Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა აქუბარდია მყისიერ ამოცანებსა და დაყოვნებულ ნაბიჯებზე


უსაფრთხოების ექსპერტი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია ყველაზე მწვავედ აღიქვამს ინფორმაციის დეფიციტს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებით ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას ეხება: „მთავარი, რაც მე პირადად მაკლია და ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს, სწორედ ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც დადგა ამ პანდემიის გავრცელების გამო და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც საგანგებო მდგომარეობამ დააწესა. აქ არიან თვითდასაქმებულები, ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ პატარა ბიზნესი, მათ შორის - მაღაზიების მფლობელები და ა.შ.. ყველაზე მთავარი, რაც არის ამ შემთხვევაში პირველ რიგში გასაკეთებელი, კონკრეტული ეკონომიკური გეგმის წარმოდგენაა - მოკლევადიან კონტექსტში როგორ ხედავს მთავრობა, რომ დაეხმაროს ასეთ ადამიანებს“. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დღეს COVID-19-ის გავრცელების დინამიკის შენელება-შეჩერების დროის განსაზღვრა, თეონა აქუბარდია თვლის, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს სამი თვის შემდგომი სავარაუდო ამოცანების დაძლევის ხედვა და ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიდეს საზოგადოებას. რაც შეეხება მყისიერ საჭიროებებს: „ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მასობრივი ხასიათი არ მიიღოს გავრცელებამ, რაც მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლეები გადარჩეს, მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკურ ნაწილში ჯერჯერობით არაფერია და აქ მთავარია ის, რომ თვის ბოლოა და კომუნალური მომსახურება შეიძლება ბევრს შეუწყდეს. ამ პირობებში რამე გეგმა თუ აქვს მთავრობას?“. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ უსაფრთხოების ექსპერტი შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების რელიგიურ რიტუალებსა და ეკლესიებში ადამიანების შეკრებაზე გავრცელების საკითხს: „იურისტები ამბობენ დღეს, რომ გარკვეულწილად კანონშია ცვლილებები შესატანი იმისთვის, რომ მოხდეს ეს შეზღუდვა. არ ვიცი, ამას რამდენად შეძლებს ჩვენი მთავრობა, რადგან ვხედავთ, რომ ერთი მხრივ პრემიერის განცხადება იყო იმაზე, რომ ათ კაცზე მეტი არ უნდა შეკრებილიყო (აგერ გერმანიაში ამბობენ, რომ ორ კაცზე მეტის შეკრებაც არ არის მიზანშეწონილი), შემდეგ ვხედავთ საპატრიარქოში მის ვიზიტს და გარკვეულწილად განსხვავებულ ნარატივს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, როცა საგანგებო ცხადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს აქვს სურვილი, რომ დისტანციის დაცვა მოხდეს და გარკვეულწილად იყოს ზომები მიღებული, ბევრია დამოკიდებული მრევლზე. საკმაოდ რთულია დისტანციის დაცვა. მით უფრო, ყველაზე საშიში ახლა არის აღდგომის პერიოდი. მარნეულის შემთხვევაში გუშინ პრემიერმა ახსენა, რომ რელიგიური დღესასწაული იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ დღეს ეს [მუნიციპალიტეტი] კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. მესმის ერთი მხრივ პოზიცია საპატრიარქოსი, მეორე მხრივ, იმ ადამიანების, რომლებიც ღელავენ ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა ირანის სულიერი ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას, მსოფლიო პატრიარქიც და სხვა კონფესიების წარმომადგენლები ლიტურგიის შეჩერებაზე, რაღაც კონსენსუსი უნდა შედგეს და ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული“.

XS
SM
MD
LG