Accessibility links

logo-print logo-print

თაზიაშვილების ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს


საოკუპაციო გამყოფი ხაზი, 2018 წ.

ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილის დაკავებიდან სამი დღე გავიდა, მისმა ოჯახმა კი ახალი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ თაზიაშვილი ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი. მირიან თაზიაშვილის ოჯახი ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ითხოვს.

დაკავებულის მეუღლის განცხადებით, ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაჰკავშირებიათ და არც საქართველოს ხელისუფლებიდან მოუკითხავს ვინმეს. ცისანა თაზიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მის მეუღლეს ჯარიმას შეუფარდებენ, თუმცა ჯარიმის გადახდის საშუალება ოჯახს არა აქვს და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლდნენ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია პანდემიის პირობებშიც კი დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას და გაყოფილია ოჯახები. საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა, სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულ სახლში დაბრუნდნენ მირიან და ცისანა თაზიაშვილებიც. მირიანი ტაქსაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელში ერთი წლის წინ, 21 ნოემბერს, გენადი ბესტაევიც დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

„მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო; განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის. საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები, სამწუხაროდ, აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას.

არსებული გამოწვევების ფონზე გამოითქვა წუხილი, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა. ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევაში მოლაპარაკებების დეკემბერში ჩატარების კრიტიკულ აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში „ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM)“ შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 ნოემბერს ასევე ჩაიშალა ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რის მიზეზადაც კორონავირუსთან დაკავშირებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება დასახელდა. ამ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნაც უნდა ყოფილიყო. დეკემბერში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვაც იგეგმება, თუმცა ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, ეს მოხერხდება თუ არა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG