Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რატომ არ უნდა დაეკავებინა პოლიციას ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირები


ხურვალეთი
ხურვალეთი

კვირა საღამოს ხურვალეთის სასაფლაოსთან ჩოჩქოლი და ხმაური ატყდა. ხურვალეთელებმა დაინახეს, ოკუპირებული ტერიტორიიდან როგორ დაეშვნენ სამოქალაქო პირები სოფლის სასაფლაოს მიმართულებით.

მათი ხმაც ესმოდათ. ოსურ-ქართულად საუბრობდნენ. ადგილზე პოლიცია მალე მივიდა. ილაპარაკეს და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარიდან გადმოსული 4 პირი უკან გაბრუნდა. საღამოს 9 საათისთვის სოფელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცხელი ხაზი გააქტიურდა.

რადიო თავისუფლების წყარო ხურვალეთიდან ამბობს, რომ სოფლის სასაფლაო მეზობელი სოფლის, ოკუპირებული ძუკაანთკარის სასაფლაოს ესაზღვრება. ხურვალეთის სასაფლაო სოფლის გასწვრივ არსებული ქედის ძირშია, ძუკაანთკარის სასაფლაო კი - ქედის წვერზე. იქვე ახლოს საოკუპაციო ძალების საგუშაგოცაა. ძუკაანთკარელები თავიდან სასაფლაოს ოკუპირებულ ნაწილში მივიდნენ, სუფრა გაშალეს და ღვინოც დალიეს, ნასვამმა 4-მა პირმა კი საღამოსკენ გადაწყვიტა ხურვალეთის არაოკუპირებულ სასაფლაოზე ჩასულიყო და იქ დაკრძალული ნათესავებისთვისაც მიეგო პატივი.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ხურვალეთსა და ძუკაანთკარს ერთი სასაფლაო ჰქონდათ. პრაქტიკულად, ძუკაანთკარი ხურვალეთის ერთ-ერთ უბნად ითვლებოდა და ვიდრე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართებით სოფელი და სასაფლაო შუაზე არ გაყვეს, ქართველები და ოსები ერთმანეთთან ინტენსიურად მიმოდიოდნენ და მიცვალებულებსაც პატივს ერთად მიაგებდნენ. მცოცავი ოკუპაცია კი, ცოცხლებსაც შეეხო და მკვდრებსაც. მავთულხლართებით გაყოფილი ნათესავები ახლა ვეღარც ერთმანეთთან მისვლას ახერხებენ და ვეღარც საფლავებზე გასვლას.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ქედზე ჩამოსვლისას ნასვამმა ძუკაანთკარელებმა ხურვალეთელები შენიშნეს და გადაპატიჟება დაუწყეს: ამოდით, ჩვენთან ერთად ორი ჭიქა დალიეთო. ეს ხმაური სოფელში ზოგს გინებად მოეჩვენა, ადგილზე კი პოლიცია მივიდა. ამ ინციდენტს შორიდან აკვირდებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილიდან ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელეს. მათ დაინახეს, როგორ შევიდა სოფელში და შემდეგ საოკუპაციო ხაზისკენ გაემართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა მეორე შანსი, რომ დაეკავებინა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირები და ისინი ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში გაეცვალა.

ინციდენტს ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელიც აკვირდებოდა. თავშესაფარი ქედთან ახლოსაა და ყველა გადაადგილება და ინციდენტი ადვილად შესამჩნევია. ლუდა სალია ამბობს, რომ სოფელში შეშინდნენ, როცა პოლიციის მობილიზება და ოკუპაციის ხაზისკენ გადაადგილება შენიშნეს. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მანქანებიც შეამჩნია, იქვე კი საოკუპაციო ძალების საგუშაგოებია. მისი თქმით, ბოლომდე მაინც გაურკვეველი დარჩა, რა მიზანი ჰქონდათ ძუკაანთკარიდან გადმოსულ სამოქალაქო პირებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყვეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხურვალეთში ინციდენტი მოხდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. როგორც სუს-ში განაცხადეს, ინციდენტის ადგილი ოკუპირებული ტერიტორია იყო.

სოფლის მოსახლეობა ერთს ამბობს, სუს-ი მეორეს. ხურვალეთელების ცნობით, სამოქალაქო პირები სოფლის არაოკუპირებულ ნაწილში იმყოფებოდნენ, როცა პოლიციამ შეაჩერა და უკან გააბრუნა. სუს-ი კი აცხადებს, რომ ინციდენტი ოკუპირებული ძუკაანთკარის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ოკუპირებული სოფლიდან გადმოსულ ოსი ეროვნების სამოქალაქო პირებს საქართველოს პოლიცია მაინც ვერ დააკავებდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ისევე აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება, როგორც საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, მათი დაკავება კი ამ შემთხვევაში ე. წ. საზღვრისა და ამ პირთა უცხო ქვეყნის მოქალაქეებად აღიარება იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ადგილზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. სავარაუდოდ, პოლიციამ გამოიყენა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისამდე იკრძალება, და ისინი უკან გააბრუნა.

ეს ინციდენტი რადიკალურად განსხვავდება 7 მარტის ინციდენტისგან, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სროლით შეიჭრნენ ხურვალეთის ტერიტორიაზე და ადგილობრივი მცხოვრების დაკავება სცადეს. ესე იგი უცხო ქვეყნის შეიარაღებული პირები სროლით მისდევდნენ საქართველოს მოქალაქეს და მის გატაცებას აპირებდნენ. მაშინ პოლიციამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაიარაღა, დააკავა და მალევე გაუშვა. სამოქალაქო აქტივისტები გახელაძის გათავისუფლების პირველ შანსს სწორედ ამ ინციდენტს უკავშირებენ, როცა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო დაკავებული სამხედროები ზაზას გასათავისუფლებლად გამოეყენებინა.

ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი მუდამ ყურადღებით აკვირდება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტს ერთი შანსი ნამდვილად გაუშვა ხელიდან, როცა ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში მყოფი საკუთარი მოქალაქეების ინტერესები უფრო მაღლა არ დააყენა. ირმა ბუთხუზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეთნიკური ოსების გადაადგილების მიმართ უარყოფითად არ არის განწყობილი. მისი აზრით, ხელისუფლებამ პატიმრების გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმები უნდა აამოქმედოს. გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG