Accessibility links

ТБИЛИСОБА მინკსში - მერია სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს კონცერტებში ხარჯავს


თბილისის მერია, რამდენიმე წელია, "თბილისობას" თბილისის გარდა ბელარუსის დედაქალაქშიც აღნიშნავს.

მინსკი თბილისის დაძმობილებული ქალაქი 2015 წელს გახდა და მას შემდეგ იქ “თბილისობა” ყოველ წელს ტარდება.

პირველ წელს ღონისძიებები "ბორჯომის" 125 წლის იუბილეს აღნიშვნას დაემთხვა. 2016 წელს იქ კახაბერი და ხანუმები მღეროდნენ. 2017-19 წლებში მინსკში "თბილისობის" აღსანიშნავად თანხები უკვე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. სამ წელიწადში სარეზერვო ფონდიდან ამ დღესასწაულისთვის 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

სარეზერვო ფონდი თავისი არსით ფორს-მაჟორულ მოვლენათა შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და ისეთი ხარჯების დასაფარად არსებობს, რომელთა პროგნოზირება შეუძლებელია წინასწარ. "თბილისობის" აღნიშვნა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არც ერთ ამ კრიტერიუმს არ შეესაბამება.

სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემის მიზნად შემსრულებლების ჰონორარია მითითებული. რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიიდან გამოითხოვა 2017-19 წლებში ქართველი შემსრულებლებისა და მათი ჰონორარების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამ სახით მივიღეთ.

ღია წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ მინსკში თბილისობისთვის იმაზე მეტი შემსრულებელი იყრის თავს, ვიდრე მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნაჩვენები.

2017 წელს მინსკში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი "ქართული ხმები", ცეკვის ანსამბლი "მერანი" და Tbilisi Big Band-ის სოლისტები, გაიმართა ასევე თანამედროვე ქართული დიზაინერების [კახაბერ ცისკარიძე, ლაშა ჯოხაძე] კოლექციების ჩვენება ქართული დიჯეების [ლაშა გურული, ნიკოლოზ ამირეჯიბი] კომპოზიციების ფონზე.

2018 წელს "ქართულ ხმებთან" ერთად მინსკში იმყოფებოდნენ ანსამბლ "ერისიონის" წევრები, ნინო ქათამაძე და მაია ბარათაშვილი.

2019 წელს გალაკონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი "შვიდკაცა", დავით გომართელი, "ირიაო", ჯგუფი “მგზავრები".

"თბილისობის" ქვეყნის გარეთ აღნიშვნის დეკლარირებული მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა.

2019 წელს თბილისის მერთან ერთად ბელარუსში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ამ წელს თბილისის მერმა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ, ერთობლივად გახსნეს მინსკის ცენტრში "ქართული სახლი", რომლის ერთ-ერთი მიზანიც ქართველი მეწარმეებისთვის უცხო ბაზარზე პროდუქციის გატანა და პოპულარიზაცია იყო.

სოციალურ ქსელში მაშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მინსკში "თბილისობას" ჩასული ქართული დელეგაციის არაფორმალური ვახშამია ასახული. კადრებში ერთად ჩანან დავით საგანელიძე, კახა კალაძე და ბექა ოდიშარია დავით გომართელსა და სხვა შემსრულებლებთან ერთად.


მინსკში "ქართული სახლის", საზეიმოდ გახსნიდან 6 თვის შემდეგ ჯერაც არ ფუნქციონირებს. ქართული სახლი“-სთვის მთავრობის დადგენილების მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა შვილობილ კომპანიას 600 000 $ გამოუყო.

ცენტრის კარი დაკეტილია და, როგორც საპარტნიორო ფონდში ამბობენ, მისი გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, იქ არსებული ბიუროკრატიული პროცედურებიდან გამომდინარე. ფონდში ვერც იმას აკონკრეტებენ, სახელდობრ რომელი მეწარმეებისა და კომპანიების პროდუქცია განთავსდება “ქართულ სახლში”. ეს ინფორმაცია მისი გახსნის შემდეგ ექნებათ, გახსნა კი, მათი თქმით, რამდენიმე თვეშია დაგეგმილი.

თბილისის მერიაში მინსკში "თბილისობის" აღნიშვნის ტრადიციად ჩამოყალიბებას მეგობარი ქალაქის სურვილით ხსნიან.

მინსკის გარდა თბილისს კიდევ სხვა 19 დაძმობილებული და 16 პარტნიორი ქალაქი ჰყავს. მათ შორის - ზაარბრიუკენი, ინსბრუკი, ნანტი, პალერმო, ატლანტა, ბილბაო, ვილნიუსი, კაირო, ლიმა და ბრისტოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG