Accessibility links

ილია ბერუაშვილმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი ნაკვეთი ოკუპირებული არ არის


საოკუპაციო ხაზი სოფელ დიცში

სოფელ დიცის მცხოვრები ილია ბერუაშვილი მალე შეძლებს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. აქამდე ის ვერ ახერხებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც, წლებია, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თხოვნით მიმართავდა, დაერწმუნებინა, რომ ეს ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ოკუპაციის ხაზს მიღმა მოქცეული არ არის.

ბერუაშვილმა საჯარო რეესტრს ჯერ გორის რაიონულ სასამართლოში მოუგო, შემდეგ კი სააპელაციოშიც გაიმარჯვა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეესტრი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს და ბერუაშვილს მიწის ნაკვეთს დაურეგისტრირებს.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბერუაშვილის მიწის ნაკვეთთანაც მივიდნენ და მისი შემოღობვა მოინდომეს, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. ბერუაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლები და ჟურნალისტებიც ჩართო საქმეში და საოკუპაციო ძალებს დაუმტკიცა, რომ მიწა მისი საკუთრებაა და ეს მიწა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ამაში საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დარწმუნება თითქმის 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

2018 წლიდან ილია ბერუაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. შესაბამისი სარჩელები ცენტრის იურისტმა ლექსო მერებაშვილმა მოამზადა. 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ნაკვეთის ილია ბერუაშვილის საკუთრებაში დარეგისტრირება დაევალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ახლო მომავალში დაიწყება.

ბერუაშვილს რამდენიმე წლის ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ სახელმწიფოსთვის მოეგო. თავდაპირველად სახლსა და სასახლკარე ნაკვეთს არ ურეგისტრირებდნენ, ვინაიდან, გუგლის რუკების მონაცემებით, საოკუპაციო ხაზი ამ სახლზე გადიოდა, მაგრამ ბოლოს, სასამართლოში ხანგრძლივი ბრძოლით, მიზანს მიაღწია და ახლა სახლი მის საკუთრებაშია. მოგვიანებით საოკუპაციო ბანერებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზეც წამოიწყო დავა და ეს პროცესიც მისი გამარჯვებით დასრულდა. ამბობს, რომ ბიუროკრატია მხოლოდ გუგლის რუკებით ხელმძღვანელობდა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ყურადღებას არ აქცევდა. ბერუაშვილს მიაჩნია, რომ მისი საქმე პრეცედენტულია და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.


ილია ბერუაშვილს 4 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი სასამართლოს ძალით საკუთრებაში დაერეგისტრირებინა. მსგავს მდგომარეობაში ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები არაერთი ადამიანია, ვისაც მიწა საკუთრებაში არა აქვს, საოკუპაციო ძალა კი მცოცავ ოკუპაციას კვლავ აგრძელებს. გუგუტიაანთკარი და ჩორჩანა ამის ნათელი მაგალითია. ბერუაშვილს საოკუპაციო ბანერებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მალე ხელთ ექნება და, თუ საოკუპაციო ძალა მის ნაკვეთში გადმოიწევს და შემოღობავს, ის საკუთრების უფლების დასაცავად რუსეთს უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. დიცელი ფერმერი ფიქრობს, რომ ამ გზით მცოცავ ოკუპაციას საკუთარ ნაკვეთთან მაინც შეაჩერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG