Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

16:42 17.3.2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების შემდეგ კავკასიის მედიცინის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად.

პარტიების „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტები.

16:12 17.3.2026

ექიმების კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება, რათა გულისა და წნევის შენარჩუნება მოხერხდეს.

მისივე ცნობით, მნიშვნელოვანი იქნება „შემდგომი დინამიკა, თუ რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა“.

ექიმების კონსილიუმი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს და აკვირდება, ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომპლექტებული.

კალოიანის თქმით, ძირითადი პრობლემა კუჭიდან სისხლდენა იყო, რამაც მის ორგანიზმში „გარკვეული ძვრები გამოიწვია“, რაც „სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია“.

„ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიაკამენტის ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ოპტიმალურადაა გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე“, - თქვა მან.

რეანიმატოლოგს პროგნოზების გაკეთება უჭირს, აცხადებს, რომ ვითარება კომპლექსურია და გარკვეულ დროს საჭიროებს, რათა „სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული“. ის იმედს იტოვებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობისებისკენ წავა.

15:49 17.3.2026

ექიმებმა მედიასთან პატრიარქის ჯანმრთელობაზე კლინიკაში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის შემდეგ ისაუბრეს.

კობახიძემ და პაპუაშვილმა ილია მეორე მცირე დროით მოინახულეს.

ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და განაცხადა, რომ „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგრძელდეს პატრიარქის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“.

15:49 17.3.2026

რა გადაწყდა ექიმების კოსნილიუმზე - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის სამართავად კლინიკაში წამყვანი რეანიმატოლოგებისგან დაკომპლექტებული გუნდია შეკრებილი და გადაწყდა, რომ პაციენტის ჯანმრთელობას დინამიკაში დააკვირდებიან.

„გამართულ კონსილიუმზე არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა.

შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და ითქვა, რომ მიდის მკურნალობა ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, სხვა ალტერნატივა ამწუთას რეალურად არ არსებობს.

ყველა უკმაყოფილო ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის მოლოდინი და სურვილი.

მთავარი რაც გამოიკვეთა კონსილიუმზე - უნდა დავკვირდეთ პროცესებს დინამიკაში ბევრ რამეა დამოკიდებული ასაკზე, ორგანიზმზე... რაც მოგვცემს საშუალებს რამდენიმე საათში ახალი მსჯელობა გაიმართოს“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG