Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემირლანის ერთი წელი და არაერთი კითხვა


პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამ მიზნით, ოჯახის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ საპარლამენტო პარტიულ ჯგუფებს მოუწოდებს დროულად დაინიშნოს შეხვედრები და კონსულტაციები ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან: „ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ამ პროცესს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავედით და გაიზარდა პარლამენტის როლი, დღეს, პარლამენტის მზადყოფნა, რეალური საპარლამენტო კონტროლი გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობას, დაიტესტება ამ საქმეზე“, - აცხადებს თამთა მიქელაძე, ორგანიზაციის წევრი და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების დამცველი.

თამთა მიქელაძის თქმით, გასულ წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მუშაობის გამოცდილება გარკვეული სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა და ამიტომ, საბოლოო სწორებას ისინი მაინც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსკენ იღებენ. მისი თქმით, განაცხადი სტრასბურგში წარსადგენად უკვე მზადდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია: „საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი ჯერ ბოლომდეა მისაყვანი. ცხადია, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა შეკითხვაზე პასუხის ცოდნა, თუმცა, ამ პროცესის დასრულებამდე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი რამდენად სწორია, ცალკე განსახილველი საკითხია. პირველ რიგში, ცხადია, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი იყო თუ არა გადაცდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს გამოძიებისგან ველით“.

საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა. მისი თქმით, ეს მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე შევა.

ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა.

​26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლის თავზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მდუმარე აქცია გამართეს. "მდუმარე აქცია იმიტომ, რომ ხელისუფლება ერთი წლის თავზეც დუმს", - ასე განმარტა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, თემირლანის მამამ, პარლამენტის შენობის კიბეებთან მდუმარედ დგომის მიზეზი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მას არ აქვს სამართლიანი გამოძიების იმედი. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების, მათ შორის, უწყების უფროსის ვახტანგ გომელაურისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის დასჯას მოითხოვს: „ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. სწორედ ამიტომ მოვითხოვე რამდენიმე ხნის წინ, რომ 26 დეკემბრამდე, ანუ, დღევანდელ დღემდე, ეღიარებინა სახელმწიფოს თავისი შეცდომა. ეს იყო ჩემი მთავარი მოთხოვნა. ეს იყო მთელი პანკისის ხეობის მოთხოვნა. მაგრამ ეს საქმე მკვდრად დარჩა. დღევანდელ დღემდე ველოდებოდი, იქნებ რაღაცნაირად ბოდიში მოეხადათ, მაგრამ ამაოდ. ხელისუფლება დუმს. დღეიდან მე ვეცდები ეს საქმე მსოფლიოს ყველა კუთხეში გავიტანო და მივაღწიო ჩემს მიზანს. დღეს კი იურისტებმა გადაწყვიტეს, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მათთან ერთად ამას მოვითხოვ მეც. ჩვენ მივმართავთ გაერთიანებული ოპოზიციისა თუ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც. ჩვენ მათ ყველა ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ უნდა ავალაპარაკოთ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი მხეცები“.

2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესა და გამოძიების პროცესის გარშემო, მისი ოჯახი და უფლებადამცველები ზუსტად ერთი წელია აგროვებენ პასუხგაუცემელ კითხვებსა და ხარვეზებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს დავას. ერთ-ერთი ცენტრალური დავა უკავშირდება სწორედ 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს. ამ დავაში EMC რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს გამოყოფს:

  • სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურება;
  • მტკიცებულებების მოპოვების წესის დარღვევა, რამაც მათი სანდოობა სადაო გახადა;
  • საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომის არარსებობა;
  • კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურება.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაზე მუშაობა უკვე დაასრულა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ. სწორედ ამ დასკვნამ უნდა დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იარაღის გასროლის მომენტში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შინაარსს 26 დეკემბერს გაეცნენ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. თუმცა, დასკვნის დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც დასკვნა საბოლოოდ ჩაბარდება გამოძიებას.

რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ დასკვნას, თამთა მიქელაძის თქმით, მათი მიხედვით, სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილს საწოლში მძინარეს ესროლეს: „უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებიც და მოწმეთა ჩვენებებიც აჩვენებს, რომ თემირლანის ოთახში სპეცრაზმელების შეჭრისთანავე, მყისიერად გაისროლეს. ადგილზე ამოღებული ნივთები აჩვენებს, რომ თემირლანი იწვა, მას, სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა და ეძინა“.

თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ გასროლიდან სამი საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მშობლები თემირლანთან ახლოს არ მიუშვეს. მისი სიტყვებით, სწორედ ამ პერიოდში ჩაუდეს მის შვილს ხელყუმბარა და საბოლოოდ, გამოძიებამ განაცხადა, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) კვალი: "სამი საათის განმავლობაში სუს-ის მაღალჩინოსნების ხელში იყო თემირლანი. რასაც უნდა იმას გააკეთებდნენ. სანამ არ მოიტანეს ხელყუმბარა, მანამდე არ გადაიყვანეს საავადმყოფოში".

​თემირლან მაჩალიკშვილის ოჯახი და მათი უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე იქნა დაშვებული მნიშვნელოვანი კანონდარღვევები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, მტკიცებულებების სავარაუდო ფაბრიკაცია და განადგურება, რის გამოც საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარების რესურსი სუსტია. თამთა მიქელაძის თქმით, გამოძიება არც კი დაწყებულა სუს-ის იმ თანამდებობის პირების ქმედების შესასწავლად, ვინც სიცოცხლის უფლებების სტანდარტების საწინააღმდეგოდ დაგეგმა და ჩაატარა სპეცოპერაცია: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ საქმეში ძალის გამოყენება არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის სტანდარტს. უფრო მეტიც, ჩვენ ამ საქმეში სადავოდ ვხდით, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობას და კანონიერებას. წინა დღით, თემირლანი იყო სახლში, სოფელში, მამას ეხმარებოდა ჭალაში, ღამით მეჩეთში ილოცა და თუკი სუს-ს ჰქონდა მისი დაკავების რაიმე ინტერესი, მას ამის განხორციელება ყოველგვარი ძალის გამოყენებისა და სპეცოპერაციის გარეშე შეეძლო. სუს-მა, რომელიც ძალიან პრობლემური პოლიტიკური ინსტიტუციაა ჩვენს სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც აქვს უკიდურესად მაღალი პოლიტიკური ძალაუფლება და კომპეტენციები და რომელზეც სამთავრობო და საპარლამენტო კონტროლი არის უკიდურესად დაბალი და რეალურად, ეს არის ყველაზე დახურული და უკონტროლო სისტემა, სწორედ მათ, იმის გამო, რომ მოეხდინათ ძალის დემონსტრაცია, სპეცოპერაცია ჩაატარეს ბრუტალურად, სასტიკად და სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე. და ეს საქმე არის ძალიან მძიმე პანკისის ხეობისთვის და ის სიმპტომატურად აჩვენებს იმ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფო უწყებებს აქვთ რეგიონში“.

ეს მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დანაშაულის არაღიარების პრობლემაზე

​თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დღემდე არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი. ამ მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა, თუმცა, მან პროკურატურისგან უარი მიიღო. ამ საქმეზე, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ ამზადებს სარჩელს, რომელსაც უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენს: „ის, რომ დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ეს მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დანაშაულის არაღიარების პრობლემაზე“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთი წლის თავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ის მოუწოდებს პროკურატურას, მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე: „შარშან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების თაობაზე. რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე. საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი“.

2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

მაჩალიკაშვილები სუს-ს ამ განცხადების გამოც ედავებიან. მალხაზ მაჩალიკაშვილი და აიზა მარგოშვილი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხზე სასამართლოში დავობენ. ამ საქმეზე, 30 ოქტომბერს, მოსამართლემ მალხაზ მაჩალიკაშვილის ახსნა-განმარტება მოისმინა და მომდევნო სხდომა, სადაც სახელმწიფო ახლა უკვე უსაფრთხოების სამსახურის, ანუ მოპასუხის სიტყვას მოისმენს, 2019 წლის 15 იანვარს დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG