Accessibility links

თბილისიდან გადახვეწილი აზერბაიჯანელები: ბრძოლა აფგანისთვის და ბრძოლა თავისუფლებისთვის


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებიდან ორი წელი გავიდა, გამოძიებას კი ჯერაც არ გაუცია პასუხი კითხვაზე - რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა ალიევის რეჟიმს გამოქცეული და თბილისს თავშეფარებული ჟურნალისტი ისევ აზერბაიჯანის საზღვარზე, შემდეგ კი ბაქოს ციხეში, სადაც ის ექვსწლიან სასჯელს იხდის.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს - ის უცნობმა პირებმა მანქანაში ჩასვეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანის საზღვრამდე ასე ატარეს. იქ კი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს.

​აფგან მუხთარლის დაპატიმრების შემდეგ, თბილისში დარჩენილი მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა თვეების განმავლობაში ცდილობდა გაეგო სიმართლე, ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტების მიერ არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო, მაგრამ როგორც თავად ლეილა ამბობს, აქ, თბილისში, ვერც უსაფრთხოების გარანტია მიიღო და ვერც პასუხები კითხვებზე - ვინ მოიტაცა მისი მეუღლე.

ლეილა მუსტაფაევა იძულებული გახდა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად საქართველო დაეტოვებინა და უკვე მეორედ ეძებნა უსაფრთხო თავშესაფარი სხვა ქვეყანაში.

ლეილა

დღეს ლეილა მუსტაფაევა და მისი გოგონა გერმანიაში ცხოვრობენ. მისთვის უცვლელია მთავარი კითხვა აფგან მუხთარლის დღემდე გამოუძიებელ საქმეში - ვინ იყვნენ ის სახელმწიფო ჩინოვნიკები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ პროკურატურისგან სახელებსა და გვარებს ვითხოვთ. თუმცა ამ დრომდე საქართველოს პროკურატურიდან არავინ გამოგვხმაურებია. არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რა მოხდა. ჩვენ კი ვიცით რაც მოხდა, მაგრამ ოფიციალური პასუხი მათგან არ არის“.

რატომ დუმს ამდენ ხანს საქართველოს მთავრობა? ლეილას ამ კითხვაზე თავისი პასუხი აქვს - იმიტომ, რომ თუ ლაპარაკი დაიწყეს, მათ უამრავ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რაც ძალიან გაუჭირდებათ:

„ვერ უპასუხებენ. თან წინ არჩევნებია, მათ კი მთავრობაში დარჩენა სურთ, ასე რომ, ნაკლებ ლაპარაკს ამჯობინებენ... მიჭირს დავიჯერო, რომ ეს გამოძიება ოდესმე დასრულდება. თუმცა, რაც მე ნამდვილად ვიცი არის ის, რომ ამ საქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეული, ეს ამბავი იცოდნენ „ქართული ოცნების“ წევრებმა. გამტაცებლებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ იმ ადამიანებთან, ვინც გატაცების ოპერაციას ხელმძღვანელობდა“.

საქართველოს მთავრობა კი ამბობს, რომ დაელოდება გამოძიების შედეგებს.

ლეილა მუსტაფაევა ფიქრობს, რომ ეს ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა ყველა მტკიცებულების გასანადგურებლად. იმისათვისაც, რომ მთავარ პროკურატურას მმართველი გუნდის ყველა მითითება შეესრულებინა და დაემალა ყველა სამხილი, რაც აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს დაამტკიცებდა.

ცოტა ხნის წინ ლეილამ ფეისბუკზეც დაწერა, რომ აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. აზერბაიჯანელი აქტივისტები, მათ შორის, ისინიც, ვინც ბაქოს ციხეში არიან ნამყოფი, ამბობენ, რომ პოლიტპატიმრებს არა აქვთ წვდომა შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. „დაპატიმრება არ არის ერთადერთი სასჯელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისათვის აზერბაიჯანში“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევაც.

ციხეში მათ შეზღუდული აქვთ არა მხოლოდ სამედიცინო სერვისები, არამედ მეგობრებთან კონტაქტი, წერილები. აფგანს, მაგალითად, დღემდე არ მიუღია დაბადების დღის მისალოცი ბარათები, რომელსაც მას ოჯახის წვერები და მეგობრები უგზავნიან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორ ცხოვრობს თავად ლეილა მუსტაფაევა უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან და ოჯახიდან შორს?

„აქ სიტუაცია ბევრად კარგია, ვიდრე საქართველოში იყო. ჩემი ქალიშვილი საბავშვო ბაღში დადის და წელს სკოლაშიც წავა. შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ადვილია ცხოვრების ხელახლა დაწყება ახალ ქვეყანაში, მაგრამ ეს ნიშნავს ნულიდან დაწყებას. მე ენის კურსებზე დავდივარ, რასაც თითქმის ნახევარი დღე მიაქვს. დროს ისეთ რამეებს ვუთმობ, რაც აქ ცხოვრებისა და დამკვიდრებისთვის მჭირდება. საქართველოში რომ გვეცხოვრა, მთელ ჩემს დროს, ჩემს საქმეს მოვახმარდი და არა ახალი ცხოვრების დაწყებისათვის საჭირო რამეებს“, - უთხრა ლეილამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, მისი სიტყვებით, აზერბაიჯანელი აქტივისტების და ჟურნალისტების ბრძოლა აფგანისთვის და ზოგადად, თავისუფლებისთვის არ დასრულებულა - „ემიგრაციაში ყოფნა ბრძოლის შეწყვეტას არ ნიშნავს“, - ამბობს ლეილა და მისთვის ეს ბრძოლა მაშინ დასრულდება, როცა აფგან მუხთარლის გამოძიების საქმეზე ის საქართველოს მთავრობისგან პასუხებს მიიღებს.

მანამდე ის ცხოვრებას გერმანიაში გააგრძელებს. როცა აფგანს გაათავისუფლებენ, ოჯახი გერმანიაში გაერთიანდება, რადგან უკან, აზერბაიჯანში უსაფრთხოდ დაბრუნების გარანტია დღეს არ არსებობს:

„დღეს ვფიქრობ, რომ აქ ვიცხოვრებთ. სანამ ჩემს სამშობლოში რამე შეიცვლება. მერე, ცხადია, დავბრუნდე ბი. ეს არის ჩემი სურვილი, ის ჩემი მიწაა, იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, ჩემი ოჯახი “.

ტურალი

ტურალ ქურბანლი ლეილას და აფგანის მეგობარია - ისიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ბლოგერი და აქტივისტი, რომელიც იძულებული გახდა თავისი საქმიანობის გამო ბაქოდან ჯერ თურქეთში გადახვეწილიყო, შემდეგ საქართველოში. ორი წლის წინ კი მას ოჯახთან ერთად თბილისის დატოვება მოუწია. თავშესაფარი ჰოლანდიას სთხოვეს.

აფგან მუხთარლის გატაცებიდან ორი წლის შემდეგ ტურალი რამდენიმე დღით ისევ დაბრუნდა თბილისში, რომ პარლამენტის წინ პლაკატით ხელში დამდგარიყო, ისევ ეთქვა: „თავისუფლება აფგან მუხთარლის“ და მოეთხოვა გამოძიების დასრულება.

„თბილისში ჩამოსვლა მას მერე გადავწყვიტე, რაც ვნახე, რომ აფგანის გატაცებიდან ორი წლისთავზე აქ არავინ არაფრის გაპროტესტებას არ აპირებდა. ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს. რატომ არა მე? ვიფიქრე. ამისთვის ცოტა ფული გვჭირდებოდა, რომ პლაკატები დაგვემზადებინა და, ცხადია, სურვილი“.

ტურალმაც ყველაფერი თავიდან დაიწყო. უკვე მესამედ. ისევ უცხო ქვეყანაში.

„ძალიან დავიღალე, რადგან აღარ მინდა ისევ ნულიდან დავიწყო ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება დაინგრა. როდესაც პირველად თურქეთში წავედი აზერბაიჯანიდან, ვნახე, როგორ გამოაძევეს ქვეყნიდან ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - მაშინ დავრწმუნდით, რომ თურქეთი არ იყო უსაფრთხო ქვეყანა - აზერბაიჯანის მთავრობამ ის აეროპორტშივე დააკავა. მერე საქართველოში წამოვედი, აქ სამ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ. პირველ წელს გაგვიჭირდა. მაგრამ მერე მე და ჩემმა ცოლმა ჰოსტელი და სასტუმრო გავაკეთეთ და საქმე კარგად წავიდა, მაგრამ აი, ისევ მოგვიწია გადასახლება“.

ამბობს, რომ სულ თბილისზე ეფიქრება. მაგრამ უსაფრთხოების არარსებობა აშინებს - ამიტომ, დაბრუნებასაც ვერ რისკავს.

„აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისამდე სულ 50 კილომეტრია. აზერბაიჯანის მთავრობას კი ძალიან გრძელი ხელები აქვს და მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ... აქ, თბილისში, მე და ჩემი მეგობრები ყველანი ჟურნალისტები და აქტივისტები ვიყავით. იქ კი ვინ ვარ? რიგითი მიგრანტი კავკასიიდან. მე ჰოლანდიაში ვარ, ლეილა გერმანიაში, გუნელი (მევლუდი)ნორვეგიაში, სხვები სხვა ქვეყნებში - ასე გაფანტულები. რა მაგარია! მეუბნებიან ხოლმე. არ არის მაგარი! ეს ძალიან ძნელია“, - გვითხრა ტურალ ქურბანლიმ.

მაგრამ აზერბაიჯანელ ბლოგერსა და აქტივისტს იმედი აქვს, რომ რაღაცას შეცვლის თავისი ქვეყნისთვის. თბილისში ჩამოსვლაც ამ იმედს უკავშირდება. ბრძოლა კი ამ იმედის გარეშე არ არსებობს.

„რაღაც უნდა შეიცვალოს ჩემს ქვეყანაში. და როცა ეს მოხდება, მე დავბრუნდები. იქ დავიბადე, ყველა ჩემიანი იქ არის. მამაჩემი უკვე 55 წლისა... მე ვხედავ, როგორ უჭირთ ჩემს მეგობრებს, როცა როცა მამა ან დედა უკვდებათ და ჩასვლას ვერ ახერხებენ. საშინელებაა. ჩვენ მხოლოდ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვიძლია შეხვედრა და ესეც ძალიან რთულია“.

რამდენიმე წლის წინ ბაქოდან ალიევის რეჟიმს გამოქცეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების უმრავლესობა თბილისში აღარ ცხოვრობს. ტურალი ამბობს, რომ მათი სამეგობროდან აქ ერთი-ორი ადამიანი შემორჩა და მათაც მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG