Accessibility links

ათასზე მეტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა


საქართველოში 2014 წლიდან დღემდე 2000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მათგან 1000-ზე მეტს სტატუსი შეუჩერდა. სტატუსშეჩერებულ კოოპერატივებს შეუძლიათ საქმიანობა გააგრძელონ, თუმცა მათთვის აღარ არის ხელმისაწვდომი სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიიღო კანონი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ”. შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. ამ სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი მიშელაძის, თქმით, „მოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კოოპერატივები, რომლებსაც სტატუსი შეუჩერეს, შექმნილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოსგან სარგებელი მიეღოთ“. მისივე განცხადებით, რადგან მათი მიზანი სარგებლის მიღება იყო და არა განვითარება, მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს:

კოოპერატივის არსებობა სოლიდარობაზეა დამყარებული. კოოპერატივმა გამართულად რომ იფუნქციონიროს, მისი წევრები ერთმანეთს ჯიბრში არ უნდა ჩაუდგნენ, ასევე ყველამ უნდა იმუშაოს...
გიორგი თათრიშვილი

„სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები და მიზეზები არის ის, რომ კოოპერატივებში გაერთიანებულ ფერმერებს არ აქვთ გააზრებული, რატომ შექმნეს, რას ნიშნავს კოოპერატივი და მისი მართვა. მათ არც იმის სურვილი ჰქონდათ ესწავლათ ის, რაც არ იცოდნენ. ამიტომ მათ სტატუსი შეუჩერდათ“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 1119 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და მასში გაერთიანებულია 11 ათასზე მეტი მეპაიე. კოოპერატივების საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია. კახეთის რეგიონში ბოლო წლებში 224 კოოპერატივი შეიქმნა. ადამიანები გაერთიანდნენ იმ იდეით, რომ ერთობლივი ძალებითა და შესაძლებლობებით დიდი რაოდენობით პროდუქტს აწარმოებდნენ, მას იმპორტზე გაიტანდნენ და მოგებული დარჩებოდნენ, თუმცა ახლა ირკვევა, რომ რეგიონში შექმნილი 224 კოოპერატივიდან 100-ზე მეტს სტატუსი შეუჩერდა. ერთ-ერთი მათგანია კოოპერატივი „კახეთი“. ამ კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი თათრიშვილი, აღიარებს, რომ გაერთიანების წევრებს შიდა პრობლემები ჰქონდათ და არ მუშაობდნენ თანაბრად. შედეგად, არსებული პრობლემის გამო ვერ განახორციელეს ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის იდეა:

„კოოპერატივის არსებობა სოლიდარობაზეა დამყარებული. კოოპერატივმა გამართულად რომ იფუნქციონიროს, მისი წევრები ერთმანეთს ჯიბრში არ უნდა ჩაუდგნენ, ასევე ყველამ უნდა იმუშაოს. ჩვენი, ქართული მენტალიტეტი კი სხვანაირია: ყველას უნდა ნაკლები მუშაობით რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. მოკლედ რომ ვთქვა, ქართველებს შრომა ეზარებათ“.

ხშირად ფერმერებს წარმოდგენა ჰქონდათ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ეს იყო იგივე კოლმეურნეობა, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. არ იყო ინფორმაცია ბოლომდე და სწორად მიტანილი და შედეგი სახეზეა...
ირინა ფხოველიშვილი

კოოპერატივების გაძლიერების გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენლად მიაჩნია ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს კახეთში, ირინა ფხოველიშვილს. ის სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივების მხარდაჭერასა და კონკრეტულ პროექტებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ადამიანების ინფორმირება, თუ რატომ იქმნებოდა კოოპერატივები და რა მოვალეობები ექნებოდათ მხარეებს:

„ჩვენ თუ გვინდა ევროპის, ჩინეთის, იაპონიის ბაზრების ათვისება, ამას მცირე საოჯახო და ფერმერული მეურნეობებით ვერ გავაკეთებთ. მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მომხდარიყო კოოპერირება, ეს იყო სწორად დანახული მომავალი, მაგრამ არასწორად გადადგმული ნაბიჯით. თავიდან, როდესაც კანონი მიიღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა ფერმერებთან, ანუ იმ ფენასთან რომლისთვისაც იქმნებოდა ეს კანონი. ამიტომ ხშირად ფერმერებს წარმოდგენა ჰქონდათ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ეს იყო იგივე კოლმეურნეობა, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. არ იყო ინფორმაცია ბოლომდე და სწორად მიტანილი და შედეგი სახეზეა“.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში” განაცხადეს, რომ კოოპერატივების შექმნა და მათთვის სტატუსის შეჩერება მუდმივ მიმდინარე პროცესია და მონაცემები ყოველთვის იცვლება, თუმცა სააგენტო მოუწოდებს პოტენციურ ბენეფიციარებს, რომ კოოპერატივის შექმნამდე სწორად შეარჩიონ თანამოაზრეები, კარგად გაითავისონ როლი და ნუ იქნებიან მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების მაძიებლები. „კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამ უწყების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG