ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, პიოტრი, პროგრამისტი რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონიდან, გრძნობდა, რომ ქვეყანაში საქმეები ცუდისკენ მიდიოდა. მან მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა 2022 წლის 24 თებერვლამდე ცოტა ხნით ადრე.
„რუსეთში სიტუაცია ძალიან საშიში იყო. იგრძნობოდა, რომ რაღაც ცუდი მწიფდებოდა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.
ბევრი სხვა გაქცეულის მსგავსად, პიოტრიც, რომელმაც გვთხოვა მისი სრული სახელი ან მშობლიური რეგიონი არ დაგვესახელებინა, ჯერ თურქეთში გადავიდა, შემდეგ კი - საქართველოში. როდესაც ახალჩამოსული რუსების ნაკადმა ქირა და ცხოვრების ხარჯები გაზარდა, ტაილანდში გადავიდა. თუმცა, საბოლოოდ, პიოტრი და მისი მეუღლე ისევ თბილისში დაბრუნდნენ.
„ჩვენ გვინდა აქ დარჩენა. საქართველო რაღაცნაირად ახლოს არის ჩვენს სულთან: ერთგვარი თავისუფლებაა“, - თქვა მან.
ომის დაწყებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ასობით ათასი რუსი რჩება სამშობლოს გარეთ. ისინი გაექცნენ ომს, პოლიტიკურ რეპრესიებს ან ორივეს ერთად. შარშან ივლისში საინფორმაციო საიტის Research by The Bell-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საზღვარგარეთ დაახლოებით 650 000 რუსი ცხოვრობს.
ზოგიერთი შეფასებით, თავდაპირველად ეს რიცხვი დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა. მიგრაციის ორი დიდი ტალღა იყო. პირველი 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის შემდგომ თვეებში, მეორე კი - იმავე წლის სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
საქართველოს გარდა, სადაც პიოტრი და მისი მეუღლე გადავიდნენ საცხოვრებლად, რუსების დიდი ნაწილი საცხოვრებლად გადავიდა სომხეთში, თურქეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.
რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთიდან გაქცეულთა უმრავლესობა იყო პოლიტიკურად აქტიური, ჰქონდა უმაღლესი განათლება და ფინანსურად უფრო შეძლებული იყო, ვიდრე საშუალო რუსი. ემიგრანტები ძირითადად 20-დან 40 წლამდე იყვნენ და ბევრი მათგანი ან ფლობდა საკუთარ ბიზნესს, ან კი მუშაობდა ტექნოლოგიის, დიზაინის ან შემოქმედებით სფეროებში.
მარინა, ბიზნესმრჩეველი, რომელმაც ასევე ითხოვა მხოლოდ სახელით მოგვეხსენიებინა, თქვა, რომ ის საქართველოს შავი ზღვის პორტში, ბათუმში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა.
„უკვე მივხვდი, რომ მოსკოვში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ჩემი მოსკოვის ბინა გავყიდე, აქ სხვა ბინა ვიყიდე და გადმოვედი საცხოვრებლად“.
„აქ ჩამოსვლისას მაშინვე თავისუფლების განცდა დამეუფლა“, - თქვა მან. „მოსკოვში ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ცხოვრობ, მაგრამ აქ შეგიძლია თქვა რაც გინდა, აკეთო რაც გინდა. აქ პოლიციის არავის ეშინია: ისინი ხალხს ეხმარებიან, არ დევნიან“.
პიოტრის მსგავსად, მარინამაც თქვა, რომ გააოცა დემონსტრაციებმა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციები თავდაპირველად მოჰყვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობებს, ქვეყანაში დაენერგათ რუსული სტილის „უცხოეთის აგენტების“ კანონი.
„თავიდან შოკში ვიყავი. ის, რაც უკან მოვიტოვე, თავისუფლების ნაკლებობა, აქაც წამომეწია. ამის დაჯერება შეუძლებელი იყო. ახლაც ბოლომდე გაურკვეველია, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი; საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება“, - თქვა მან.
ოლგამ, პარიკმახერმა სანქტ-პეტერბურგის რეგიონიდან, თქვა, რომ ის, მისი მეუღლე და მათი სამი შვილი ესპანეთში გაიქცნენ ორ წელზე მეტი ხნის წინ. მისი ქმარი ომის წინააღმდეგ გამოდიოდა სოციალურ მედიაში და ის დააჯარიმეს კიდეც ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის.
„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ავუხსენით, რომ რუსეთში ჩემი ქმარი შეიძლება დააპატიმრონ მისი ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო, ხოლო ჩემი შვილი ჯარში გაიწვიონ და ომში გაგზავნონ“, - თქვა მან.
მისი თქმით, მათ სწრაფად მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი, ესპანეთის კანონმდებლობის გამო. მან შეძლო სილამაზის სალონის გახსნა, რომელიც რუსულენოვან კლიენტებს ემსახურება, თუმცა მის ქმარს უჭირს შემოსავლის გამომუშავება.
სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაქცეულთა ნაწილს ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს - ისინი ცალსახად არ გმობენ კონფლიქტს, თუმცა არც მხარს უჭერენ.
ისევე როგორც წინა მასობრივი მიგრაციის დროს - მაგალითად, 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ - ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ემიგრანტი რუსების სრულმასშტაბიან დაბრუნებაში. ბევრი დროებით საცხოვრებელ ქვეყანაში ინტეგრირდება, სხვები კვლავინდებურად უფრთხიან რეპრესიულ პოლიტიკას სამშობლოში.
„ომის სამი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ყველა, ვისაც რუსეთში დაბრუნება სურდა, ეს უკვე გააკეთა ან გააკეთებს უახლოეს მომავალში“, - წერს კომენტატორი ვლადიმირ რუვინსკი Moscow Times-ში თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში. „დანარჩენი - უმრავლესობა - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას გააკეთებს“.