Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავიგოთ ნაბუქოდონოსორისა და ახალგაზრდების ამბავი? - ილია II-ის მიმართვა


საპატრიარქო ამბობს, რომ ქადაგების „ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორი და სამწუხაროა“.
საპატრიარქო ამბობს, რომ ქადაგების „ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორი და სამწუხაროა“.

ილია II-მ მრევლისადმი 12 მაისის მიმართვაში გაიხსენა ბიბლიური ამბავი: როგორ დასაჯა მეფე ნაბუქოდონოსორმა სამი ახალგაზრდა და გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, თუმცა ისინი, უვნებლად გადარჩნენ.

როგორ უნდა გავიგოთ ეს ამბავი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების, ხელისუფლების რიტორიკისა და საპატრიარქოს ბოლო განცხადებების გათვალისწინებით?

თეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ პატრიარქი ალეგორიული ენით ბიძინა ივანიშვილს ბაბილონის ავაზაკ მეფეს ადარებს, ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს კი სიმართლისა და რწმენის მხარეს აყენებს.

საპატრიარქო ამბობს იმასაც, რომ ქადაგების „ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორი და სამწუხაროა“.

პატრიარქის მიმართვაში ახალგაზრდები იმარჯვებენ

12 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, ანდრია მოციქულის ხსენების დღესა და ღვთისმშობლის წილხვდომილობას ზეიმობს, პატრიარქმა ილია II-მ მორიგი მიმართვა გაავრცელა.

დღევანდელი დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვისო, მიმართავს პატრიარქი მრევლს. შემდეგ ეუბნება, რომ ამჟამად ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის.

პატრიარქი ილია II. 2023 წლის ფოტო
პატრიარქი ილია II. 2023 წლის ფოტო

„მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა, - ყოვლადწმინდა სამება“, - ვკითხულობთ მიმართვაში. და სწორედ აქ შეახსენებს პატრიარქი მრევლს ერთ ბიბლიურ ამბავს:

„მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: ანანიასი, აზარიასა და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ“.

„შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“, - მოუწოდებს ილია მეორე მოქალაქეებს.

შემდეგ ის სრულად ციტირებს სამი ახალგაზრდის ლოცვას.

„დაშიფრული მიმართვა“

„ამ ბიბლიური ისტორიის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, პატრიარქი ვის როგორ აფასებს“, - ეუბნება თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას და ამბობს, რომ ეს მიმართვა ბოლო პერიოდში მის სხვა პოზიციებთან ერთად უნდა იქნეს განხილული.

„მართალია, სააღდგომო ეპისტოლეც და ეს მიმართვაც „დაშიფრულია“, მაგრამ, როგორც ძველ საბჭოთა დროს, განწყობა ნათლად იკითხება და ცხადია, ვინ იგულისხმება ბაბილონის ავაზაკ მეფეში, ვინც ახალგაზრდები ტანჯვისთვის გაწირა“, - მიიჩნევს მინდიაშვილი.

ბექა მინდიაშვილის განმარტებით, ილია II-ის მიმართვაში იკითხება, რომ მისი ხედვით „ერთ მხარეს არის იმპერიული ძალა - როგორც თავის დროზე ბაბილონი იყო - და მისი ბოროტი მმართველი, რომელიც სიკვდილისთვის წირავს ახალგაზრდებს, ხოლო მეორე მხარეს არის სიმართლე და რწმენა. პატრიარქი ამისკენ მოუწოდებს, - რწმენაში სიმტკიცისკენ, - ეს იქნება თქვენი მფარველიო“, - ამბობს იგი.

ამავე აზრზეა დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ 2021 წელს მღვდელმსახურება აუკრძალა. მისი ხედვით, პატრიარქი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დასასრულს უახლოვდება:

„[პატრიარქმა] მტარვალ მეფე ნაბუქოდონოსორს სრულიად დამსახურებულად შეადარა ივანიშვილი და დევნილი ახალგაზრდების მხარე ირიბად დაიჭირა“, - წერს იგი ფეისბუკზე.

„რაც იცის, იცის: კარგად და საუცხოოდ ესმის პოლიტიკური სიტუაციის გაგება და უძლიერესი „ყნოსვა“ აქვს. პატრიარქი თადარიგს იჭერს და ემზადება „პოსტქოციანური“ ეპოქისთვის. ხელისუფლებანი მიდიან და მოდიან, ის კი რჩება უცვლელად“, - აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

რატომ ფიქრობენ ასე?

ერთ თვეზე მეტია, საქართველოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ტარდება „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. დემონსტრაციების წინა რიგებში ახალგაზრდები არიან.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი იხსენებს საპატრიარქოს პირველი მაისით დათარიღებულ განცხადებასა და შემდეგ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს და მათი ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ პატრიარქი ილია II მხარს უჭერს ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს.

1 მაისს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „დღეს საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან“.

„სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს“, - წერდა საპატრიარქო.

თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება, სადაც, მინდიაშვილის წაკითხვით, „ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო გამოთქმული ხელისუფლებისადმი“ „აგენტების კანონის“ კონტექსტში, - რაზეც მოგვიანებით ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა თქვა, რომ ეს იყო არა საპატრიარქოს, არამედ მხოლოდ ერთი სამსახურის განცხადება. სწორედ ამას მოჰყვა 1 მაისის განცხადება.

სააღდგომო ეპისტოლეში, - 5 მაისის ეპისტოლეში, - მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მშვიდობიანი თანაცხოვრების საჭიროებას უსვამდა ხაზს: მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, სამშობლოს სიყვარული უნდა გვაერთიანებდეს და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრებაო.

„მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ“, - ამბობდა პატრიარქი.

ბექა მინდიაშვილის შეფასებით, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე „ფაქტობრივად, არ ტოვებდა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ იგი ოდნავ მაინც იწონებდა ხელისუფლების პოზიციას. და დღევანდელი მიმართვაც ამ ხაზის გაგრძელებაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშუალოდ პატრიარქის პოზიცია არის მხარდაჭერა ახალგაზრდებისა“, - გვეუბნება თეოლოგი.

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი
ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

„ბერბიჭაშვილები“

პატრიარქის 12 მაისის მიმართვაში ახალგაზრდებზე ხაზგასმა განსაკუთრებით საინტერესო კიდევ ერთი არგუმენტით არის.

იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებსაც, ბექა მინდიაშვილისა და ილია ჭიღლაძის ხედვით, ილია მეორემ დაუჭირა მხარი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 მაისს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ისინი ილია ჭავჭავაძის მკვლელს, გიგლა ბერბიჭაშვილს შეადარა.

„როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი“, - წერდა იგი.

ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა და მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაცო, დაწერა პრემიერმა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე - ხვდება პატრიარქ ილია II-ს. 2017 წელი
ირაკლი კობახიძე - იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე - ხვდება პატრიარქ ილია II-ს. 2017 წელი

მისი ეს შედარება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა და „უდიდესი სირცხვილი“ უწოდა. „ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია“, - განაცხადა მან.

12 მაისსვე, პატრიარქის ბოლო მიმართვის დღეს, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, - სინოდის წევრმა, ერთ-ერთმა იმ სამ იერარქს შორის, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „აგენტების კანონზე“, - ქადაგებისას თქვა:

„ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება… მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა… შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ“.

საპატრიარქოს „მცირე შენიშვნა“

მას შემდეგ, რაც მედიაში პატრიარქის მიმართვის ასეთი ინტერპრეტაციები გავრცელდა, საპატრიარქომ დილის ოთხი საათისთვის „მცირე შენიშვნა“ გამოაქვეყნა:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„აგენტების კანონი“

საქართველოში, - ძირითადად თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, - მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება.

პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG