Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელობა თუ... რა ვიცით გალში მომხდარის შესახებ


ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ბიცოლას, ლია ქებურიას არ სჯერა ვერსიის, რომ ირაკლი თავს მოიკლავდა.

გადმოწერა

„არ მჯერა, რომ თავს მოიკლავდა, მაგრამ ვერც დაზუსტებით გეტყვით ვერაფერს“, - ამბობს ის.

14 მარტს ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი დაასვენეს სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ.

მანამდე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თბილისში „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“.

ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო პასუხი მეტად მოჰფენს ნათელს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებს.

ირაკლი კვარაცხელიას გვამის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით კი, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა, მას „ყელის მიდამოში აღენიშნება სტრანგულაციური [ჩამოხრჩობისას მარყუჟის ზეწოლით გამოწვეული] ღარი, ასევე რამდენიმე სისხლნაჟღენთი, კიდევ სხვა, შეიძლება ძველი დროის, დაზიანებები. ყოველ შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი. აღებულია დამატებით ქსოვილოვანი მასალა კვლევებისთვის და შემდგომში უკვე „ემპათია“ ვარაუდობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების მონაწილეობით, რაც, ვფიქრობთ, მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე“. ექსპერტიზისთვის მასალა აღებულია ყველა შესაძლო დაზიანებული უბნიდან და ასევე ორგანოებიდან.

ცენტრ „ემპათიის“ ადვოკატი ჩართულია გამოძიების პროცესში და ის დაიცავს ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს.

მიუხედავად აფხაზური მხარის მტკიცებისა, რომ ცხედრის გადაცემისასევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვაც გადასცეს, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის არ ფლობს სოხუმის ექსპერტიზის დასკვნას და სხვა რაიმე სახის დოკუმენტაციას.

„ემპათიის“ ხელმძღვანელი თვლის, რომ როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, „ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებით, პრაქტიკულად ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის მხარე, კერძოდ, მათი სამხედრო ნაწილი, სადაც მოხდა ეს ფაქტი, რაც, როგორც მინიმუმ, არაადამიანური, არასათანადო მოპყრობის დასტური შესაძლოა იყოს, ვინაიდან ყველა საერთაშორისო სტანდარტით, პასუხისმგებელი თავისუფლებააღკვეთილ ადამიანზე არის ის ე.წ. დაწესებულება, სადაც ეს ფაქტი ხდება. ასე რომ, ეს იყო სუიციდი, თუ რაიმე სხვა, ამას, რა თქმა უნდა, წინასწარ უძღოდა რაღაც გარემოებები, რამაც ეს ადამიანი მიიყვანა სუიციდის ფაქტამდე, თუკი ეს იყო სუიციდი“.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილებდა ასევეცენტრ „ალტერნატივის“ დამოუკიდებელი ექსპერტი.

„ალტერნატივის“ ექსპერტის ირაკლი თოიძის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას ყელზე არსებული დაზიანებები უმნიშვნელო ნაჭდევებია და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.

„შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი“ - განაცხადა თოიძემ.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემამდე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებულმა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო ნაბაკევში არსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საგუშაგოს შენობაში. მისი გარდაცვალება დაადგინეს ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმებმა და დასკვნაში ისიც დაწერეს, რომ გარდაცვლილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არსებობს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ამსახველი ვიდეოც. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მისი ქართული მხარისთვის გადმოცემას ითხოვსსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. რადიო თავისუფლების სოხუმელმა კორესპონდენტებმა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღეს პასუხი ამგვარი ვიდეოს არსებობა-არარსებობის შესახებ.

რა ემუქრებოდა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიას

დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, თუ "საზღვრის უკანონო დამრღვევის" მიმართ არ აქვთ პრეტენზიები და ის "უკანონო კვეთისთვის" პირველად დააკავეს, როგორც წესი, ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ მის დეპორტაციას ახდენენ. დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად. "საზღვრის უკანონო კვეთა" ისჯება 30 დან 60 ათასამდე (1200-2400 ლარამდე) რუბლის ოდენობის ჯარიმით, ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევში კი, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუმცა, გავრცელებული პრაქტიკა მოწმობს, რომ მსგავს დანაშაულზე უფრო ხშირად პირობითი სასჯელი გამოიყენება.

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები გამორიცხავენ, რომ სასჯელის შიშით შეიძლებოდა მას თვითმკვლელობა ჩაედინა.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება პოლიტიკური პროცესის ნაწილი

„რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე და არა მარტო იმიტომ, რომ ახორციელებს იქ სამხედრო კონტროლს, არამედ მათ ბაზაზე მოხდა ეს ამბავი, ე.წ. საკანში. როდესაც პატიმრობაში მყოფი ადამიანი, თუნდაც, თავს იკლავს, ამაზე პასუხს აგებს ციხის ადმინისტრაცია. ეს ასეა საერთაშორისო სტანდარტებით და ალბათ, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან“, - ამბობს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

„ხშირად მესამე ძალები დაინტერესებული არიან, რომ კონფლიქტი არ მოგვარდეს, არ დარეგულირდეს. ყოველთვის ცდილობენ რაღაც მოაწყონ: ტერაქტი, ჩავარდნა, გაუჩინარება, საშინელი განცახდება. ანუ გააკეთონ ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ვითარებაზე. ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აქვს აშკარად პოლიტიკური ხასიათი. რომც დადგინდეს, რომ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია, ეს სიკვდილი მოუგვარებელი კონფლიქტის ნაწილია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს ფაქტი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გაცილებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგემლი მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ექსპერტიზის პასუხების შედეგების გაცნობამდე, უწყებამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ყველა საერთაშორისო აქტორს.

„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის თანათავმჯდომარეებს. ჩვენი ყველა საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და ამყარებს აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა“.

ირაკლი კვარაცხელიას კვირას, 17 მარტს დაკრძალავენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG