Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციამდე


ვლადიმირ პუტინის დიდი პრესკონფერენცია. 2020 წლის 17 დეკემბერი. საილუსტრაციო ფოტო
ვლადიმირ პუტინის დიდი პრესკონფერენცია. 2020 წლის 17 დეკემბერი. საილუსტრაციო ფოტო

პრესკონფერენცია და „პირდაპირი ხაზი“ პუტინთან 14 დეკემბერს მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები პრეზიდენტს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიერ სატელეფონო და ინტერნეტის საშუალებით დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ 3-საათიან საეთერო დროს გამოუყოფენ.

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი 13 დეკემბერს მთლიანად წლის შემაჯამებელი დიდი პრესკონფერენციისათვის მზადებით იყო დაკავებული.

რუსეთის სინამდვილეში ეს ღონისძიება თავისებური სანახაობაა, რომელსაც პუტინი და რუსეთის პრეზიდენტის იმიჯით დაკავებული კრემლის მოხელეები 2001 წლის შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად სთავაზობენ მოსახლეობას. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან, როგორც უკვე ცნობილია, ვლადიმირ პუტინი 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას და, დიდი ალბათობით, გამარჯვებასაც მიაღწევს.

ყოველწლიური პრესკონფერენციების ისტორიაში მხოლოდ ორი გამონაკლისი იყო - 2005 და შარშანდელი, 2022 წელი. 2005-ში მან მხოლოდ მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა, "პირდაპირი ხაზით";

2022-ში კი, როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ წერდა, კრემლმა უარი თქვა პუტინის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვაზე „პოზიტიური დღის წესრიგის“ არარსებობის გამო. გამოცემა РБК-მ კი პუტინის ტრადიციული პრესკონფერენციის გადადების მიზეზად მაშინ „უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკა“ დაასახელა.

შესაბამისად, საინტერესოა, თუ რას იტყვის 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული დამანგრეველი ომის თაობაზე, რომელშიც, დასავლეთის ინსტიტუტებისა და მედიის შეფასებით, რუსეთმა არასრული ორი წლის განმავლობაში, დახოცილებისა და დაჭრილების სახით, 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა? რას ეტყვის იგი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც მძიმე ტვირთად აწვებათ ომით გამოწვეული საერთაშორისო იზოლაცია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მზარდი ინფლაცია და უპერსპექტივობა, რის გადაფარვასაც კრემლი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი რეპრესიებით ცდილობს?

ძალაუფლებაში დარჩენა - "სხვა ალტერნატივა არ არსებობს"

არავის გაჰკვირვებია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს 2024 წლის 15-17 მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც მან 8 დეკემბერს კრემლში „რუსეთის გმირებთან“ შეხვედრაზე დაადასტურა.

არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობის თაობაზე 8 დეკემბრის განცხადებაში პუტინის მხრიდან უჩვეულოდ ჩანდა მისი თავშეკავებული მანერა. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს სწორედ ასეთი შთაბეჭდილების მოსახდენად გაკეთდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის თანხმობა იყო სპონტანური, რაშიც ბევრ დამკვირვებელს ეპარება ეჭვი.

ეს ეჭვი პუტინის დამსახურებაა. მისი სიტყვებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეს ფიქრობდა იმაზე, ღირდა თუ არა ახალი ვადისთვის ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მისულა: „მივხვდი, რომ სხვა გზა არ არსებობს“.

სხვათა შორის, ხელისუფლებაში ყოფნის გასამართლებლად ეს არგუმენტი პუტინმა მანამდეც გამოიყენა.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 14 დეკემბრის შოუს განმავლობაში პუტინს ამ გადაწყვეტილების შესახებაც შეეკითხებიან და ისიც, ცხადია, დეტალურად ისაუბრებს (რაც სიმართლე ან იქნება, ან არა) იმის შესახებ, თუ რატომ ამტკიცებს, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

რუსეთში უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებშიც შეიძლება ჩატარდეს. ამ ფონზე, ევროკავშირში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პუტინის მონაწილეობით საპრეზიდენტო არჩევნები რეალური საფრთხეა ევროპისთვის.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საფრთხე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის თეორიული საფრთხე. ეს რეალური საფრთხეა. და ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ევროპული სუვერენიტეტი. მეტი ინსტრუმენტი უნდა შევიმუშაოთ. უნდა ვიმუშაოთ გავლენის გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენ უნდა შევქმნათ ალიანსები. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ დანარჩენ სამყაროსთან. უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ყალბ ამბებს და რუსულ ნარატივებს, რადგან ვიცით, რომ რუსეთის მიზანია ჩვენი დემოკრატიული მოდელების დესტაბილიზაცია. რატომ? იმიტომ, რომ ამ რეჟიმში რუსეთს ეშინია დემოკრატიული პრინციპების“, - განაცხადა 12 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

2020 წლის 11 მარტს რუსეთმა პირველი კოსმონავტი ქალის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში (ე.წ. პრეზიდენტობის ვადის განულების შესახებ), რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინს შეუძლია პრეზიდენტის არჩევნებში კენჭი იყაროს როგორც 2024, ასევე 2030 წელსაც.

ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ფონი, როგორც წესი, არის ომები და ე.წ. სპეცოპერაციები - ჩეჩნეთის მეორე ომი, საქართველოსთან ომი, ყირიმის ანექსია, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

რისთვისაა ომი საჭირო?

შესაბამისად, პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ნახსენები იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდესი ომიც, რომელიც მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა 2022 წლის თებერვალში გააჩაღა.
მაგრამ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინი რაიმე განსხვავებულს იტყვის.
კრემლი უკრაინაში შეჭრას წარმოადგენს როგორც სხვადასხვა საფრთხის - ნეონაცისტებით დაწყებული და ნატოს გაფართოებით დამთავრებული - წინააღმდეგ მიმართულ კეთილშობილურ ბრძოლას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას და იმ მიწების შემოერთებას, რომელსაც პუტინი რუსეთის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს.

კრემლი თავისი აგრესიის გასამართლებლად სხვადასხვა საბაბს იშველიებს, რომელთაგან მრავალი უსაფუძვლოა და ნდობას არ იმსახურებს.

ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ პუტინი გაორმაგებულ ძალისხმევას მოახმარს იმას, რომ კიდევ ერთხელ გაამართლოს თავისი წამოწყებული საქმე.

ამ მხრივ, საგულისხმოა წინა კვირაში საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ გაკეთებული განცხადების ფონი: პუტინმა უმაღლესი ჯილდოები გადასცა „დონბასის ომის გმირებს“. ეს უკრაინის ის რეგიონია, სადაც მოსკოვმა 2014 წლის გაზაფხულზე პირველად გააჩაღა ომი და, რომელიც, პუტინის მტკიცებით, რუსეთის ნაწილია.

ხოლო ის ადამიანი, ვინც პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებისკენ „უბიძგა“, არის ცნობილი პრორუსი ჯარისკაცი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ საომარ მოქმედებებში.

ასევე არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პუტინი რაიმეს კონკრეტულად იტყვის რუსეთის არმიის დანაკარგებზე, რომელიც რამდენჯერმე აღემატება ავღანეთში მიმდინარე 10-წლიან (1979-1989 წლების) ომში საბჭოთა არმიის მიერ განცდილ დანაკარგებს.


აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში, დახოცილების და დაჭრილების სახით, სულ მცირე, 315 000 ადამიანი დაკარგა.

ხოლო მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც რუსეთის დაჯგუფებამ უპირატესად დონბასში მდებარე ფრონტის ხაზის გასწვრივ წამოიწყო კონტრშეტევითი ოპერაცია, რუსეთმა დახოცილების და დაჭრილების სახით 13 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

არც იმის მოსმენის იმედი უნდა გვქონდეს, თუ როგორ მონდომებით ცდილობენ რუსი მეთაურები ჯარის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის შენარჩუნებას. 2022 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 300 000 მამაკაცის მობილიზებამ ნამდვილი განგაში გამოიწვია რუსეთის საზოგადოებაში და მილიონობით ადამიანის, მათ შორის შრომისუნარიანი მამაკაცის ქვეყნიდან გაქცევა განაპირობა.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ომში განცდილი დიდი დანაკარგისა და ქვედანაყოფების შესაძლო როტაციისა თუ ახალი ძალებით მათი გაძლიერების აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რუსეთში მორიგი მობილიზაციის ჩატარება გახდეს საჭირო.

მაგრამ მომავალ არჩევნებამდე, დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება.

საერთოდ მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.

კვერცხი და ინფლაცია

ბოლო ათწლეულში ბუნებრივ აირსა და ნავთობზე მომუშავე რუსეთის ეკონომიკის განვითარების ტემპები რამდენადმე შემცირდა.

ზოგიერთი ეკონომისტი საერთოდაც მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ 2014 წლის ყირიმის ანექსიის, შემდეგ კი 2022 წლის თებერვალში კრემლის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა რუსული რუბლის დევალვაცია და საიმპორტო საქონელზე ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია.

ასეთი განვითარების შედეგად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის საშუალო კლასი, რომელიც მიჩვეული იყო იაფ სამომხმარებლო თუ სამოგზაურო კრედიტებს, განვადებასა და იპოთეკას. ისინი ხედავდნენ, როგორ უსხლტებოდათ ხელიდან მთელი ეს სიკეთეები.

ელვისებურად იზრდება ინფლაციაც. მიმდინარე წლის ნოემბერში რუბლის დევალვაციამ რუსეთში შეადგინა 7.5%. მოელიან, რომ პუტინის პრესკონფერენციის შემდეგ ცენტრალური ბანკი გამართავს სხდომას, რომელზეც განაკვეთის გაზრდის შესახებ გახდება ცნობილი.

მაგრამ დღესდღეობით რუსეთის ეკონომიკა გაჭირვებით ცდილობს დააღწიოს თავი გამოწვევებს და შეინარჩუნოს ზრდა, რაზეც ამ თვის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმაც გაამახვილა ყურადღება, როდესაც ამ წელს, სულ მცირე, 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იწინასწარმეტყველა.
ამ ზრდას ხელს უწყობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასაფინანსებლად გამოყოფილი უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯები. გასულ თვეში პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო ხარჯების სამწლიან გეგმას, რომლის თანახმადაც, ზოგადად ხარჯები იზრდება 25%-ით, ამასთან, თავდაცვაზე გამოიყოფა რეკორდული თანხა - მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 6 პროცენტი.

14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ბევრი ლაპარაკი იქნება რუსეთის სამრეწველო პოტენციალზეც და იმაზე, თუ როგორ აწარმოებს იგი დიდი რაოდენობის შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას

მოისმენთ იმასაც, რომ ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში შრომის ანაზღაურება: 13.2%-ით მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით. გაკეთდება განცხადებაც იმის შესახებ, თუ როგორ განიცდის რუსეთის ეკონომიკა ტრანსფორმირებას დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად. და ამ განცხადების დასადასტურებლად ნახსენები იქნება გასულ თვეში მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში გახსნილი დიდი გამოფენა.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, სავარაუდოდ, ნაკლებად სასიხარულო ამბავიც გაიჟღერებს. კერძოდ ის, თუ როგორ აისახება ინფლაცია და ეკონომიკური სტაგნაცია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

ავიღოთ, მაგალითად, კვერცხი. სახელმწიფო სააგენტო „როსსტატის“ თანახმად, ფრინველის კვერცხის ფასი მიმდინარე წელს საშუალოდ 25%-ით გაიზარდა. რუსეთის ზოგიერთ რეგიონში კი კვერცხის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც რეგიონებში პროდუქტების მაღაზიის წინ წარმოქმნა დიდი რიგები. ხოლო მოსკოვში კვერცხის ცალობით გაყიდვა დაიწყეს. რუსეთის პროკურატურა აცხადებს, რომ სწავლობს ამ აჟიოტაჟის გამომწვევ მიზეზებს.

რუსეთში ბანანის მხრივაც გაჭირვებაა.

ეკონომისტების შეფასებით, რუსეთში კვერცხზე ფასების ზრდა სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან ერთ-ერთია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა სიმცირე: შრომითი მიგრანტები ტოვებენ ქვეყანას, ადგილობრივების ნაწილს ან მობილიზება შეეხო, ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ცდილობს მოწყობას.

ცხადია, კვერცხზე ფასების ზრდა ძირს ვერ გამოუთხრის რუსეთის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კამპანიას, მაგრამ ეს ამბავი მოსახლეობის პოტენციური უკმაყოფილების მიზეზს ნამდვილად წარმოადგენს.

  • ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციას მართავს 1999 წლიდან, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ. 2000-იან წლებში ის ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად: 2000 და 2004 წლებში, როცა საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლით განისაზღვრებოდა.

  • 2008 წელს პუტინმა და მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა დმიტრი მედვედევმა თანამდებობები გაცვალეს - პრეზიდენტი გახდა დმიტრი მედვედევი, ხოლო პუტინმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

  • 2012 წელს პუტინი მესამე ვადით აირჩიეს. ამასთან, იმავე წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტობის ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაზარდა.

  • 2018 წელს პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG