Accessibility links

თეონა აქუბარდია ნატოს ლონდონის სამიტსა და საქართველოს ამოცანებზე


თეონა აქუბარდია ნატოს ლონდონის სამიტსა და საქართველოს ამოცანებზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:31:36 0:00

„ალბათ, ძნელია შეეგუო იმ აზრს, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველო და უკრაინა არ იქნება ხაზგასმული, რადგან ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ ჩანაწერს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, როცა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მაგრამ ასეთი იყო ნატოს ლონდონის სამიტი - უფრო საიუბილეო და საიუბილეოზე უფრო მეტად სკანდალური იმ განცხადებების გამო, რაც წინ უძღოდა მას და რაც სამიტის დროს ითქვა“, - ყვება რადიო თავისუფლების ეთერში ლონდონიდან ჩართვისას კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ყურადღებას ამახვილებს თავად ალიანსის ფარგლებში არსებულ ზოგიერთ გამოწვევასა თუ აზრთა სხვაობაზე. ლონდონის სამიტის საიუბილეოობასა და უფრო მეტად ნატოს წევრ ქვეყნებზე ორიენტირებულობაზე ამახვილებს ყურადღებას თეონა აქუბარდია, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, როცა პასუხობს კითხვას - რატომ არ არიან ნახსენები სამიტის დეკლარაციაში საქართველო და უკრაინა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მნიშვნელოვნად თვლის სამიტის დეკლარაციაში რუსეთის საფრთხედ აღიარების გამეორებას და აგრეთვე იმას, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გრძელდება: „წინააღმდეგობების მიუხედავად, დასავლეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რასაც ქვია ჩვენი თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“. თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლების ეთერში ჩამოთვლის იმ ინსტრუმენტებსა და ფორმატებს, რომლებშიც ვითარდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა. „დილის საუბრების“ სტუმარი კრიტიკულად თვლის საქართველოს მიერ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ტესტის ჩაბარებას: „ნატოში არ არის მხოლოდ სამხედრო კომპონენტი. არჩევნების მშვიდობიანი და სამართლიანი ჩატარება არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ ეს ტესტი - სამართლიანი არჩევნების ჩატარება 2020-ში, რომ ეს პროგრესი დაფიქსირდეს. ნატო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს დემოკრატიულ რეფორმებს და არაერთგზის აღნიშნულა, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მნიშვნელობა“. თეონა აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდული ომის საფრთხის სერიოზულობაზე: „მთავარი აქცენტი, ვფიქრობ, საქართველომ უნდა გააკეთოს იმ გააქტიურებული ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე, რომელსაც რუსეთი ეწევა საქართველოში, იქნება ეს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, აგრეთვე პოლიტიკური ზეწოლა. სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ზეწოლა, იქნება ეს ჩვენი ექიმის უკანონო პატიმრობა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში და ის გახშირებული ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის ქმედებები. აქ იყო მსჯელობა რუსული კულტურის ცენტრზე - ეს არის ჩვეულებრივი ჯაშუშური ქსელი. ამასთან დაკავშირებით აშშ-ში და საფრანგეთში იყო მწვავე განცხადებები. შეგახსენებთ ასევე ჩვენი მოქალაქის მკვლელობას ბერლინში, რასთან დაკავშირებითაც გერმანიას ჰქონდა მკაფიო რეაქცია და მან მოითხოვა ორი რუსი დიპლომატის გაძევება. ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციაზეც დაისვა ამაზე შეკითხვა. მთავარი არის შევაფასოთ, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა, მეორე მხრივ, რას უპირისპირებს საქართველო და რა შეიძლება დამატებით მოითხოვოს დასავლეთისგან, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ამ კუთხით არის ხოლმე ხშირად კრიტიკა ხელიისუფლების, რომ ისინი არ აკეთებენ საკმარისს, რომ დაუპირისპირდეს საქართველო ჰიბრიდული ომის ტაქტიკას და ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ასევე მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოვიყენოთ დასავლეთისგან, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის ჰიბრიდულ ომს, რომელის ამ სამიტის კომუნიკეშიც არის აღნიშნული“.

XS
SM
MD
LG