Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე


კვირა, 16 სექტემბერი

დილის 9 საათზე ვიკრიბებით გოგის სახლთან და მისი მანქანით მივდივართ ბათუმში. სექტემბერი ამ ქალაქში მართლაც საუკეთესო დროა. თანაც ვიზიტის მიზეზიც გვაქვს - საღამოს ბათუმის მე-13 კინოფესტივალი იხსნება. კინოცენტრის ინიციატივით წელს პირველად იმუშავებს ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიც, სადაც გოგი გვახარიასა და ლელა ოჩიაურთან ერთად მომიწევს გამოვავლინოთ კრიტიკოსების ერთი რჩეული ფილმი. უკვე ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნება - ფაქტობრივად, საკონკურსო ფილმების უმეტესობა არ მინახავს, მაგრამ უკვე ორი ფავორიტი მყავს: წლევანდელი კანის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ალიჩე რორვახერის “ლაზარესავით ბედნიერი” და სერგეი ლოზნიცას “დონბასი”.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი კვირა საუკეთესო მოგონებებს დატოვებს - ზღვა, ლამაზი პატარა ქალაქი, საყვარელ ადამიანებთან ერთად კინოს ყურება და მერე თუნდაც მასზე კამათი დასვენების ყველაზე კარგი საშუალებაა.

თეო ხატიაშვილი - თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:15:38 0:00

ორშაბათი, 17 სექტემბერი

ბათუმში წვიმს. სხვა დროს, ალბათ, ვიდარდებდი, მაგრამ 12 საათიდან მაინც ფილმების სანახავად უნდა ვიჯდე და ზღვაზე გასვლის დრო არ მექნება.

ჩემი დღევანდელი კინოსეანსი მარკ კუზინსის დოკუმენტური ფილმით “ორსონ უელსის თვალებით” დაიწყო. ფილმს მეტად საინტერესო და ორიგინალური ფორმა აქვს. რეჟისორი ორსონ უელსს სწერს წერილს დღევანდელი ტექნოლოგიებისა და და მულტიმედიის ეპოქიდან, როდესაც სმარტფონებმა თითქმის ჩაანაცვლეს ტელევიზიაც, რადიოც და კინოთეატრებიც და როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ახალი მოქალაქე კეინები. რას იზამდა ცნობილი პროვოკატორი, რომელმაც რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად დაარწმუნა ათასობით მსმენელი მარსელების შემოსევაში? დღეს, როდესაც სულ უფრო ვირტუალური ხდება რეალობა და პოსტსიმართლის ეპოქაში აღარ არსებობს ერთი სიმართლე, რის პროვოცირებას მოახდენდა ის?

კანადელი სოციოლოგისა და ფილოსოფოსის მარშალ მაკლუენის თქმით, რადიომ წარმოშვა ჯაზის საუკუნე და ჰიტლერი, რომელმაც აკუსტიკური შეტყობინებების სივრცე მასების მანიპულაციისთვის გამოიყენა და შექმნა „ახალი ერთიანი კლანი“. სწორედ ჰიტლერისა და ტოტალიტარული რეჟიმების აღზევების პერიოდში აკეთებს უელსი რადიოდადგმებს იმაზე, თუ რა ადვილია მასების მანიპულაცია. “ქალაქის დაცემაში” თავისუფალი მოქალაქეები, ფაქტობრივად, თავისი ნებით ამბობენ უარს თავისუფლებაზე და ირჩევენ მბრძანებელს. “ადამიანები თვითონ იგონებენ თავიანთ მჩაგვრელს” - ასეთი სევდიანი და, ამავე დროს, ცინიკური დასასრული ჰქონდა რადიოდადგმას. ცოტა მოგვიანებით კი, სენატორ მაკარტის არჩევის მერე, უელსი ვრცელი საჯარო სიტყვით გამოდის და ამბობს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განათლება, რომ ფანატიზმსა და ისტერიულობას დავუპირისპირდეთო.

დილიდან - მას მერე, რაც ნომრიდან სასაუზმოდ გამოსულს და ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუფხიზლებელს საკმევლის სუნი მეცა, სასადილოში კი წმინდა გაბრიელის ფოტოს გარშემო ხატებით შემოჯარულ სახელდახელო საკურთხეველთან ანთებული სანთელი დამხვდა - ისედაც სულ ფანატიკურობასა და ბრმა მორჩილებაზე ვფიქრობდი, რომელიც გადამდებია და ეპიდემიასავით ვრცელდება. სასტუმრო ძველ ბათუმშია, სადაც, როგორც თითქმის ყველა ძველ ქალაქში, უფრო კარგად შეიგრძნობა ეთნიკურ-კულტურულ-რელიგიური სიჭრელე, რაც განსაკუთრებულ ხიბლსა და განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის. სასტუმროს რამდენიმე ნომრიდან, ალბათ, მეჩეთიც კარგად ჩანს, როგორც ჯიუტი შეხსენება ამ რელიგიური მრავალფეროვნებისა. თუმცა კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, როგორც ჩანს, იმის შეხსენება მაინც გვჭირდება, რომ სასტუმრო საჯარო სეკულარული სივრცეა.

სამშაბათი, 18 სექტემბერი

დღეს “თესლი-კინოს” დღე იყო, ოღონდ არ შეცდეთ - არა თანამედროვე ქართულში დამკვიდრებული სლენგის გაგებით, რომელიც “ძალიან კარგს”, “მაგარს” ნიშნავს, არამედ პირდაპირი - როგორც მარცვალი, რომელმაც ნაყოფი უნდა გამოიღოს, იმისთვის რომ სიცოცხლე გაგრძელდეს.

თესლის/მარცვლის მოვლა და გამრავლება არის თურქი რეჟისორის, სემი კაპლანოღლუს, “მარცვლისა” და კიმ კი დუკის “ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანის” საკვანძო თემა, რის გამოც მთავარი და დამხმარე პერსონაჟი ერთგვარად მესიანისტურ პასუხისმგებლობას კისრულობენ. თუმცა რეჟისორები სრულიად განსხვავებულ ჟანრულ გადაწყვეტასთან ერთად აბსოლუტურად განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობენ იმაზე, თუ რამდენად აქვს კაცობრიობას გადარჩენის შანსი. თუ კაპლანოღლუსთან ადამიანებს საფრთხის წინაშე კაპიტალისტური წარმოების ტოტალურობა და კონსუმერიზმი აყენებს, კიმ კი დუკთან აპოკალიფსის საფუძველი უფრო ბიბლიურია - ძალაუფლების ვნება და სისასტიკე, სიხარბე და ამორალურობა. ორივე ფილმში ჩნდება ბრძენი, კეთილი კაცი, ღმერთთან პირდაპირი ასოციაციებით, რომელიც მარცვალს ფლავს მიწაში და ელოლიავება, რათა მოსალოდნელი კატასტროფის შემდეგ სიცოცხლე გადაარჩინოს - კაპლანოღლუსთან ეს გენეტიკური ქაოსის თეორიის ავტორი მეცნიერია, რომელიც განმარტოებული მკვდარი მიწების გაცოცხლებას ცდილობს, კიმ კი დუკთან კი ეს გემზე მყოფი უცნაური და მისტიკური მოხუცია, რომელიც არ ლაპარაკობს, მხოლოდ იღიმის და შორიდან აკვირდება სასტიკ და უზნეო მგზავრებს.

კაპლანოღლუ თავისი ცნობილი ტრილოგიისგან - “კვერცხი”, “რძე”, “თაფლი” - სრულიად განსხვავებულ და მოულოდნელ სურათს გვთავაზობს. თუ ტრილოგიაში მოქმედება პროვინციის მონოტონურ, მშვიდ რიტმში მიმდინარეობს, ამჯერად ის დისტოპიას გვთავაზობს. ანონიმური ქალაქი თუ ქვეყანა გეომეტრიულ, უსულო მაკეტს წააგავს, სადაც მანქანების გარდა ქუჩაში ვერავის დაინახავ. ფილმში, რომელიც, რეჟისორის თქმით, ყურანის ერთი სურით არის შთაგონებული და ბიბლიურ ალუზიებსაც აღძრავს, ტარკოვსკის სულიც ტრიალებს, განსაკუთრებით პირველ ნაწილში, რომელიც ხან “სტალკერსა” და ხან “სოლარისს” გაგონებს. თუმცა ტარკოვსკის ანაბეჭდი არა იმდენად კონკრეტულ კადრებსა თუ ეპიზოდებში იგრძნობა, რამდენადაც ზოგად სულისკვეთებაში, რომელიც დატვირთულია რელიგიურ-ფილოსოფიური განსჯით, ბრტყელი სენტენციებითა და მოსაწყენად დაღეჭილი მინიშნებებით.

იმის მიუხედავად, რომ კიმ კი დუკთანაც უხვად შეხვდებით მაყურებლისთვის ამ დამარცვლით გაგზავნილ შეგონებებს, მისი ფილმი, ალბათ, ყველაზე პროვოკაციულია ამ ფესტივალზე - ის გროტესკული პასუხია რელიგიურ ზღაპრებზე, ცოდვების გამოსასყიდად დაბადებულ ყრმაზე რომ მოგვითხრობს - ჩვილზე, რომელსაც ეწირება ცოდვილი სამყარო, მაგრამ რომელიც უნდა გახდეს ამ სამყაროს გადარჩენის, გაკეთილშობილების პირობა. თავიდანვე ხვდები, რომ მისტიკური მოხუცი კეთილი მამა-ღმერთია, რომელიც სამოთხეს ამზადებს ზღვიდან აფრენილ გემზე, ანუ რელსებიდან ამოვარდნილ სამყაროში. მაყურებელი იმასაც ხვდება, რომ მთავარი მოქმედი გმირი გოგო, მისი ჯგუფური გაუპატიურების შედეგად, აუცილებლად დაორსულდება ისე, რომ არ გვეცოდინება ვინ არის მამა. რეჟისორი იმასაც გვიკარნახებს, რომ გემზე საჭმლის ამოწურვის გამო კანიბალებად ქცეული და საბოლოოდ სახედაკარგული ადამიანები ერთმანეთს დაჭამენ, თუმცა აუცილებლად გადარჩება გოგო და დაიბადება ბავშვი - ცხადია, ბიჭი. იმის მიუხედავად, რომ კიმ კი დუკი მთელი ფილმის განმავლობაში არ ზოგავს უტრირებულ ფერებს გროტესკული პერსონაჟებისა თუ სისასტიკის ჩვენებისას, რაც მიგანიშნებს, რომ რეჟისორი ბოროტ თამაშს გეთამაშება, სამყაროს გადარჩენის რელიგიური კოდები იმდენად ძლიერია ჩვენში, რომ მაინც ბედნიერი და გაღიმებული უყურებ ფილმის ბოლო ეპიზოდში ამწვანებულ, გადაყვავებულ, იდილიურ გემ-სამოთხეს, სადაც დედისა და ვაჟიშვილის სახით ახალი ადამი და ევა ცოცხლდება. თუმცა მხოლოდ ფინალში ხვდები, რომ კიმ კი დუკის დაგებულ მახეში მოხვდი, სინამდვილეში ისტორია სრულიად არაიდილიურად განვითარდება: ბიჭი განგსტერების დაჟანგებულ რევოლვერს აღმოაჩენს, დედის აკრძალვის მიუხედავად, მთელი ჟინით ისვრის და მისტიკური მოხუცის მიერ გამოზრდილ ქათამსაც კლავს; ცოტა ხანში ხელსაც ასეთივე ჟინით შეუცურებს დედას ფეხებქვეშ ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად. სავარაუდოდ, აყვავებული სამოთხე ისევ მკვლელობასა და ძალადობაზე დამყარებულ კოშმარად გადაიქცევა.

ორივე ფილმი, საბოლოოდ, სენტენციებით სავსე გროვას ემსგავსება, სადაც აღარ არის კინო.

ოთხშაბათი, 19 სექტემბერი

ბათუმში განსაკუთრებით შეიგრძნობა რუსული ტურიზმის ექსპანსია. რუსულ წარწერებს დამატებია ვიტრინებში გამოკრული განცხადებები: “გვესაჭიროება რუსულის მცოდნე კონსულტანტი”. სადაც შეხვალ, უცხოდ რაკი აღგიქვამენ, რუსულად მოგმართავენ. ერთი ეგ არის, რუსული სიმღერები აღარ ისმის ისე ჭარბად ყველა კაფესა თუ რესტორნიდან, როგორც ზაფხულში. მე ამას მხოლოდ კაპიტალიზმის კანონებს არ მივაწერ. ალბათ, არც მხოლოდ რუსეთისადმი “ჰეიტ-ლავის” პოსტკოლონიური სინდრომია დამნაშავე. ქართველების უდარდელობა და ზედაპირულობაც მგონია ამის მიზეზი, როცა გვეზარება პრობლემაში ჩაღრმავება, რამაც ცხოვრება შეიძლება უფრო გაგვირთულოს და რის გამოც შეუძლებელი მგონია საქართველოში ისეთი ფილმის გადაღება, როგორიც სერგეი ლოზნიცას “დონბასია”.

“პრაქტიკული გიდი ჯოჯოხეთში” - ეწერა ანოტაციაში ფილმისა, რომელიც, ისევე როგორც ამ რეჟისორის ყველა სხვა ფილმი, ამჯერადაც თავისუფალია ყოველგვარი პოლიტკორექტულობისგან. “ენთუზიაზმი: დონბასის სიმფონია” უწოდა თავის დროზე დიგა ვერტოვმა თავის ფილმს, რომელიც ახალი საბჭოთა ქვეყნის აღმშენებლობის პათოსით არის გაჟღენთილი. ლოზნიცას “დონბასი” კი ნამდვილად წააგავს ჯოჯოხეთის სიმფონიას, თუმცა აქაც აშენებენ “ახალ ქვეყანას”, უკრაინის ომის შედეგად წარმოშობილ “ნოვოროსიას”.

ფილმი ლოზნიცასთვის დამახასიათებელი “გაფანტული” დრამატურგიით იგება, როცა ცალკეული დიდი ეპიზოდები, როგორც შენაკადები, საბოლოოდ წარმოქმნის ერთიან მძლავრ და დამანგრეველი ზემოქმედების “სტიქიურ უბედურებას”. ფეიკი-ნიუსებით შექმნილი ვირტუალური რეალობა მკვეთრ კონტრასტშია მძიმე სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ გარემოსთან, სადაც ადამიანები არ ლაპარაკობენ, არამედ ყვირიან, სადაც დამცირებისა და ჩაქოლვის ვნება ამოძრავებს ყველას, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა.

ფიზიკურად შესაგრძნობი ატმოსფერო ლოზნიცას ძლიერი მხარეა, მით უმეტეს ფიზიკურ შეგრძნებებს იწვევს გასპარ ნოეს ახალი ფილმი - რუსულ გაქირავებაში და ფესტივალის პროგრამაშიც თარგმნეს როგორც „ექსტაზი“, თუმცა უფრო ზუსტი იქნება “კულმინაცია”, რომლის ყურებისას თავბრუსხვევის განცდა ვერ მოვიშორე. ამ რეჟისორისადმი არასდროს მამოძრავებდა დიდი ინტერესი, ამ საღამოსაც უფრო დროის გაყვანის მიზნით შევედი და გამიმართლა. ფილმი თანამედროვე ცეკვის ერთი დასის წევრების ინტერვიუებით იწყება. თავიდან სტანდარტულ საშუალო ხედსა და ფრონტალურ კადრში გამომწყვდეული ძალიან საინტერესო და განსხვავებული ტიპაჟების თვალიერებით ხარ დაკავებული და როცა უკვე მოწყენას იწყებ, იწყება საოცრება: წრეზე განლაგებული მოცეკვავეები სათითაოდ დგებიან შუაში და ყველა თავის განუმეორებელ ექსპრესიულ ნომერს ცეკვავს. ცეკვაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ექსტატიკური სარიტუალო როკვა უფროა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება ზემოდან გადაღებული რაკურსის წყალობით. თუმცა კულმინაცია კიდევ წინ არის, ფილმი თანამედროვე საზოგადოების - ევროპის? - კოლაფსს წარმოგიდგენს ერთ “ფართიზე” ნარკოტიკების შედეგად მოცეკვავეების კოშმარული “თრიფის” ჩვენებით.

მაშინ როცა თბილისში ნარკოტიკების ერთგვარი რომანტიზების ტენდენცია შეინიშნება, ახალგაზრდების საკულტო რეჟისორი სიცარიელესა და ნარკოტიკებისგან თავბრუსხვევის აპოკალიფსს გიჩვენებს.

ხუთშაბათი, 20 სექტემბერი

დღეს თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, ამიტომ სარფში წავედით. რბილი მზე, კამკამა და სასიამოვნოდ გრილი წყალი, ცოტა ხანში ზღვის შხეფების ხმას მუეძინის მოძახილი შეუერთდა და ეს ყველაფერი სავსებით საკმარისია, რომ ნირვანაში წახვიდე, ისე რომ დაგავიწყდეს ყველაფერი - არა მარტო პრობლემები, კინოც კი.

საღამოს ლარს ფონ ტრიერის მორიგი ცინიკური პომპეზურობის საყურებლად გაივსება, ალბათ, დარბაზი. ფილმი მანიაკ მკვლელსა და ჯოჯოხეთში მოგზაურობაზე ტრიერის საავტორო ხელწერით - “მე მძულს მთელი სამყარო, მაგრამ თქვენ მაინც უნდა გიყვარდეთ”. “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” კანში კონკურსგარეშე აჩვენეს და “გარდიანის” ერთმა ჩემმა საყვარელმა კრიტიკოსმა დაწერა: ისეთივე პათეტიკური, მოსაწყენი და გრძელია, როგორიც ბაიროითის საღამოებიო.

მე მეგობრებთან ერთად ცოტა ღვინოს მოვწრუპავ.

პარასკევი, 21 სექტემბერი

დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - დილით უკვე ტრადიციული ზღვა და შუადღის შემდეგ ორი საკონკურსო ფილმი: თურქული “მკვდარი ცხენის ნისლეული” და გერმანული “სტიქსი”. მართალია, ეს ფილმებიც მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მაგრამ ორივე რეჟისორი ახერხებდა მინიმალურ მოქმედებაში მინიმალისტური ხერხებით დაძაბულობა და მოლოდინი შეექმნა, მით უმეტეს, რომ “სტიქსი” ისეთ აქტუალურ თემას ეხებოდა, როგორიც აფრიკიდან არალეგალურად შემოსულ ლტოლვილთა ნაკადი და ევროპის სახელმწიფო სტრუქტურების მათ მიმართ დამოკიდებულებაა.

შაბათი, 22 სექტემბერი

ლანჩზე ლუკა ჩიქოვანი გავიცანი, რომელიც დღევანდელ საკონკურსო ფილმში “ლაზარესავით ბედნიერი” ახალგაზრდა ტანკრედის როლს თამაშობს. ლუკა იტალიაში ცხოვრობს და წარმატებული მომღერალია. ამასთანავე, კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანიც აღმოჩნდა. საღამოს ის წარადგენს ალიჩე რორვახერის ფილმს.

ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორი ტოსკანაში დაიბადა და გაიზარდა და, როგორც წესი, მისი ფილმების მოქმედებაც სწორედ სოფლის მშვიდ და ტექნოლოგიებით დაუჩქარებელ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა არ კონკრეტდება არც ადგილი და არც დრო, ძნელია ზუსტად თქვა - თანამედროვე იტალიაა თუ რამდენიმე ათეული წლით უკან გვაბრუნებს რეჟისორი. როგორც წესი, პერიფერიას ეკრანზე ცენტრიდან ვხედავთ, რორვახერი კი პერიფერიიდან დანახულ სამყაროს გადაგიშლის. “ლაზარეს” პირველი ნაწილი აგრარულ, წარსულში გაჩერებულ იტალიაში ვითარდება, მიამიტი და გულწრფელი ლაზარეს “აღდგინების” შემდეგ კი თანამედროვე საწარმოო მეგაპოლისში გადმოვდივართ. რორვახერი არც წარსულის ნოსტალგიით არის შეპყრობილი და არც მოდერნულობის შიში აქვს. ის უბრალოდ გაჩვენებს, როგორ ებრძვის და ცდილობს ყველაზე წრფელისა და ადამიანურის განადგურებას ორივე სისტემა - ფეოდალური თუ კაპიტალისტური. ამიტომაც აინტერესებს რეჟისორს პერიფერიული, რომელსაც განსხვავებული რიტმი აქვს და ინარჩუნებს იმ რაღაცას, მთავარს. ამიტომაც არის მისი კინო ასე უცნაური - ერთგვარი ნაზავი მითის, ზღაპრულისა და რეალურის, მისი გმირები კი - უცხოები, როგორც ერთ ინტერვიუში ამბობს, “ჩვენს ტექნოლოგიურ ქვის ხანაში”.

ფილმში იტალიური კინოკლასიკის - განსაკუთრებით კი, ოლმისა და ძმები ტავიანების - სურნელი დაგყვება, თანაც რეჟისორი თავმომწონედ კი არ გეკეკლუცება პირდაპირი ციტატებით, არამედ მსუბუქი გაელვებებით ისინი რორვახერის მაგიურ სამყაროს კიდევ მეტ მომხიბვლელობას ანიჭებენ.

წლევანდელ ფესტივალზე ერთი ქართული ფილმი იყო - თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, რითიც დასრულდა საკონკურსო პროგრამა. ოჯახური დრამა დამთავრებულ სიყვარულზე, რომელიც სამსახიობო ტანდემზე დგას გიორგი ბოჭორიშვილისა და ია სუხიტაშვილის შესრულებით.

ხვალ უკვე ფესტივალიც დაიხურება.

კაფე „გარდენსში“ მეგობრები მელოდებიან. გავიქეცი.

თეო ხატიაშვილის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:15:44 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG