Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც „ოცნების“ სამიზნე გახდა


ვლადიმერ ხუჭუას 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ უნანია, რადგან თვლის, რომ - სიმართლის მხარეს დადგა და საარჩევნო დავების ისტორიაში მნიშვნელოვანი პრეცედენტიც შეიქმნა.
ვლადიმერ ხუჭუას 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ უნანია, რადგან თვლის, რომ - სიმართლის მხარეს დადგა და საარჩევნო დავების ისტორიაში მნიშვნელოვანი პრეცედენტიც შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა და მისი ოჯახი „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების სამიზნე გახდა.

მმართველი პარტია და ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებენ, რომ მოსამართლე არაობიექტური და მიკერძოებული იყო, ვინაიდან მისი მეუღლე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შემწირველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდამჭერია.

ვლადიმერ ხუჭუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 4 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ნანობს, რადგან სიმართლის მხარეს დადგა და საარჩევნო დავების ისტორიაში "მნიშვნელოვანი პრეცედენტიც შეიქმნა“.

ხუჭუას გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 7 ნოემბერს გააუქმა.

გადაწყვეტილება

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა კოლეგას, ყველა იურისტს, ყველა მოსამართლეს, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრი, მე მაქვს ჩემი სინდისი და მე ვარ ჩემს თავთან მართალი. მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო და ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის კანონიერი და სამართლიანი. სულ მარტო რომ ვიყო, ვარ ჩემი გადაწყვეტილების ერთგული და ასე დავრჩები ბოლომდე“, - ამბობს მოსამართლე ხუჭუა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

სათათბირო ოთახში გასულს, გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა და იმაზე არც უფიქრია - „რა შედეგი მოჰყვებოდა“ ხმის ფარულობის დარღვევის დადასტურებას სასამართლოში.

ფარულობის დარღვევა არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, მათ მიერ აღრიცხულ სხვა მრავალ დარღვევას შორის, ხელახალი არჩევნების მოსათხოვნად.

სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე“, - განაცხადა სათათბირო ოთახიდან გამოსულმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, 4 ნოემბერს, სხდომაზე.

ხუჭუა ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც, ქართულ სასამართლოში, 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის უფლების ფარულობის დარღვევა დაადგინა და არასამთავრობო სადამკვირვებლო ჯგუფების საჩივრების საფუძველზე წალკისა და თეთრიწყაროს ოლქების 30 ელექტრონული საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა.

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში განხილვა 2 დღის განმავლობაში, ჯამში - თითქმის 16 საათი გაგრძელდა. სხდომაზე მიიტანეს ხმის მთვლელი მანქანა და ჩატარდა ექსპერიმენტი. მოსამართლემ დაადასტურა, რომ - მარკერის კვალი ბიულეტენების უკანა მხარეს ჟონავდა და ამით ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება ირღვეოდა.

ბრალდებები

„მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა საუბარი იმის შემდეგ, რაც ჩემ მაგივრად, პოლიტიკოსი გამოაცხადებდა, აქციაზე, ტრიბუნიდან, ჩემს გადაწყვეტილებას ერთი საათით ადრე“, - თქვა 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილს გულისხმობდა. კოალიციის „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა 4 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, საღამოს 9 საათისთვის თქვა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხუჭუამ საღამოს 10 საათისთვის გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის სერიოზულია ბრალდება, რომ თითქოს მოსამართლის გადაწყვეტილება ერთი საათით ადრე უკვე იცოდა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

„თუ ვინმემ იცოდა ის, რაც მე თვითონ არ ვიცოდი ერთი საათით ადრე - რა გადაწყვეტილებას გამოვიტანდი და მე ეს უნდა დავასაბუთო - ამაზე დიდი ხუმრობა არც შეიძლება არსებობდეს. ამ სამყაროში არ არსებობს ამის [დასაბუთების] ძალა... იმდენად არასერიოზული ამბავია - ლაპარაკიც არ ღირს. სრული აბსურდია“, - ეუბნება მოსამართლე ხუჭუა რადიო თავისუფლებას და ვისაც ეჭვი აქვს, ადვილად ხელმისაწვდომი ფაქტების გადამოწმებას ურჩევს.

თავად ელისაშვილი განმარტავს, რომ მიტინგზე გამოსვლისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ფეისბუკპოსტს დაეყრდნო, რომელიც საღამოს 6 საათისთვის იყო გამოქვეყნებული და იქ ეწერა, რომ სასამართლო სხდომაზე დადგინდა ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, ბიულეტენის უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანის ხილვადობა.

„[ვლადიმერ ხუჭუა] გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან. მე, როგორც იურისტი ამას ვამბობ და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი და მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის სტანდარტში და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რომლებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ვლადიმერ ხუჭუას შესახებ. მისი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება „არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახები“.

მეუღლე

ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ - „ხუჭუას ცოლი ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.

ელზა გურგენიძე
ელზა გურგენიძე

ცესკოს და სხვა წყაროების მიხედვით გურგენიძე „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ევროპული საქართველოს“ გაყოფის შემდეგ გურგენიძე „ფედერალისტების“ მხარდამჭერია.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის 51-ე ნომერი, გურამ მაჭარაშვილი მას - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად თვლის.

„მოსამართლე ხუჭუას მეუღლე და ზოგადად ოჯახი - არის აქტივისტი, არა მხოლოდ მომხრე - ნაცმოძრაობის, ლიბერალური ფაშიზმის და ასე შემდეგ - ეს სოციალურ ქსელებში შეგვიძლია წავიკითხოთ და ასევე ისიც შეგვიძლია წავიკითხოთ, მისი ოჯახის წევრი და მეუღლე ზოგადად როგორ არის ამ დანარჩენ ლიბერალურ ლგბტ პროპაგანდაზე გადართული და ასე შემდგომ“, - მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლემ მიიღო იმგვარი გადაწყვეტილება „როგორც ამ ლიბერალურ ფაშიზმს მიაჩნია“.

ელზა გურგენიძე მწერალია. 2022 წელს გამოცემული მისი რომანი - „ზაოდი“, ერთგვარი ტრაგიკომედია ტოტალიტარულ რეჟიმთან შეურიგებელი ადამიანების ბედზე, ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა.

ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მისი მეუღლე ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ყველა ხელისუფლების მიმართ -„დღევანდელი ოპოზიცია ხვალ რომ გახდეს ხელისუფალი, [ელზა] მეორე დღესვე გადავა მათ ოპოზიციაში. ხანდახან ჩემი ოპოზიციაცაა, მაგარი თან“, - ეუბნება მოსამართლე რადიო თავისუფლებას. ვლადიმერ ხუჭუა და ელზა გურგენიძე თითქმის 20 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან.

ხუჭუას 4 ნოემბრის გადაწყვეტილებამდე ოჯახი დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არასდროს გამხდარა.

„[მოსამართლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის] კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, Info9, ნიუსჰაბი, POSTV), ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ანგარიშები, პროსახელისუფლებო აქტორები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. აღსანიშნავია, რომ პოსტები დროის მცირე შუალედში, იდენტური გზავნილებით გავრცელდა“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED].

აცილების შუამდგომლობა

ორდღიან პროცესზე ვლადიმერ ხუჭუას აცილება არავის მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ დეტალურად განუმარტა მხარეებს ყველა ის გარემოება, რაც ხუჭუას თქმით „მათთვის შესაძლოა აცილების საფუძველი ყოფილიყო“.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად ხუჭუა ასახელებს ფაქტს, რომ საქმე წესით მას არ უნდა განეხილა, მაგრამ განსჯადი მოსამართლე მოულოდნელად ავად გახდა. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში კი სულ 2 მოსამართლეა.

„როგორც მითხრეს - განსჯადი მოსამართლე პარასკევს საღამოს, 6-7 საათზე გახდა ავად და გავიდა საავადმყოფო ფურცელზე. დილით 10-ის ნახევარზე დამირეკა სასამართლოს თანამშრომელმა - საარჩევნო დავა დაგეწერათო. ჩვენთან ორი დავა შემოვიდა და მე გავაერთიანე... ორი დღის განმავლობაში ვუხსნიდი მხარეებს ყველა გარემოებას, მაგრამ არ აყენებდნენ [აცილების] შუამდგომლობას - ამაზე ფიქრიც არ იყო“, - ეუბნება მოსამართლე ხუჭუა რადიო თავისუფლებას.

მნიშვნელოვანი პრეცედენტი

მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურისტებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე ხუჭუას დადგენილება თავის როლს შეასრულებს საარჩევნო დავების სამომავლო განხილვებისას, მათ შორის - საერთაშორისო დონეზე.

„ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრ რამეს შეცვლის“, - პრეცედენტთან დაკავშირებით მოკლეა თავად მოსამართლის პასუხი.

„ამ მოსამართლემ [ვლადიმერ ხუჭუამ] შეასრულა ის ვალდებულება, რაც ზოგადად მოსამართლეს აკისრია. ეს იყო კარგი მოულოდნელობა იმ მდგომარეობისა და სისტემის გათვალისწინებით, რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება სიურპრიზი იქნებოდა „სასამართლოს კლანისთვისაც“ - რომელიც ყოველთვის ვერ ავრცელებს თავის გავლენას და ვერ აღწევს მიზანს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, „სასამართლოს გუშაგი“ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო დავების 90%-ს აკვირდებოდა. თითქმის ყველა განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ დასრულდა.

„ხუჭუამ გამოიყენა შანსი, რომ მას, როგორც მოსამართლესა და მოქალაქეს, ეთქვა თავისი სათქმელი“ - ამბობს ჯანეზაშვილი.

სხვა გადაწყვეტილებები

ღია წყაროებში არ იძებნება ვლადიმერ ხუჭუას სხვა ერთი გადაწყვეტილებაც კი, რომელმაც მისი მოსამართლეობის 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ კრიტიკა გამოიწვია.

ხუჭუა არ ყოფილა იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოხატეს, როცა მოსამართლეთა კონფერენცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთაშორისო პარტნიორებს უპირისპირდებოდნენ; ანდა როცა მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგს გმობდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრამდე, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, იმხანად საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლესა და სასამართლოს თავმჯდომარეს - ვლადიმერ ხუჭუას მიღებული აქვს არაერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არასწორი საარჩევნო აგიტაციისთვისაც ჰყავს დაჯარიმებული.

საჯარო წყაროების მიხედვით, 2013 წლის აპრილში, იმხანად უკვე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვლადიმერ ხუჭუა, ღიად ითხოვდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და მხარს უჭერდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას:

„ჩვენი სურვილია, მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული, ვინმესგან და რაიმესგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება… ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შეიქმნას არა წარსულისთვის, არამედ - მომავლისთვის და მასში უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მიუკერძოებლად და ობიექტურად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აცხადებდა მაშინ მოსამართლე ხუჭუა.

2022 წელს - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარედ მის კვლავ არჩევას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მაშინ აღნიშნავდა, რომ - საბჭომ არ გადაამოწმა ამავე სასამართლოს მოსამართლის მხრიდან ხუჭუასთვის წარდგენილი ბრალდებები.

სასამართლო სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შეფასებისგან მოსამართლე ხუჭუა თავს იკავებს.

კარიერა

ვლადიმერ ხუჭუას სამოსამართლო კარიერა 2012 წლის მაისიდან იწყება, როცა გენერალურ პროკურატურაში მუშაობის შემდეგ, მცირე ხნით, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა.

2012 წლის ივნისიდან, 5 თვის განმავლობაში - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებაც უწევდა. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ვლადიმერ ხუჭუა 2012 წლის ბოლოს გადავიდა და 2017-2021 წლებში სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ამ პოსტს ის 2022 წლიდან კვლავ დაუბრუნდა; ხოლო მანამდე, 2021 წლის ივნისიდან - წალკის მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა.

მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება, ხოლო 2006 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ვლადიმერ ხუჭუა უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG