Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ლაივბლოგი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ის, თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

09:44

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის სამძიმარი

„ქართული ოცნების“ ფეისბუქზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის ეკატერინე ივანიშვილის სახელით სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.

„უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.

რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.

საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.

მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.

მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს“, - წერია ტექსტში.

10:06

დაინიშნა სინოდის სხდომა

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 2026 წლის 18 მარტს დღის ორ საათზე სინოდი სხდომა გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის შესახებ „დამატებითი დეტალები“ გამოცხადდება.

„სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში“, - წერია განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

10:17

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.

10:20

ფეისბუქზე სამძიმრის ტექსტს ავრცელებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ის წერს, რომ „საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას“.

„უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000 წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია.

უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.

ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.

ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი.

მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“, - დაწერა პაპუაშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG