Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოველით 8 მარტის შეთანხმების დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ. ...ეს დაპირებები მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და მნიშვნელოვანია ახლაც"


USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი

აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი თვლის, რომ მთავარია არა დახმარების მოცულობა, არამედ ის, თუ რა მიზნების მიღწევას ემსახურება ეს ფინანსური რესურსები. მიზნებს შორის მისიის დირექტორი ჩამოთვლის შემდეგს: საქართველოს ევროპასა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება, დემოკრატიის განმტკიცება, ეკონომიკის აყვავება და საქართველოს უსაფრთხო მოკავშირედ ქცევა. პიტერ ვიბლერთან ონლაინინტერვიუ, რომელიც გასული კვირის ბოლოს, 8 მაისს არის ჩაწერილი, ძირითადად ეხება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის COVID-19-თან გასამკლავებლად გაწეულ საგანგებო დახმარებას. გთავაზობთ მის სრულ თარგმანს:

რადიო თავისუფლება: გამარჯობა, ბატონო ვიბლერ და გმადლობთ ინტერვიუსთვის.

პიტერ ვიბლერი: გმადლობთ მასპინძლობისთვის.

ინტერვიუ პიტერ ვიბლერთან, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორთან
please wait

No media source currently available

0:00 0:23:11 0:00

რადიო თავისუფლება: რა ზეგავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარების მოცულობასა და სტრუქტურაზე?

პიტერ ვიბლერი: პანდემიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ჩვენზე. ვფიქრობ, ასეთივე იყო ზეგავლენა განვითარების ხელშემწყობ პარტნიორთა უმრავლესობაზე აქ, საქართველოში. პირველი, რისი აღნიშვნაც მინდა, არის ის, რომ ხანგრძლივი პარტნიორობის გამო, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან ისევე, როგორც სამოქალაქო და კერძო სექტორებთან, აგრეთვე ამერიკელი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის გამო, შევძელით გვეპასუხა არა მხოლოდ პანდემიის მყისიერ გამოწვევებზე, არამედ ეს დაგვეხმარა მუშაობაში ჩვენს აქაურ პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორში, საქართველოს დასაბრუნებლად დამოუკიდებელი განვითარებისა და ეკონომიკის ზრდის გზაზე, რომ მან გააგრძელოს დემოკრატიის მიმართულებით სვლა, რასაც მრავალი წლის წინ შეუდგა.

ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირების კიდევ ერთი ნაწილია ის, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს დავეხმაროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლაბორატორიის ტექნიკის, ტესტების, აგრეთვე დისტანციური მედიცინისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვებში.


შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკელი ხალხის გულუხვობის გამო, შესაძლებლობა გვქონდა უზრუნველგვეყო სასწრაფო მხარდაჭერა, უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად, რაც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და მათი პარტნიორის - საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით. ისინი შესანიშნავად მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის მოცვის მხრივ. ისინი ეძებენ ყველაზე დაუცველ ნაწილს და აწვდიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფსიქო-სოციალურ დახმარებას, აგრეთვე ინფორმაციას პანდემიასთან გამკლავებაში დასახმარებლად. ვამაყობთ, რომ ხელი შევუწყვეთ მათ ამაში.

რადიო თავისუფლება: უკაცრავად, შეგვიძლია ვთქვათ იმ საქმიანობის მასშტაბზე, რომელშიც წითელი ჯვარი იყო ჩართული - დაახლოებით რამდენი ადამიანი, ოჯახი მოიცვეს?

პიტერ ვიბლერი: წითელ ჯვართან ჩვენი განხილვების მიხედვით, ჩვენი დახმარებით ვვარაუდობთ მივწვდეთ ასობით ათას ოჯახს საქართველოში. ცხადია, ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ბოლო თვე-ნახევარია და ასეთია ჩვენი სავარაუდო გათვლა საქართველოში ოჯახების ნაწილზე წვდომის მხრივ.

ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირების კიდევ ერთი ნაწილია ის, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს დავეხმაროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლაბორატორიის ტექნიკის, ტესტების, აგრეთვე დისტანციური მედიცინისთვის საჭირო ტექნიკის შესყიდვებში, რაც ეხმარება მედიცინის პროფესიონალებს თბილისში, ბათუმსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, ითანამშრომლონ არაორდინარული გამოწვევის ფონზე, რაც მგზავრობის შეზღუდვით არის გამოწვეული და ესეც არის ჩვენი საგანგებო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმის ფონზე, რომ ვებრძვით პანდემიას და ვეხმარებით საქართველოს გამოსავლის ძიებაში, განვსაზღვროთ როგორ შეიძლება პანდემიით შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში გადავახტეთ განვითარების გზაზე არსებულ ზოგიერთ წინაღობას, რომელიც საქართველოში არსებობს.


რადიო თავისუფლება: როგორც ვხედავ, არის მოქმედებების სხვადასხვა მიმართულება, რომლებსაც USAID-მა შეუწყო ხელი დღემდე. შეგვიძლია მეტი ვთქვათ თითოეული მიმართულების მასშტაბსა და ხასიათზე, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ?

პიტერ ვიბლერი: რა თქმა უნდა. დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ვამაყობთ იმით, რომ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად USAID-სა და საქართველოს ხალხს შორის ჩამოყალიბდა ძლიერი პარტნიორობა ისევე, როგორც ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ შევძელით მოგვეხდინა რეორიენტაცია, რეფოკუსირება, განახლება ჩვენი არსებული პროექტების, რომლებიც შეეხებოდა ეკონომიკის ზრდას, სოფლის მეურნეობას, სოციალურ განვითარებას, განათლებას, დემოკრატიასა და მმართველობას და მოვახერხეთ გადაგვეიარაღებინა ისინი, რომ რეალურად მიგვემართა პანდემიით გაპირობებულ მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ. მაგალითად, მმართველობის სფეროს თუ ავიღებთ, ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რომ დავეხმაროთ ახალი პროტოკოლების, საჯარო მოხელეებისთვის ახალი გზების შემუშავებაში, არა მხოლოდ აქ, თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, რომ იმუშაონ კრიზისის პირობებში, რაც მოიცავს მათ დახმარებას ტელემომსახურებასა და სხვა სახის პროტოკოლების შემუშავებაში.

COVID-19-ით შექმნილი ვითარება გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს განვითარების შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ მან რეალურად დააჩქაროს დისტანციური სწავლების დაგეგმვა და ინსტიტუციონალიზაცია მთელი საქართველოს სკოლებში


ეს დაეხმარება მთავრობას, გააგრძელოს არსებითი, მოთხოვნადი სერვისების მიწოდება ამ კრიზისულ ვითარებაში. ჩვენ საქართველოს ვეხმარებით განათლების პროგრამებშიც, რაც დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან განათლების სამინისტროში დისტანციური სწავლების კურიკულუმის რეალურად გასაუმჯობესებლად, რასაც ისედაც გეგმავდნენ განათლების რეფორმის ფარგლებში, თუმცა კრიზისის დამთხვევის გამო, შესაძლებლობა გვაქვს ვითანამშრომლოთ სამინისტროსთან ამ საკითხზე. ჩვენი ჯგუფი ძალიან ინტენსიურად მუშაობს მინისტრსა და მის კოლეგებთან ამ გამოწვევის ფონზე განვითარების შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოკვეთასაც მე ჩვენს ჯგუფებს ვთხოვ - იმის ფონზე, რომ ვებრძვით პანდემიას და ვეხმარებით საქართველოს გამოსავლის ძიებაში, განვსაზღვროთ, როგორ შეიძლება პანდემიით შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში გადავახტეთ განვითარების გზაზე არსებულ ზოგიერთ წინაღობას, რომელიც საქართველოში არსებობს. ასე რომ, განათლების სფერო და დისტანციური სწავლება არის ერთ-ერთი სფერო, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემაში, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით.

ვფიქრობთ, COVID-19-ით შექმნილი ვითარება გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს განვითარების შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ მან რეალურად დააჩქაროს დისტანციური სწავლების დაგეგმვა და ინსტიტუციონალიზაცია მთელი საქართველოს სკოლებში. ასე ვპასუხობთ საჭიროებებს მმართველობის სფეროში.

ჩვენ მივაწოდეთ სამოქალაქო საზოგადოებას გარკვეული რესურსები, რომ მათ შეეძლოთ გამოააშკარაონ ზოგიერთი მითი და შეაჩერონ დეზინფორმაციის გავრცელება თავიანთ თემებში.


მნიშვნელოვანი რეაგირება მოვახდინეთ, ვფიქრობ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობის მიმართულებით. თუ არ მეშლება, საქართველოში COVID-19-ის პირველი გამოჩენიდან ორ კვირაში ჩვენმა ACCESS-ის პროგრამამ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომელიც, ვფიქრობ, პირველი ამ ტიპის კონკურსი იყო ქვეყანაში, რომელიც განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მათი თემების დასახმარებლად. იმდენად აქტიური გამოხმაურება მოჰყვა ამ კონკურსს, რომ ვგეგმავთ მეორე რაუნდის ჩატარებასაც. დღემდე გავეცით 15 გრანტი ორგანიზაციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადამიანების ინფორმირებისთვის საბაზისო ჰიგიენასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. გავეცით აგრეთვე გრანტები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ, რომ მოდის...

რადიო თავისუფლება: ვიცით, საიდანაც მოდის.

პიტერ ვიბლერი: ვფიქრობ, ეს მხოლოდ ერთი წყაროდან არ არის. ეს არ არის პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის. ჩვენ ამის მოწმე ვართ ევროკავშირში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. სამწუხაროდ, მსგავსი კრიზისული სიტუაციები არის შესანიშნავი ნიადაგი ჭორებისთვის, დეზინფორმაციისთვის. ჩვენ მივაწოდეთ სამოქალაქო საზოგადოებას გარკვეული რესურსები, რომ მათ შეეძლოთ გამოააშკარაონ ზოგიერთი მითი და შეაჩერონ დეზინფორმაციის გავრცელება თავიანთ თემებში. ეს მოიცავს ზოგიერთი ეროვნული უმცირესობის თემსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და რომელიც ხშირად იქცევა ხოლმე ქვეყნის გარედან მომდინარე დეზინფორმაციის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ.

ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ტურიზმის სააგენტოში, რომელიც აშკარად არის მთავარი მამოძრავებელი საქართველოს ეკონომიკური ზრდის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში


რადიო თავისუფლება: სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის გარედან.

პიტერ ვიბლერი: დიახ, ყველანი ვადევნებდით თვალს ამბებს „ფეისბუკის“ გვერდებსა და მსგავს რაღაცებზე.

ბოლოს, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღდგენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და USAID-ი, კვლავაც ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობაზე დაყრდნობითა და იმის წყალობით, რომ დღეს ამერიკის ხალხს აღმოაჩნდა საამისოდ ეკონომიკური რესურსები, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, სურსათის სააგენტოში, კერძო სექტორში ფერმერებთან, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში იყვნენ ჩვენი პარტნიორები მრავალი წლის მანძილზე. ჩვენ შევძელით გადაგვეკეთებინა და მოგვეხდინა ფერმერებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი პროგრამის რეორიენტაცია ჰიგიენისა და სანიტარიიის მეთოდებზე ყურადღების გამახვილებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი თავიანთ პროდუქციას სწორად დაამუშავებენ, რომ შეძლონ გაყიდვა ადგილობრივ ბაზრებსა თუ, საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროპის ბაზრებზე.

გამოვეხმაურეთ პრემიერმინისტრის ოფისის თხოვნას ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციის გაწევაზე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიის შემუშავებასა და დაგეგმვაში.


ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ტურიზმის სააგენტოში, რომელიც აშკარად არის მთავარი მამოძრავებელი საქართველოს ეკონომიკური ზრდის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში. ჩვენ მას ვეხმარებით გეგმებისა და კონკრეტული სტრატეგიების შემუშავებაში იმისათვის, რომ, როცა მზად ვიქნებით ტურისტების მისაღებად, რასაც ყველანი მოუთმენლად ველოდებით, მათ შეძლონ ოპტიმალურ სამიზნე ქვეყნებთან მუშაობა, რომ ისინი ქართველებისთვის და ტურისტებისთვისვე უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ და აგრეთვე ეს იყოს ეკონომიკურად ეფექტიანი და შედეგის მომტანი.

ჩვენ ასევე გამოვეხმაურეთ პრემიერ-მინისტრის ოფისის თხოვნას ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციის გაწევაზე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიის შემუშავებასა და დაგეგმვაში. ჩვენ ამას დადებითად ვუპასუხეთ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა და თანადგომა არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიმართ, არამედ ხანგრძლივი თანამშრომლობა საქართველოს ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წამყვან მოთამაშეებთან, რასაც დავეფუძნეთ და მივიწევთ წინ, რომ გადავჭრათ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ყველა ჩვენგანისთვის.

რადიო თავისუფლება: შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა საქართველოს საზოგადოება უსმენს მთავრობის პრეზენტაციებსა და გეგმებს, მათში არის USAID-ის წვლილიც? უფრო მკაფიო რომ იყოს: როგორ განისაზღვრება პრიორიტეტები. გუშინ მოვისმინეთ ტურიზმზე, როგორც პრიორიტეტულ საკითხსა და სფეროზე, თუმცა ტურიზმის სექტორის ბევრი მოთამაშე დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი მინიმუმ 2020 წლის მიმართ.

ჩემს კოლეგებსა და ქართველ პარტნიორებს ვეტყოდი, რომ თანხის ოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად შეგვიძლია ვუპასუხოთ და რამდენად ეფექტიანად ვპასუხობთ საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის რეალურ საჭიროებებს.


პიტერ ვიბლერი: რაც USAID-მა გააკეთა, არის, რომ უპასუხა პრემიერ-მინისტრის ოფისის, კერძოდ, მისი ეკონომიკური მრჩევლის თხოვნას, შეგვეთავაზებინა ტექნიკური ექსპერტები პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის რჩევების მისაცემად. ვფიქრობ, განვითარების სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაფინანსებული ასეთი მრჩევლები არაერთია. ასე რომ, არ მინდა იმის თქმა, რომ USAID-მა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და სხვებმა დაგეგმეს და წარმოადგინეს. ჩვენ შევთავაზეთ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა და ეს იყო რეაგირება ჩვენი პარტნიორის თხოვნაზე.

რადიო თავისუფლება: გმადლობთ ამ დეტალებისთვის.

USAID-მა პროგრამული დახმარება აღმოუჩინა კანონის უზენაესობის სფეროში მოღვაწე ინსტიტუტებს. რომელი ინსტიტუტები იგულისხმება და როგორ იგრძნობს საქართველოს ხალხი ამ მხარდაჭერას? რამდენად დაეხმარება ეს სასამართლო პროცესების გამჭვირვალობას, რომლებიც ამ პანდემიის დროს ნაწილობრივ ონლაინ ხორციელდება და არსებობს რეალური გამოწვევა მათი გამჭვირვალების?

პიტერ ვიბლერი: გამოწვევა ნამდვილად არსებობს და ეს გამოწვევა არსებობს მთელ დედამიწაზე, არა მხოლოდ საქართველოში.

დეტალებზე რომ გითხრათ, ჩვენ პროგრამული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ადვოკატთა ასოციაციას და იურიდიული დახმარების სამსახურს, რომლებიც, ალბათ იცით, USAID-ის და განვითარების მხარდამჭერი სხვა ორგანიზაციების დიდი ხნის პარტნიორები არიან. ამგვარი დახმარების არსი ის იყო, რომ ამ ძალიან უჩვეულო ვითარებაში, როცა შეზღუდულია გადაადგილება, კონტაქტი, გვსურს იმის უზრუნველყოფა, რომ ამ სერვისებმა შეძლონ გარკვეული სახის მხარდაჭერის აღმოჩენა თავიანთი წევრებისთვის. ეს აშკარად არ ფარავს საჭიროებების ას პროცენტს, მაგრამ გათვალისწინებულია იმისთვის, რომ შეძლონ შესთავაზონ მომსახურება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

იურიდიული დახმარების სამსახური მომსახურებას სთავაზობს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელსაც არ შეუძლია დაიქირაოს ადვოკატი და დაფაროს სამართლებრივი დაცვის ხარჯები. ადვოკატთა ასოციაცია აგრეთვე მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ორი მაგალითი, რომლის მოყვანაც შემიძლია.

რადიო თავისუფლება: არ ვარ დარწმუნებული, რომ ვახსენეთ სრული თანხა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ გამოყო საქართველოში პანდემიით გამოწვეული უპირველესი საჭიროებების დასაფარად - 1.7 მილიონი ამერიკული დოლარი.

ჩვენი ჯგუფები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან და ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებთან ერთად მუშაობენ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან და მის საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფთან, რომ შევთავაზოთ ჩვენი რჩევები, ჩვენი წინადადებები, საუკეთესო საექსპერტო რჩევები მნიშვნელოვან რეფორმებზე.


პიტერ ვიბლერი: ეს 1.7 მილიონი არის თანხა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საგანგებო დახმარებას, რომელიც გამოყოფილია ბოლო თვე-ნახევარში და ამერიკის ხალხის გულუხვობის შედეგია. ეს არის ახალი და ეს არის დამატება USAID-ის იმ მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელიც ხორციელდება ყოველ წელს კონგრესის მიერ გულუხვად გამოყოფილი თანხებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რაც შეადგენს დაახლოებით 72 მილიონ დოლარს ყოველწლიურად: ეკონომიკის ზრდის, სოციალური განვითარების პროგრამებისთვის, მმართველობითი ინიციატივებისთვის.

ჩემს კოლეგებსა და ქართველ პარტნიორებს ვეტყოდი, რომ თანხის ოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ვუპასუხოთ და რამდენად ეფექტიანად ვპასუხობთ საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის რეალურ საჭიროებებს და როგორ ვცდილობთ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ უფრო დიდი მიზნების განხორციელებას, რომლებიც აშშ-ს აქვს საქართველოში. ეს მიზნებია: საქართველოს დახმარება ევროპასა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებაში, მისი დემოკრატიის განმტკიცება და ეკონომიკის აყვავება, რომელიც იქნება ბევრად ინკლუზიური, რომ ყველა ქართველმა ისარგებლოს ეკონომიკის ზრდით და საქართველოს უსაფრთხო მოკავშირედ ქცევა. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე თანხის ოდენობა. მნიშვნელოვანია, რისი მიღწევა გვსურს და როგორ უწყობს USAID-ი ხელს ამ მიზნებისკენ სვლას.

რადიო თავისუფლება: უნდა აღვნიშნო, რომ დასავლელი პარტნიორები იყვნენ ძალიან ოპერატიულები საქართველოს ხალხის საჭიროებებზე რეაგირებასა და ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის დახმარების აღმოჩენაში. ეს რეალობაა.

რაც შეეხება საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია: დემოკრატია საქართველოში და მომავალი არჩევნები - COVID-ის პანდემიამ დიდად შეცვალა პროცესები, შეანელა ისინი, უფრო გაართულა პოლიტიკური დიალოგი. როგორ უყურებს USAID-ი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების მხარდაჭერას პანდემიის პირობებში, რომელიც არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება?

პიტერ ვიბლერი: შესანიშნავი შეკითხვაა და აშკარად მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ეს არის საკითხი, რაზეც მთელი ჩვენი საელჩო მუშაობს და არა მხოლოდ USAID-ი. იცით ჩვენი ელჩის წამყვანი როლის შესახებაც.

რადიო თავისუფლება: რა თქმა უნდა.

პიტერ ვიბლერი: იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ, რაც შევნიშნე და ჯერ არ მითქვამს: ვფიქრობ, ამ კრიზისის დროს ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა დაამტკიცეს და აჩვენეს უნარი, ეპასუხათ COVID-19-ის სპეციფიკური გამოწვევებისთვის. პანდემიამ ზეგავლენა კი იქონია სხვა საკითხებზე, რომლებიც უფრო გრძელვადიანია და პირდაპირ არ უკავშირდება არსებულ კრიზისს - როგორიცაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მხარეებს არ შეუწყვეტიათ მათზე მუშაობა.

ვიდრე COVID-19-ი ყველას დაგვატყდებოდა, შეთანხმებული ვიყავით, რომ დახმარება უნდა გაგვეწია ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ამაში იგულისხმება ტექნიკა და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება, სწავლება. ეს დახმარება ხორციელდება.


მაგალითად, ჩვენი ჯგუფები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებთან ერთად მუშაობენ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან და მის საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფთან, რომ შევთავაზოთ ჩვენი რჩევები, ჩვენი წინადადებები, საუკეთესო საექსპერტო რჩევები მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლების გატარებაც საჭიროა ეუთოს რეკომენდაციების - რეალურად, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ძალიან მაღალი სტანდარტით, როგორსაც იმსახურებენ საქართველო და ქართველები.

ჩვენ ვმუშაობთ ამ ფორმატში და ვთავაზობთ რჩევებს. ეს პროცესი არ შეჩერებულა, გვაქვს გაცვლა-გამოცვლა და წუხელ მივიღეთ რეკომენდაციები USAID-ის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ექსპერტისგან, რომლებსაც გავუზიარებთ სპიკერ თალაკვაძესა და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებს. ძალიან მალე გავაკეთებთ ამას იმის იმედით, რომ ის კვლავაც შეძლებს გვაჩვენოს შესანიშნავი თანამშრომლობა, რასაც ვხედავთ რეფორმის სხვადასხვა სფეროზე მუშაობისას. ეს არის ერთი მაგალითი, თუ როგორ დაამტკიცა საქართველოს მხარემ, რომ აქვს უნარი უპასუხოს პანდემიას და აგრეთვე, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე - გაფაციცებული იყოს სხვა საკითხებზეც.

მოველით საქართველოსგან - როგორც დემოკრატიის განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისგან, რომ ის შეასრულებს რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ბევრმა საერთაშორისო მეგობარმა შესთავაზა და საბოლოოდ მიგვიყვანს უფრო ძლიერ, უფრო კონკურენტულ, უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემამდე.


კიდევ ერთი საკითხი - ვიდრე COVID-19-ი ყველას დაგვატყდებოდა, შეთანხმებული ვიყავით, რომ დახმარება უნდა გაგვეწია ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ამაში იგულისხმება ტექნიკა და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება, სწავლება. ეს დახმარება ხორციელდება. ჩვენ მისი დაწყება დაახლოებით სამი კვირის წინ ვირტუალურად აღვნიშნეთ ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიასა და იმ ადგილობრივ კომპანიასთან ერთად, რომელსაც შემოაქვს ეს მართლაც რთული კიბერტექნიკა. მან ხელი უნდა შეუწყოს არჩევნების მაქსიმალურ დაცულობას და აგრეთვე ხელი შეუშალოს გარედან ჩარევის ნებისმიერ მცდელობას. ნამდვილად მოხიბლული ვარ საქართველოს მხარის უნარით, გააგრძელოს ამ სფეროებში წინსვლა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ აშშ-ის ელჩის, აგრეთვე ევროკავშირელი პარტნიორების როლი პოლიტიკურ დიალოგში. რამდენად მნიშვნელოვნად თვლით იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 8 მარტს შეთანხმდა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის?

პიტერ ვიბლერი: ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლით და ელჩმა ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოველით საქართველოსგან - როგორც დემოკრატიის განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისგან, რომ ის შეასრულებს რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ბევრმა საერთაშორისო მეგობარმა შესთავაზა და საბოლოოდ მიგვიყვანს უფრო ძლიერ, უფრო კონკურენტულ, უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემამდე.

ჩვენ მოველით 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ. მართალია, ეს შეთანხმება მიღწეული იყო მანამდე, ვიდრე COVID-19-ის მასშტაბი გაიზრდებოდა საქართველოში, რამაც გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, თუმცა ეს დაპირებები მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და მნიშვნელოვანია ახლაც.


ვფიქრობ, სპიკერ თალაკვაძისა და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის ყველა წევრის მიერ გამოთქმული დაპირებები და ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცი, რომ გვაქვს პროგრესი, მაგრამ ჯერ ბოლოში არ გავსულვართ და მოუთმენლად ველით საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოკვეთილი ყველა მოთხოვნის შესრულებას, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განახორციელოს.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოხატავს, არის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ეხება „პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებს და რამდენიმე პოლიტიკური პირის პატიმრობას. მოელით, თუ არა, რომ შეთანხმების ეს ნაწილიც შესრულდეს?

პიტერ ვიბლერი: ასე ვიტყოდი, ნინო, რომ აშშ-ის პოზიცია, რომელსაც ელჩი გამოხატავს, არის ის, რომ ჩვენ მოველით 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ.

მართალია, ეს შეთანხმება მიღწეული იყო მანამდე, ვიდრე COVID-19-ის მასშტაბი გაიზრდებოდა საქართველოში, რამაც გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, თუმცა ეს დაპირებები მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და მნიშვნელოვანია ახლაც. ასე რომ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაპირებები შესრულდება ყველა მხარის მიერ.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა, ბატონო ვიბლერ.

პიტერ ვიბლერი: დიდი მადლობა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG