Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითდასაქმებული: „თუ მთავრობას ხალხი არ სჭირდება, მთავრობა ჩვენც აღარ დაგვჭირდება“


კახეთი
კახეთი

ნუნუ ცხადაძე და მისი მეუღლე 21 მარტიდან - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - უმუშევრები არიან, მანამდე კი ორივეს ყოველდღიური შემოსავალი 60 ლარამდე იყო. ისინი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე სეზონურად მუშაობდნენ, თუმცა არა რომელიმე კომპანიაში, არამედ კერძო პირებთან.

ადრე გაზაფხულზე, ვიდრე შეზღუდვები დაწესდებოდა, ვენახი გასხლეს, და ვაზი დააკავეს.ახლა, წესით, მარწყვსა და კიტრს უნდა კრეფდნენ, მაგრამ, პროდუქტის რეალიზაციის პრობლემისა და ავტომობილით გადაადგილების დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, უმუშევრები არიან. ნუნუ ცხადაძე და მისი მეუღლე ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, თუმცა კერძო დამსაქმებელი მათ ყვარლის სოფლებში ამუშავებდა.

„სახლში დარჩით, სახლში დარჩითო... ჩვენც დავრჩით, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ახლა მარწყვის კრეფაზე უნდა გვემუშავა, მაგრამ მეურნეობის მეპატრონემ დაგვირეკა და გვითხრა, მოსავალს ვერ ვყიდი და ვერც გამუშავებთ და ვერც თანხას გადაგიხდითო“, - განაცხადა თვითდასაქმებულმა ნუნუ ცხადაძემ.

ცხადაძე ამბობს, რომ, როგორც კორონავირუსის პანდემიის დროს ერთ-ერთ დაზარალებულს, იმედი ჰქონდა სახელმწიფო დაეხმარებოდა, მაგრამ ეს იმედი მას შემდეგ გაუცრუვდა, როცა გაიგო, რომ 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის თვითდასაქმებულები, ვინც იურიდიული პირისმიერ გაცემულ ცნობას წარადგენს. ნუნუ ცხადაძის თქმით, ის ძირითადად გლეხებთან მუშაობდა,რომლებიც ვერანაირ ცნობას ვერ გასცემენ იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა მას მუშახელი დაქირავებული. ცხადაძე ხელფასს ნაღდი ანგარიშსწორებით იღებდა.

„გლეხების ვენახებში ვმუშაობდით, ეს ხომ არ იყო მთავრობის ვენახი? შესაბამისად, მე ვინ მომცემს ცნობას, რომ დასაქმებული ვიყავი? წელს სულ რამდენიმე დღე ვიმუშავეთ და 100 ლარი ავიღეთ. ეს თანხა მეყოფა მთელი წელი ან ორი თვე? ეს თანხა წამალში არ მყოფნის ორი დღეც კი. ამბობენ, საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან ფინანსური დახმარება მიიღოო, და მთავრობას თუ იმდენი არ აქვს, რომ საკუთარ მოქალაქეებს დაეხმაროს, რა გამოდის? ესენი, ალბათ, ისე მოიქცევიან, რაც 2012 წელს გააკეთეს სტიქიის დროს. ზოგი ააყვავეს, ზოგს კი არაფერი მისცეს. თუკი მთავრობას ხალხი არ სჭირდება, ჩვენც არაფერში აღარ დაგვჭირდება ეს მთავრობა“.

მარწყვის სათბური კახეთში
მარწყვის სათბური კახეთში

ჩვენი კიდევ ერთი რეპონდენტი ცისანა ბაზღაძეა. მას საკუთარ სახლში სასტუმრო ოთახები აქვს მოწყობილი, თუმცა მისი საქმიანობა არ არის დარეგისტრირებული როგორც ბიზნესი. ამბობს, რომ სხვებთან ერთად ისიც დაზარალდა, ვერ იღებს სტუმრებს და სხვა სამსახურიც არ აქვს, თუმცა დოკუმენტებით ვერ მოახერხებს იმის დამტკიცებას, რომ თვითდასაქმებული იყო.

„მხოლოდ ადგილობრივ მერიაში ვართ დაფიქსირებული როგორც სასტუმრო სახლი, მაგრამ ჩვენ ხელზე არანაირი საბუთი არ გავაჩნია. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა, ერთი დღეც არ გვიმუშავია. დავრჩით შემოსავალი წყაროს გარეშე. თქვეს, დახმარებას გავცემთო. მე მაქვს იმედი, მაგრამ არ ვიცი როგორ დავამტკიცო ის, რომ ვარ თვითდასაქმებული. საშემოსავლო არ გადამიხდია. ჩემი აზრით, დახმარების მიმღებთა სიაში უნდა ვიყო, თუმცა მივიღებ თუ არა დახმარებას, ეს არ ვიცი“.

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ სახელმწიფო თვითდასაქმებულებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უმუშევრები დარჩნენ, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებოდა, თუმცა 27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ თქვა, რომ დახმარებას ვერ მიიღებენ ის თვითდასაქმებულები, რომლებიც დამსაქმებლისგან დასაქმების დადასტურებას ვერ შეძლებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG