ეს კაცი, გიორგი ბახუაშვილი, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი და შემდგომ დაცვის უფროსი, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილეა და ის არ არის ერთადერთი ივანიშვილის დაცვის წევრებიდან, ვინც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ძალოვან სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
მინისტრის მეექვსე მოადგილე
2026 წლის 10 ივნისს, შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი - წლების განმავლობაში მილიარდერი ექსპრემიერისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი.
შსს-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გიორგი ბახუაშვილს 2013 წელს დამთავრებული აქვს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფაკულტეტი - „მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის“ პროფესიული კვალიფიკაციით. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ბიზნესის წამოწყებისა და მართვის ცოდნა.
ხოლო ათი წლის შემდეგ, 2024 წელს, ის საქართველოს სპორტის უნივერსიტეტს ამთავრებს - მწვრთნელთა ფაკულტეტს, ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.
სამინისტრომ ბახუაშვილი წარადგინა, როგორც შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრი.
ბახუაშვილის შესახებ შსს-ს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ცნობები ცხადყოფს, რომ პოსტზე დანიშვნამდე, მან შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავება მოასწრო - ამ თანამდებობაზე ის 2026 წელს დაინიშნა.
ამავე წელს, რამდენიმე თვით ადრე, ის გენინსპექციის დირექტორის მოადგილე იყო.
2023-2026 წლებში ბახუაშვილი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსია.
დროის ამ შუალედში ის ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებსაც იცავს - ჩვენ ის სამჯერ გვყავს გადაღებული 2024 და 2025 წლებში არჩევნებზე, სადაც ის ივანიშვილს ახლავს საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ ბოლო წინასაარჩევნო დიდ შეკრებაზეც, რუსთაველზე, სადაც ის ივანიშვილის გამოსვლის წინ, ტრიბუნასთან მიტანილ წყლიან ჭიქას ამოწმებს.
- წინა წლებში, 2023-ში, მაგალითად, ბახუაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს (I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსია).
- 2021-2023 წლებში - დაცვის პოლიციაში (მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორია).
- 2021-ში - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოშია უფროსი ინსპექტორი.
- 2017-2021 წლებში - შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორია.
- 2007-2017 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ 1987 წელს დაბადებულ გიორგი ბახუაშვილს აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება, ჰყავს მეუღლე.
ბახუაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მეექვსე მოადგილედ დაინიშნა. თამაზაშვილის მინისტრობის დროსაა დანიშნული მის მოადგილედ გაგა კირკიტაძე, ხოლო დანარჩენი ოთხი მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე მინისტრის მოადგილეების პოსტებს მის დანიშვნამდეც იკავებდნენ.
„როდესაც ეს ადამიანი ჯერ კიდევ გენინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მალევე გადაინიშნებოდა უფრო მაღალ თანამდებობაზე. ახლაც ველი, რომ ის მზადდება რომელიმე სამინისტროს პორტფელისთვის, რომელსაც ახლო მომავალში ჩააბარებენ. იმდენად დიდია საკადრო კრიზისი ძალოვან უწყებებში, რომ ივანიშვილი ისევ ამ წრეზე წავიდა - საკუთარი დაცვიდან ირჩევს ყველაზე სანდო ადამიანებს“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო, ძალოვან უწყებებში დიდი ხნის განმავლობაში ნამუშევარი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ღიად საუბარს ერიდება.
ვისაც სიცოცხლეს ანდობ და ყველა დავალებას შეგისრულებს
როგორ ირჩევიან და ინიშნებიან დღეს მოხელეები ძალოვანი უწყებების საკვანძო თანამდებობებზე და რა არის იმის წინაპირობა, რომ კერძო პირის დაცვის უფროსი ან დაცვის წევრი ისეთ მაღალ პოსტზე აღმოჩნდეს, როგორიც მაგალითად, შსს-ს გენინსპექციის უფროსობა ან შს მინისტრის მოადგილეობაა?
„ძალიან ფრთხილად და მხოლოდ ძალიან სანდო ადამიანების შერჩევით, რომელთაც აბარებენ ისეთ თანამდებობებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების შენარჩუნებასთან, განსხვავებული აზრის ჩახშობასთან, აქციებთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებასთან. კომპეტენცია საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი“, - თავის დაკვირვებას უზიარებს რადიო თავისუფლებას იურისტი ლონდა თოლორაია, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, შემდეგ კი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი.
„სისტემიდან არასასურველმა ინფორმაციამ არ უნდა გამოჟონოს", - ასე დანიშნულმა ადამიანებმა, როგორც ლონდა თოლორაია ამბობს, - "შესაძლოა მიიღონ და შეასრულონ უკანონო დავალებები, რომლებიც კანონთან შესაბამისი არ არის. ეს ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოჩნდა - ამის დასტური იყო გდდ-ს საქმიანობაც“.
რადიო თავისუფლებას არაერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ მინისტრის მოადგილე გიორგი ბახუაშვილის დაქვემდებარებაში სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (გდდ) და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მოექცა.
უწყებაში ნამუშევარი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე მყოფი, არაერთი ყოფილი მოხელე გვეუბნება, რომ გდდ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ძალაა. ეს ხელისუფლების საყრდენია საპოლიციო სისტემაში, რომელსაც ის იყენებს, მაგალითად, აქციების დაშლისას.
გდდ დგას საოკუპაციო ხაზთან, ის არის პასუხისმგებელი მასების მართვაზე, მას აქვს იარაღი, მან უნდა დაიცვას სახელმწიფო უწყებები და სხვა სტრატეგიული ობიექტები.
გენერალური ინსპექცია კი, რომლის დირექტორის თანამდებობაც ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს ეკავა, ის დეპარტამენტია, რომელსაც შსს-ს პულსზე უდევს ხელი და აკონტროლებს ყველაფერს - ვინ როგორ მუშაობს, ვის რა ეშლება, ვინ აკეთებს საქმეს კეთილსინდისიერად.
ამიტომ, ასეთი საკურატორო სფერო შემთხვევითი ადამიანის დაქვემდებარებაში ვერ ექცევა.
ამ კადრების „სანდოობა“, ხელისუფლებისთვის (და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისთვის), იმიტომაც არის გადამწყვეტი, რომ:
- ის ზედმიწევნით ასრულებს ყველაფერს, რაც მმართველი პარტიის დღის წესრიგის ნაწილია;
- მას დანიშნულების ადგილამდე (ამ შემთხვევაში შს მინისტრამდე) მიაქვს მნიშვნელოვანი მესიჯები.
„შსს-ს ხშირად უწოდებენ „სახელმწიფოს ხერხემალს“ და რა გასაკვირია, რომ მას დღეს „ამაგრებდეს“ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო პირი. ვისაც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ანდობს, მასვე აბარებს დღეს მისთვის ყველაზე საჭირო უწყებას, შსს-ს. თან ამ სისტემაში მუშაობის არმქონე, გამოუცდელი ადამიანი, გაცილებით მარტივი სამართავია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლონდა თოლორაია, რომლის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯი არასოდეს ყოფილა ასე შელახული და ჩამოშლილი, როგორც დღესაა.
გიორგი ბახუაშვილს იურიდიული განათლება არა აქვს. კლასიკური გაგებით, ის არც „პოლიციელია“ - ამიტომ ლონდა თოლორაიას ისიც ვკითხეთ, როგორ აღიქვამენ თავად სისტემაში ასეთი კადრების დანიშვნას მაღალ თანამდებობაზე.
„ყველა პოლიციელის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რადგან რაღაც დოზით ვიცნობ ამ სისტემას, ვიცი, რომ შსს-ში ყოველთვის ურჩევნიათ, მათი ხელმძღვანელი იყოს ადამიანი, ვინც საპოლიციო საქმიანობაში ერკვევა. მაგალითად, მოქმედ შს მინისტრს აქვს ეს გამოცდილება, თუმცა ვფიქრობ, მას გაუჭირდება სისტემას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაუბრუნოს. მითუმეტეს ასეთი გადაწყვეტილებების ფონზე, როცა ყველამ იცის, რომ მისი ახალი მოადგილე, რეალურად მისი დაქვემდებარებული პირი არ იქნება, როგორც ეს უნდა იყოს გამართულ სისტემაში“.
კიდევ რა ვიცით გიორგი ბახუაშვილზე?
გიორგი ბახუაშვილზე ღია წყაროებში ბევრი არაფერი იძებნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე, ამომრჩეველთა სიაში ბახუაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაშია რეგისტრირებული, თუმცა როგორც "TV პირველის" „შაბათის ეთერის“ რეპორტაჟიდან ირკვევა, ის იქიდან დიდი ხნის წამოსულია.
ჯერჯერობით საჯაროდ არც მისი ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნებულა.
მასზე, გარდა ივანიშვილის დაცვის წევრობისა, თითქმის არაფერს ამბობენ, თუმცა ჩვენთან ინტერვიუებშიც ამ უწყების ყოფილი, არარიგითი თანამშრომლები (რადიო თავისუფლება სისტემაში მომუშავე ოთხ წყაროს ესაუბრა) ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ბახუაშვილს შს მინისტრობისთვის ან სხვა რომელიმე უფრო მაღალი თანამდებობისთვის ამზადებდნენ.
ბახუაშვილი არ არის ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან, კერძოდ კი, მისი დაცვის წევრებიდან, ვინც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე აღმოჩნდნენ.
დაცვის სხვა წევრები თანამდებობებზე - ჯილდო ერთგულებისთვის?
თავის დროზე, სწორედ ივანიშვილის დაცვა იყო შსს-ს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.
„ივანიშვილის გარემოცვის წევრია თემურ მღებრიშვილი, რომელიც ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსია; ივანიშვილის დაცვის წევრია ზურაბ ჭაბაშვილიც, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორია; ივანიშვილის დაცვის წევრია მერაბ მალანია, პოლიციის გენერალ-მაიორი, რომელიც შს მინისტრის მოადგილეა; რატი ყანდარელი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაასაქმეს. სია გრძელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი შაიშმელაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც დღეს ემიგრაციაშია.
საქართველოს პროკურატურამ ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 4 ოქტომბრის საქმეზე - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის. ის ბრალს არ აღიარებს.
ივანიშვილის დაცვის წევრი იყო, მაგალითად, თემურ აბაზოვიც, რომელიც შემდეგ მარნეულის მერი გახდა. ეს ის აბაზოვია, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა და მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე შარდის წასმა აიძულა.
აბაზოვი შემდეგ დააკავეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
გიორგი ბახუაშვილზე ბევრი არ სმენია არც სისტემაში წლების განმავლობაში ნამუშევარ ირაკლი შაიშმელაშვილს - მის ბიოგრაფიაში მონიშნული რამდენიმე თანამდებობაც გდდ-ში იმით აიხსნება, ამბობს შაიშმელაშვილი, რომ ეს იყო ერთადერთი დეპარტამენტი, სადაც ადამიანებს კონკურსის გარეშე იღებდნენ და წოდებებს აძლევდნენ მათ, ვინც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა.
„და გარდა ამისა, შსს-ს სისტემაში ყოველთვის, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო გდდ-ში. დანიშნავდნენ ადამიანს ამ განყოფილებაში, თუმცა რეალურად სხვაგან მუშაობდა. მაგალითად, როგორც ბახუაშვილი - ივანიშვილის დაცვად. რეალურად, მას, დაცვის თანამშრომლის გარდა, არანაირი სხვა გამოცდილება არ აქვს და ასეთ ადამიანს ჩააბარეს დღეს საკურატოროდ გდდ, ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური...
საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის ვალდებულების გარდა, მისი დაქვემდებარების სფეროში უამრავი რამ შედის - საოკუპაციო ხაზი, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, ანტიკრიმინალური ოპერაციების წარმოება... როგორ უნდა მართოს ეს ყველაფერი? მაგრამ პასუხი მარტივია, ის არის ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ადამიანი“, - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
მასთან ამ ვიდეოინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილი უფრო დეტალურად ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნის მიზეზებზე, იმაზე, თუ რა ნიშნით და რა მიზნით ინიშნებიან ისინი სახელმწიფო სტრუქტურებში. ასევე როგორ აღიქმება ეს შიგნით, სისტემაში და რას ნიშნავს საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირის ყოლა ასეთ პოსტებზე.
ყველაზე გავლენიანი ადამიანის პირადი დაცვიდან თანამდებობებზე
სისტემაში წლების მანძილზე მომუშავე კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარს ასევე ანონიმურობის პირობით დათანხმდა, აღწერს როგორ არჩევენ დაცვის წევრებს ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორ წინაურდებიან ისინი, რას აქცევს ყურადღებას თავად ივანიშვილი და რა ნიშნით მიდიან შემდეგ ისინი პირადი მცველობიდან მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე.
რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ კადრების შერჩევის პროცესში დღემდე მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ასევე იყო ივანიშვილის დაცვის წევრი.
"TV პირველთან" საუბარში ანზორ ჩუბინიძე არც უარყოფს, რომ თავის დროზე, მაგალითად, გიორგი ბახუაშვილს სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია გამხდარიყო ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი.
მასთან დარეკვა ჩვენც ვცადეთ, თუმცა მას რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
წყარო გვეუბნება, რომ ისევე როგორც გდდ-ში, ივანიშვილის პირად დაცვაშიც ბევრი კადრია ქართლის რაიონებიდან - კასპიდან, გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან.
„ეს არის ხალხი, ვინც არასოდეს სვამს ზედმეტ კითხვებს“, - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, - "ისინი ფიზიკურად მომზადებულები არიან, მუშაობენ, როგორც წესი, დაცვის სამსახურში, შემდეგ რეკომენდაციით მიდიან ივანიშვილის დაცვაში, ეს არის 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, მუშაობენ გარკვეულ ხანს, შემდეგ სთავაზობენ „დასვენებას“ - სხვა ადგილს, სადაც მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას და კარიერას. ჩათვალეთ, რომ ახლა ბახუაშვილი ისვენებს“.
ჩვენი რესპონდენტი ასევე ამბობს, რომ დღეს, შსს-ში ყველამ და მათ შორის, მოქმედმა მინისტრმაც იცის, რომ გიორგი ბახუაშვილი „ბიძინა ივანიშვილის თვალი და ყურია. პრაქტიკულად, ეგ იქნება მინისტრი გადამწყვეტ მომენტებში - თუ რამე სათქმელი ექნება, ბახუაშვილის პირით შეუთვლის შს მინისტრს და თამაზაშვილსაც ეცოდინება, რომ ეს ბიძინას ნათქვამია ანუ, უნდა შესრულდეს“.
ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე (რომელმაც წლების წინ სკანდალური ინტერვიუ მისცა მთავარ არხს ივანიშვილზე) აცხადებდა, რომ ის დაცვის წევრებს არა პროფესიონალი კადრებიდან, არამედ „რიგითი ლიფტიორებისგან და მუშებისგან ამზადებდა, რათა ისინი სრულად მორჩილნი და უსიტყვოდ შემსრულებლები ყოფილიყვნენ“, - მისივე თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მას არ სჭირდებოდა ინტელექტუალური და პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში შეკითხვებს დასვამდნენ.
როგორ აღიქვამენ ივანიშვილის პირადი მცველების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას თავად ძალოვანი სისტემაში მომუშავე ის ადამიანები, რომლებიც წლებია საკუთარ კარიერულ წინსვლას სწორედ ამ სტრუქტურებში მრავალწლიანი მუშაობით ცდილობენ?
ეს კითხვა დავუსვით ჩვენს ყველა რესპონდენტს, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტურებში წლები მუშაობდნენ და სხვადასხვა მიზეზების გამო სისტემის დატოვება მოუწიათ.
მათი შეფასებით, ნორმალურ გარემოში მსგავსი გადაწყვეტილებები სისტემისთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, ხოლო იქ მომუშავე კვალიფიციური კადრებისთვის - ფრუსტრაციაა.
ჩვენთვის უცნობია რამდენი იყო გიორგი ბახუაშვილის ხელფასი ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობისას, თუმცა როგორც რადიო თავისუფლებას მისი წყარო ეუბნება, ოფიციალური ჯამაგირის გარდა მათ ხშირად ასაჩუქრებდნენ ფულადი ბონუსებით. რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ხელფასს, საქართველოში ის 11 600 ლარია.