პირდაპირი ეთერი - საპატრიარქოში ილია მეორის სამებაში გადასვენების პროცესია იწყება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში მის მიერ გაწეული თავდადება და სულიერი მსახურება ქართველი ხალხის წინაშე ფასდაუდებელია და დიდხანს გვემახსოვრება“, - წერს სამინისტრო X-ზე.
სინოდმა გამოაქვეყნა „მიმართვა სრულიად საქართველოს“
სინოდმა გამოაქვეყნა „მიმართვა სრულიად საქართველოს“, რომელიც ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
მან სინოდის სახელით მიუსამძიმრა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს და განაცხადა, რომ „მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცლდება საქათველოს ყველა მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა და ეთნიკური ნიშნისა“.
მისივე თქმით, უცხოეთიდან მოსულ სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ პატრიარქი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიდ საქრისტიანოს და მსოფლიოს.
„ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამებრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება, მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩეოდა ღვივმინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით.
49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა.
ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარსდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვალავაც განგვაძლიერებს სულიერად და გაგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას.
დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში, უპირველესად, ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიან თანაარსებობის დამკვიდრებს და საზოგადოების გამთლიანებას.
გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე რომელთა დაბრუნებაში შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის“, - ნათქვამია მიმართვაში.
ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოში შეიკრიბა სინოდის სხდომა, რომლის დროსაც პატრიარქის დაკრძალვის თარიღზე შეთანხმდნენ - მას კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ სიონის ტაძარში.
სხდომის შემდეგ სინოდის განჩინება წაიკითხა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. მისი ვიდეომიმართვა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.
ფორუმი