Accessibility links

თინა ხიდაშელი: ზურაბიშვილის გაყვანას პირველ ტურში პოსტრევოლუციური მღელვარება მოჰყვება


ჰაველის ბიბლიოთეკაში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში, მწვავე დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს თინა ხიდაშელი. ამის თაობაზე საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 22 ოქტომბერს განაცხადა პრაღაში, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკაში პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ორგანიზებით გამართულ სემინარზე.

Direct link

არსებობს მოვლენების ბუნებრივი განვითარება, რასაც ვერც ბიძინა ივანიშვილი შეაჩერებს და ვერც ვერავინ დედამიწის ზურგზე. სააკაშვილმა ვერ შეძლო ეს და, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ეს რესურსი არ აქვს...
თინა ხიდაშელი

დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში, მწვავე დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ქსენოფობიური და ანტილიბერალური განწყობების ზრდა და კორუფცია მაღალ ეშელონებში, რის გამოც საქართველო ნელ-ნელა კარგავს იმედისმომცემი ქვეყნის იმიჯს. სემინარის შემდეგ რადიო თავისუფლება შეეკითხა თინა ხიდაშელს, თუ რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება, დაძაბული წინასაარჩევნო ფონის გათვალისწინებით.

„აბსოლუტურად გამორიცხულია პოსტსსაარჩევნო მღელვარება, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, თუ იქნება მეორე ტური. მაგრამ თუ ხელისუფლება პირველ ტურში გეგმავს ზურაბიშვილის გაყვანას ქვეყნის პრეზიდენტად (დიახ, გაყვანას, რადგან პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს ამის არანაირი შანსი არ აქვს), - ეს ნიშნავს,რომ 2019 წელს გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ მას ცუდად ენიშნა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოხატული ღია მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისადმი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველსავე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას ხმათა 53 %-ით.

„თუ პირველ ტურში დაგეგმავს ხელისუფლება ზურაბიშვილის გაყვანას, ეს არის გარდაუვალი რევოლუციური წასვლა (პოლიტიკური სცენიდან) “ქართული ოცნებისთვის“. ეს, ახლა, 30 ოქტომბერს დაიწყება, თუ 12 მარტს, ამას დღეს ვერავინ იტყვის, მაგრამ მე, როგორც ერთი ადამიანი, ასე ვფიქრობ. არსებობს მოვლენების ბუნებრივი განვითარება, რასაც ვერც ბიძინა ივანიშვილი შეაჩერებს და ვერც ვერავინ დედამიწის ზურგზე. სააკაშვილმა ვერ შეძლო ეს და, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ეს რესურსი არ აქვს“, - დარწმუნებულია ხიდაშელი.

ერთადერთი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში, ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიში და გრიგოლ ვაშაძის მესიჯი, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთებს, არის სააკაშვილის შეწყალება...
თინა ხიდაშელი

მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის კონფრონტაციულ მოწოდებებსაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უწოდა სალომე ზურაბიშვილის „ყველაზე უფრო წარმატებული პიარკამპანია“.

“ერთადერთი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში, ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიში და გრიგოლ ვაშაძის მესიჯი, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთებს, არის სააკაშვილის შეწყალება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა უჩნდება. ეს იყო ყველაზე უფრო წარმატებული პიარკამპანია, რაც კი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო სალომე ზურაბიშვილისათვის გაეკეთებინა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა პრაღაში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG