Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამშრომლობა განახლებულ ენმ-თან - რა (არ) შეიცვალა თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ?


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. 4 იანვარი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. 4 იანვარი, 2023 წელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნების შედეგს სხვადასხვაგვარად უყურებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და ასევე სხვადასხვაგვარია მათი ხედვა სამომავლო შესაძლო გაერთიანებებთან დაკავშირებით.

პარტია „ლელო“ წინასწარვე უარზეა, რომ რაიმე ფორმით ითანამშრომლოს ენმ-თან, ახალი თავმჯდომარის პირობებში; ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მხრივ წინააღმდეგობას საერთოდ ვერ ხედავს. ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი სამომავლო პოლიტიკურ კოალიციებზე ლაპარაკს ჯერ ნაადრევად თვლის და ამ ეტაპზე, ორი პრიორიტეტული ამოცანის შესასრულებლად, მხოლოდ „კეთილსინდისიერ ადამიანებთან კოალიციას“ გეგმავს.

  • რა (არ) შეცვალა ენმ-ის შიდაპარტიულმა არჩევნებმა, სად გადის წითელი ხაზები და როგორია ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმები?

გამორიცხულია...

30 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნების შედეგები გამოაცხადა, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ახლა „ახალი პოლიტიკისა“ და „ძალების გაერთიანების“ დროა. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ „წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში!“

არის თუ არა ეს პირდაპირი უარის თქმა ენმ-თან სამომავლო თანამშრომლობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ არაფორმალურ, ჩრდილოვან მმართველობასა და წარსულში დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა გუნდის მისამართით, შიდაპარტიული არჩევნების წინ?

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საორგანიზაციო მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გვითხრა, რომ გამორიცხულია რაიმე სამომავლო კოალიცია ენმ-თან.

„[სავარაუდო კოალიციაში] არ წარმოგვიდგენია ის პარტიები, რომელთა მმართველობაშიც შეიძლება იყვნენ წარსული სახეები, ღირებულებებით მიუღებელი ადამიანები და არაფორმალური მმართველები... ამ მხრივ ცალსახად ვგულისხმობთ "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც გამარჯვებული კანდიდატის [ლევან ხაბეიშვილის] განცხადებით, მის უკან დგას ვანო მერაბიშვილი [ყოფილი პრემიერ-მინისტრი]. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და არ განვიხილავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" წინასაარჩევნო კოალიციურ თანამშრომლობას“, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ენმ-ის აწ უკვე გადარჩეული თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები, წინასაარჩევნო პერიოდში მიუთითებდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან გავლენებით დაინტერესებული ყოფილი მაღალჩინოსნები - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან. ლევან ხაბეიშვილი არ უარყოფდა მათ მხარდაჭერას, თუმცა არაფორმალურ გავლენებს გამორიცხავდა და აკრიტიკებდა მელიას გუნდს, ყოფილ მაღალჩინოსნებთან გამიჯვნის გამო.
„ნაციონალური მოძრაობის" იმ 9-წლიანი მმართველობით, პრობლემები ჰქონდა თუ არ ჰქონდა, მე ვამაყობ... თუ არ მომწონდა იმ 9 წელში "ნაციონალური მოძრაობა", მე არ ვიქნებოდი ამ პარტიაში“, - თქვა ხაბეიშვილმა 27 იანვარს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. მან ასევე თქვა, რომ ენმ-ის პირველ და მთავარ ფიგურად კვლავ მიხეილ სააკაშვილი რჩება. გამარჯვების შემდეგ, ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ღია იქნება ყველა ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის“. ვანო მერაბიშვილი თავის ფეისბუკგვერდზე აქტიურად უჭერდა მხარს ლევან ხაბეიშვილს. ის მედიისთვის ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია.

რას ნიშნავს „ახალი პოლიტიკა“ და „ძალების გაერთიანება“? - ვეკითხებით ირაკლი კუპრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტი პარტიის პოზიციას გამოხატავს. „ლელოს“ წარმომადგენელი გვიხსნის, რომ „ახალი პოლიტიკა“ იმ ადამიანებმა უნდა შექმნან, რომლებიც „წარსულთან დაკავშირებული მძიმე შეკითხვებით“ არ არიან დამძიმებული, ხოლო გაერთიანებაში „ლელო“ იწვევს ყველას, ვისაც „აქვს სურვილი ჩაერთოს პოლიტიკაში და შეცვალოს არსებული რეალობა“.

ამ ეტაპზე, „ლელო“ პოლიტიკურ გაერთიანებებზე არ ფიქრობს. როგორც კუპრაძე ამბობს, პარტია „ინდივიდუალური გაძლიერების გზაზე“ დგას და არც უახლოეს მომავალში აპირებს, კვლავ წამოსწიოს რამდენიმე თვის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გახმაურებული წინადადება, რომ შესაძლებელია ოპოზიციური პარტიები სრულიად ახალი, საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ პრინციპით - „ერთი სტრუქტურა, ერთი ორგანიზმი და ერთი მიზანი“. „პოლიტიკურ სივრცეში დღეს ამისთვის მზაობა არ ჩანს“, - გვითხრა კუპრაძემ.

რატომ უნდა ვესროლო ქვა?!

ენმ-თან სამომავლო პოლიტიკური თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აკვირვებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურ მდივანს, დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს. მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეიტანოს ეჭვი ლევან ხაბეიშვილის ბრძოლის მიზნებში მაშინ, როცა მტკიცებულებები არ აქვს და თან, ის, 2012 წლის შემდეგ, თანამებრძოლად მიაჩნია.

„არ ვიზიარებ სკეპტიციზმს, რომ დემოკრატიული ძალები დამარცხდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება... როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი, რომელმაც არჩევნებში 52% და ამხელა ლეგიტიმაცია მიიღო, ის არ არის რეალური თავმჯდომარე და აი, იმის უკან რომ კიდევ ვიღაც დგას, ეს შეთქმულება განვავითარო... ლევანი ამბობს, რომ უნდა ახალგაზრდები პარტიაში, უნდა გაძლიერება... მინდა, წარმატება ვუსურვო მას. რატომ უნდა ვესროლო ქვა, როცა ამის საფუძველი არ მაქვს, ვერ გავიგე?! ... გააკეთებს [რაც დაგეგმილი აქვს], დააფასებენ, თუ რა და მერე მასაც ესვრიან ქვას... ნიკა მელიასაც მადლობა უნდა ვუთხრათ, ბევრი გაბედული ნაბიჯისთვის, იქნება ეს - სამაჯურის მოხსნა, უკომპრომისო ბრძოლა თუ პასუხისმგებლობის აღება“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე და ამატებს, რომ შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, თუკი ხაბეიშვილის გუნდთან ერთად, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლას, ვინმე არაფორმალური მმართველობის ხელშეწყობად ჩათვლის.

მანჯგალაძის პოზიციაა ასევე, რომ „ძველი თანამდებობის პირები, ვისზეც ხალხში ნეგატიური განწყობებია, სწორად თუ არასწორად - ეს სხვა საკითხია, უკან არ უნდა დაბრუნდნენ“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ ეტაპზე პარტნიორი პარტიების სამეულში შედის - ელენე ხოშტარიას „დროა“-სთან და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“-სთან ერთად. „ჩვენ მივესალმებით ასევე ნებისმიერ იდეურ გამსხვილებას“, - ამბობს მანჯგალაძე და აზუსტებს, რომ საერთო მიზნისთვის საკუთარი პარტიის სახელსაც იოლად შეელევა; თუმცა საარჩევნო პოლიტიკური ცენტრებისა თუ კოალიციების შესახებ ლაპარაკი ჯერ ნაადრევად მიაჩნია და, როგორც ამბობს, ამ მხრივ გეგმები ჯერ არც ენმ-თან მიმართებით არსებობს.

მოქმედი კანონმდებლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს პოლიტიკურ ბლოკებად შეკვრის საშუალებას არ აძლევს და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 5%-იან ბარიერს უწესებს. ამ ბარიერის დაძლევა, უმეტეს შემთხვევაში დიდი გამოწვევაა პატარა პარტიებისთვის. შესაბამისად, მათთვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს ძალების გაერთიანება.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა პარტიამ: ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. თუმცა, მაგალითად, IRI-ის მიერ 2022 წლის ნოემბრის კვლევით, ოპოზიციური პარტიებიდან, 5%-ზე მეტი მხოლოდ ენმ-მა დააგროვა.

ვისთან აპირებს თანამშრომლობას თავად ენმ, ახალი თავმჯდომარის პირობებში და აქვს თუ არა შეთავაზება ოპოზიციურ ძალებთან?

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ფარულავა, რომელიც საარჩევნო კომისიაში ლევან ხაბეიშვილს წარმოადგენდა, ხოლო მალე ენმ-ში გაწევრიანებასა და აქტიურობას გეგმავს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პარტიის ორ უმთავრეს მიზანს ასახელებს:

  • „პირველ რიგში - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა და ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა“;
  • „ამასთანავე, საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზება“.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის რეჟიმი, ენმ-ისთვის, ძველებურად „იქნება მუდმივი“; თუმცა რაც შეეხება შესაძლო კოალიციებს, „პირველ რიგში, საჭიროა კოალიციის გაკეთება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქესთან და ორი პრიორიტეტული საკითხის გადაწყვეტა“. ფარულავა აზუსტებს, რომ „კარი ღიაა“, მაგრამ პრიორიტეტული მიზნების შესრულების პროცესში, რაც ჯერ უშუალოდ ენმ-ის პარტიული სტრუქტურების გამართვას მოითხოვს, ვერ დაელოდებიან - „რომელი პარტია შემოგვიერთდება და რომელი არა“, ხოლო „მოქალაქეებს არ აინტერესებთ პარტიული განხილვები“.

რაც შეეხება პერსპექტივებს 2024 წლის არჩევნებისთვის, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ ფიქრობენ, რადგან განახლებული მენეჯმენტი არ დამტკიცებულა. „მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ ეს შემდგომი პროცესია, ეს არ არის ახლა ჩვენი დღის წესრიგი“, - გვეუბნება ფარულავა.

12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა შიდაარჩევნების წინ წარმოადგინა, პირველ 100 დღეში შესასრულებელ ამოცანებს შორის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ან კოალიციის შექმნა პრიორიტეტებს შორის არ გვხვდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG