაფორმების გეგმაზე ლაპარაკობდა, ბოლოს მხარეებმა 6 ორმხრივი შეთანხმების გაფორმება დაადასტურეს.
ამ დოკუმენტების შინაარსზე ამ დრომდე ბევრი არაფერი დაზუსტებულა. ზოგადად კი, ცნობილია, რომ ქვეყნები თავდაცვის სფეროში ახალი პროექტების განვითარებასა და ერთობლივ წარმოებაზეც მუშაობენ. მედიის ცნობით, მთავარი ხაზი დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებს უკავშირდება.
“ძირითადი საკითხია თავდაცვის სამრეწველო კომპლექსი", - დაწერა ზელენსკიმ X-ზე 25 აპრილს.
აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პირველ პოსტში, ასევე X-ზე, პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავდა, რომ უკრაინელი ექსპერტები აზერბაიჯანს ცის დაცვის გამოცდილებას უზიარებენ.
„აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტი ჩვენს ექსპერტთა გუნდთან შეხვედრით დავიწყე, რომლებიც უკრაინის ცის დაცვის გამოცდილებას აზიარებენ. უკრაინა ყოველთვის ერთგულია იმგვარი თანამშრომლობის, რომელიც აძლიერებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ასევე გვაძლიერებს ჩვენ.
ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების უნიკალური გამოცდილება, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სამი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთი და ყურის რეგიონი, ევროკავშირი და შინაარსობრივი მუშაობა გვაქვს აზერბაიჯანთან“, - წერს ზელენსკი.
25 აპრილს, პრესკონფერენციაზე, ქალაქ გაბალაში, მასპინძელ პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ განვავითარებთ თანამშრომლობას, ერთობლივ წარმოებას“, „ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი წინ".
სამხედრო თემატიკაზე არ არის გამახვილებული ყურადღება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ განცხადებებში, თუმცა პრესკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ ორივე ქვეყანაში პერსპექტიულია სამხედრო ინდუსტრიის, თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის განვითარება და შესაძლებელია ერთობლივი წარმოების განვითარებაც.
ალიევმა აღნიშნა ასევე, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს სიტყვები X-ზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეც არის გამოტანილი.
უნიკალური გამოცდილება
„აზერბაიჯანს კარგი კავშირები აქვს ისრაელთან; აქვს საკუთარი სამხედრო-ტექნოლოგიური მიღწევები, რასაც იყენებდა ყარაბაღის ომის დროს; ეს თავისთავად არის თურქეთთან თანამშრომლობის ნაწილი... აზერბაიჯანს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას თავისი მიგნებებით და ერთობლივი წარმოებით... მაგრამ მაინც, ახლა უკრაინას აქვს უფრო მნიშვნელოვანი როლი, რადგან ბრძოლის ველზე გამოცდილი მისი ტექნოლოგიები მზად არის თანამედროვე ომის პირობებში გამოსაყენებლად - როგორც უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი ანალიტიკური ცენტრისა „გაერთიანებული უკრაინა“, ბოგდან პოპოვი უკრაინული ტელეარხ FREEДOM-ის ეთერში. ის ჩამოთვლის რამდენიმე საკითხს - რითაც უკრაინული გამოცდილება მიმზიდველია აზერბაიჯანისთვის:
- ახლო აღმოსავლეთში [ირანში ომის დროს] გამოჩნდა, დასავლეთისა და აშშ-ის მოკავშირეებს დრონი “შაჰიდების” [ირანული დრონები Shahed-ი] მოგერიება უჭირთ - რადგან აზრმოკლებულია “პეტრიოტის” 3-მილიონდოლარიანი რაკეტებით ჩამოაგდო 100-ათასდოლარიანი დრონი;
- არც აზერბაიჯანს არ ჰქონდა ამ დრონების გადასატაცად აუცილებელი ტექნოლოგიები - “რადგან ამის საჭიროება აქამდე არ ჰქონდა”, მაგრამ ახლა, ირანში მიმდინარე ომის დროს - ბაქომ თეირანისგან მოსალოდნელი საფრთხეები უკეთესად გააცნობიერა.
სხვადასხვა დროს გავრცელებული არაერთი ინფორმაციის თანახმად, ირანი გეგმავდა თავდასხმას მილსადენზე, რომელიც აზერბაიჯანულ ნავთობს ევროპისკენ ატარებს. ეს მარშრუტი გადის საქართველოზეც.
მარტის დასაწყისში ირანულმა დრონებმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის სამოქალაქო აეროპორტის ტერიტორიას შეუტია. იუწყებოდნენ ადამიანების დაშავების შესახებ. ინციდენტის საპასუხოდ, აზერბაიჯანმა გარკვეული პერიოდით ჩაკეტა თავისი საჰაერო სივრცის ნაწილი და გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი ირანთან. ექსპერტების შეფასებით, საფრთხე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბაქო თეირანთან ურთიერთობების დიპლომატიური გზებით გადაჭრას ცდილობს და ირანს ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს.
„უკრაინამ უჩვენა მდგრადობა ამ ომის განმავლობაში და დღეს თავის გამოცდილებას აზიარებს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 25 აპრილს.
აზერბაიჯანი იარაღით არასოდეს ეხმარებოდა უკრაინას, თუმცა ბაქოს მიერ გაგზავნილი ნავთობპროდუქტები უკრაინისთვის, სხვადასხვა ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება იყო.
აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინელი ექსპერტებისთვის ახლაც ძირითადად სწორედ მკაცრი ზამთრების შედარებით რბილად გადატანის შესაძლებლობასთან ასოცირდება. ასევე ნავთობპროდუქტებით მდიდარი ქვეყნის შესაძლებლობებთან, რომ დააფინანსოს ერთობლივი პროექტები სამხედრო ინდუსტრიაში.
თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმართულებებით - კიევისა და ბაქოს ახალი გეგმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.
ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან უკრაინამ თავდაცვის შესახებ არაერთი შეთანხმება გააფორმა - დრონების ერთობლივი წარმოებისა და დრონების საწინააღმდეგო უფრო ეფექტიანი სისტემების შემუშავებაზე.
„ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სამ მნიშვნელოვან შეთანხმებას დრონების შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან - საუდის არაბეთთან, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ეს შეთანხმებები განხორციელდება უკრაინის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებთან რამდენიმე სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram-ზე 23 აპრილს.
საჭირო ყველასთვის, საქართველოსთვისაც
უკრაინის გამოცდილება, რასაც ინტერესით ეცნობიან აზერბაიჯანში, ექსპერტების აზრით, უდავოდ სასარგებლო იქნებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლადაც - იმ პირობებში, როცა ირანის საზღვრამდე უახლოესი სახმელეთო მანძილი სულ რაღაც 160 კილომეტრია.
„მაგრამ უკრაინასთან თბილისის სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე გამორიცხულია... საქართველოს დღევანდელ მთავრობასა და კიევს შორის ურთიერთობები, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, გრილზე გრილია. აზერბაიჯანს ეს [უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა] შეუძლია - დამოუკიდებელი ქვეყანაა... აქ კი, არ ვიცით, რამდენად აკონტროლებს რუსეთი, კრემლი თუ რუსეთის „ეფესბე“ საქართველოს მთავრობას... თანაც თბილისს შიშები აქვს - რუსეთი არ გააღიზიანოს და კვლავაც ისმის დასავლელი პარტნიორების ლანძღვა საქართველოდან... ასეთ პირობებში რა თანამშრომლობა შეიძლება?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე. ხაზს უსვამს ასევე, რომ უკრაინის შესაძლებლობები - დრონების მოგერიების სისტემების დახვეწის, საკუთარი დრონების წარმოებისა თუ ახალი შორი მოქმედების რაკეტების შექმნის კუთხით - სულ უფრო დაიხვეწება და ამაში მას ხელს შეუწყობს ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხიც, რომელიც მას უკვე დაუმტკიცეს და რომელსაც მანამდე უნგრეთის აწ უკვე გადარჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
მოლაპარაკებები აზერბაიჯანში?
ექსპერტებისთვის შესამჩნევია, რომ ბაქო რეგიონული მოთამაშის პოზიციების გაძლიერებას ცდილობს და მიზანს წარმატებით აღწევს. სწორედ ამ ჭრილში განიხილავენ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივასაც - სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკების აზერბაიჯანში გამართვის შესახებ.
ამ ინიციატივას მალევე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი - რაც ექსპერტების ერთმა ნაწილმა სწორედ აზერბაიჯანის დაფასებად ჩათვალა.
„რუსეთი შეიძლება დათანხმდეს აშშ-სა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში. ნორმალური ადგილია, ჩვენ ახლა კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. თუ აზერბაიჯანი მზად არის, უზრუნველყოს მოლაპარაკებების ყველა მონაწილის უსაფრთხოება, ვფიქრობ, ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები მშვიდად შეიძლება ჩავიდნენ აზერბაიჯანში”, - ასე ციტირებს ჯაბაროვს რუსეთის მედია.
თუმცა დადასტურება ან განმარტებები არ ყოფილა კრემლის მხრიდან.
26 აპრილს კი, რუსეთის მედიასთან საუბრისას, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ზელენსკი, ევროკავშირთან ერთად, ჩვეულ სტილში ახსენა.
“ნაციზმი კვლავ სწევს თავს და ვ.ა. ზელენსკი, ჩემი აზრით, დიდ სიამოვნებას იღებს იმით, რომ თავს ამ პროცესის სათავეში გრძნობს“, - ლავროვის თქმით, უკრაინა, ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ლიდერის როლის დაკავებას ცდილობს.
უკრაინელი ექსპერტები წინასწარვე დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი რაღაც მიზეზს აუცილებლად გამონახავს, რათა თავი აარიდოს რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ისევე როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია. “ომის შეწყვეტა განაჩენი იქნება პუტინისთვის", "მას მშვიდობა არ აწყობს”, - წერენ სოციალურ ქსელებში.
როდესაც ზელენსკიმ მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვის ინიციატივა გაახმოვანა, ბევრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ვაშინგტონი ამ ინიციატივას არ გააპროტესტებდა.
ფორუმი