Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერობის კანდიდატები დებატებზე შეიკრიბნენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს


ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა

გაერთიანებული ოპოზიციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა „პირველი არხის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები.

„აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის დღეს აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ და ეთერში აჩვენა დმანისში დაჭრილი ადამიანის ფოტო. მისი თქმით, ამ არჩევნებში კახა კალაძე უნდა დამარცხდეს.

მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ.

„გულდასაწყვეტია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაიკითხე და ნახე მეტი.

მამუკა მდინარაძე დმანისის ინციდენტს „ნაცების პროვოკაციას“ უწოდებს

ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მომხდარი „ნაცების“ პროვოკაციის შედეგია, რომელიც მუნიციპალიტეტში დილიდან შეინიშნებოდა.

„დარწმუნებული ვარ, ახლა "ნაცებს" და "ნაცმოძრაობის" ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, იმიტომ, რომ ამ დღეებში, მცდელობების კასკადი იყო, რომ ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ამ შემთხვევაში, მოახერხეს. ძალიან უხარიათ, მაგრამ გასახარად საქმე არავის აქვს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ადამიანები არიან დაზიანებულები, ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, მეორე - არავინ აპირებს ხელის დაფარებას. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი, რაც ბრალდებისთვისაა საჭირო, შეიქმნება თუ არა, იმ წამსვე მოხდება რეაგირება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავა დამნაშავეების დასჯასთან ერთად მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას. მისი თქმით, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მათთან დაკავშირებული ადამიანები უნდა მოიხსნან.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

ცესკო მედიას აკვირდება - რას ნიშნავს ეს?

ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქმის მთელი მედიასივრცე დეზინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობს.

ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ საკუთარი თავი ცესკოს მონიტორინგის ცხრილებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა; ზოგს კი ანგარიშები ჯერ არც უნახავს. აგვისტოში „დეზინფორმაციის გამავრცელებელთა“ ცხრილებში მოხვდა რადიო თავისუფლებაც, თუმცა შემდეგ ცესკოში ყველაფერი მექანიკური შეცდომით ახსნეს, ცხრილები ჩაასწორეს.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგის ერთ-ერთ ცხრილს, რომელშიც ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ მოხვდა, ასეთი სათაური აქვს - დეზინფორმაციული მასალების დინამიკა ონლაინმედიაში.

„პუბლიკას“ - დეზინფორმაციაში, დისკრედიტაციასა და ინფორმაციის გამოტოვებაში ედება ბრალი.

„პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რედაქცია აუცილებლად ეცდება ამ არასასიამოვნო სიურპრიზის გარკვევას და დასაბუთებასაც მოითხოვს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის არასასიამოვნო ფაქტი მედიისთვის, რომელიც მუდმივად ცდილობს, ყოველდღიურად ზედმიწევნით თანმიმდევრული იყოს მედიასტანდარტის დაცვის ნაწილში...

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ - რა მეთოდოლოგიით ატარებენ კვლევას და რა მაგალითები აქვთ. დეზინფორმაციის ნაწილი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია - საინტერესოა, რა დეზინფორმაცია გავავრცელეთ?!“ - გვეუბნება ზაკაშვილი.

ვინ და რა მეთოდოლოგიით ატარებს კვლევებს? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველოში ისევ დაბალია აცრის დღიური მაჩვენებელი

საქართველოში წინა დღესთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, თუმცა, ისევ დაბალია აცრის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. 19 სექტემბერს - 7720.

ბოლო რამდენიმე დღეა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ათასსაც არ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

15 მარტიდან საქართველოში ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. სრულად ვაქცინირებულია 719 076 - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.

COVID-19-ის ახალი შტამების ფონზე, ის გეგმა, რომ ქვეყანას წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აეცრა, აღარაა რელევანტური. ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მართვა მოახერხოს, მოზრდილი მოსახლეობის 80-90% მაინც უნდა იყოს აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 65-70%-ია და რასაც მიაღწიეს იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„ვიწყებთ დაუღალავი დიპლომატიის ეპოქას“ - ჯო ბაიდენის პირველი მიმართვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის რანგში პირველად წარდგა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ერთობასა და კლიმატის ცვლილებაზე.

მისი თქმით, მსოფლიო გამოწვევების პირისპირ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თანამშრომლობა.

„არ გვსურს ახალი ცივი ომი ან ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო“, - თქვა ბაიდენმა. - „ჩვენ დავასრულეთ 20-წლიანი კონფლიქტი ავღანეთში. რადგან დავხურეთ დაუნდობელი ომის ეს პერიოდი, შევაღეთ დაუღალავი დიპლომატიის ახალ ეპოქა… მსოფლიოს ხალხთა დასახმარებლად“.

ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გააორმაგებს დაფინანსებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში.

21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პირველად გამოჩნდა ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, რომელიც თავის ამ საერთაშორისო დებიუტს წინასწარ ჩაწერილი გამოსვლით აღნიშნავს.

წაიკითხე მეტი.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომელიც რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობისთვის.

ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის ეფესბეს ყოფილი აგენტი, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა, ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს.

ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად მოკვდა. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს პუტინის ბრძანებით.

ალექსანდრ ლიტვინენკომ 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს.

ბაშირ "თბილისოვიჩი" - დეპუტატი, მეხანძრე, კარგი თბილისელი

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აფრიკელი ქართველის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მონაწილეობის ცნობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ისედაც შეუწყნარებლობითა და ქსენოფობიით გაჯერებული ქართული საჯარო სივრცე. თბილისის მერობის შავკანიანი კანდიდატი, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს, ღია აგრესიის და დაცინვის ობიექტი გახდა წარმომავლობის, ენის არასრულყოფილი ცოდნისა და კანის ფერის გამო.

თბილისელთა ნაწილმა შეურაცხყოფად და მკრეხელობად მიიჩნია შავკანიანი მოქალაქის სურვილი, იბრძოლოს საქართველოს დედაქალაქის მერობისთვის. არადა, თბილისის თვითმმართველობას ახსოვს შავკანიანი წევრი - ბაშირ შამბე, რომლის მიმართ თანაქალაქელების დამოკიდებულება სულ სხვაგვარი იყო.

ნიგერიაში დაბადებული რიჩარდ ოგბუნუჯუ საქართველოში 1996 წლის ნაცვლად, 1988 წლამდე რომ ჩამოსულიყო, შესაძლებლობა ექნებოდა პირადად გაეცნო ბაშირ შამბე - ყოფილი მეხანძრე და თბილისის საქალაქო საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც საბჭოთა საქართველოს პრესა სიამაყით წარადგენდა როგორც „თბილისელ ზანგს“.

ბაშირ შამბეს შვილიშვილი, ალექსანდრე შამბეც ამბობს, რომ პაპამისს, რომელსაც მშობლების სახელებიც კი არ ახსოვდა, საქართველომ და თბილისმა გაუწიეს მშობლების მაგივრობა, ამიტომ მოსწონდა, როცა ნაცნობები და თანამშრომლები „ბაშირ თბილისოვიჩს“ უწოდებდნენ.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ამ დოკუმენტური ფილმის გმირი სოციალური მკვლევარია. მზიური გოგიჩაიშვილი კარდაკარ დადის და თბილისელებთან საუბარში ცდილობს მიიღოს პასუხი სხვადასხვა კითხვაზე - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის შესახებ. ხვდება განსხვავებული სოციალური ფენის, ასაკის, განსხვავებული გემოვნებისა და მრწამსის ადამიანებს, რათა მოამზადოს მასალა დიდი სოციოლოგიური კვლევისთვის და გასცეს პასუხი კითხვას „ვინ ვართ ჩვენ? და რა გვაქვს საერთო?“. ფილმის ნახვის შემდეგ ამ კითხვას ჩაუფიქრდება მაყურებელიც, რომელიც აუცილებლად შეიყვარებს ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის გმირს და მის გულწრფელ რესპონდენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG