Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელებს საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევენ


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. საგარეო უწყების განცხადება ნაწილია თეირანის ბოლოდროინდელი განაწყენებისა. ირანის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ საქართველოს საზღვარზე. სპეციალისტების აზრით, მსგავსი განცხადებები და შესაბამისი ფაქტები საფრთხეს უქმნის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

თეირანის განაწყენება

10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები - საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე. ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას - თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეების მასობრივ არშეშვებასთან დაკავშირებით. მანამდე, 3 დეკემბერს, ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ირანის 200-მდე მოქალაქეს.

ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა და კერძოდ, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა. კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დავით ზალკანიანი ირანის გაფრთხილებაზე, არ ესტუმრონ საქართველოს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 10 დეკემბერს თქვა, რომ „დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები“ და მალე ორ ქვეყანას შორის პრობლემა აღმოიფხვრება. ასევე, მისი თქმით, განიხილეს სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ქართულ მხარეს „ცოტა განსხვავებული ინფორმაცია“ ჰქონდა, მაგალითად, დეპორტირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში:

  • საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 434 მოქალაქე. ამ სიის პირველ სამეულში ირანს მოსდევს ინდოეთი (370) და თურქეთი (46).
  • საქართველოდან გააძევეს ირანის 2 მოქალაქე.
  • სავიზო რეჟიმი დაარღვია ირანის 159-მა მოქალაქემ (ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ 45 დღის განმავლობაში).
  • საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ირანის 17 595-მა მოქალაქემ, რაც 13%-ით აღემატება შარშანდელ ნოემბრის მაჩვენებელს.

საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია კანონით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ჩამოთვლილია საკმაოდ ბევრი მიზეზი. მაგალითად, როგორც შს სამინისტრომ განუმარტა რადიო თავისუფლებას, ირანელი მუსიკოსი - აჰუ (Ahu) - საქართველოში არ შემოუშვეს ამ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის ,,დ'' და ,,თ'' ქვეპუნქტების საფუძველზე.

  • "დ" ქვეპუნქტით, პირს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეტყვიან, „თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები“;
  • "თ" ქვეპუნქტით, პირს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეტყვიან, „თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ“.

იმ ფაქტს, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს, უსიამოვნოდ მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მერაბ ჯანიაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთისა და ირანის მსგავს არადემოკრატიულ, დახურულ სისტემებში ასეთი მოწოდებები გავლენას ახდენს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე და შესაძლოა, ამან ზეგავლენა მოახდინოს ტურისტების ნაკადზეც. შესაბამისად, პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია, რადგანაც „გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ირანსა და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ“.

ტურიზმის შეფერხების საფრთხე

ყოველთვიურად საქართველოს ათობით ათასი ირანელი ვიზიტორი ჰყავს, მაგალითად, 2017 წელს მათი რიცხვი თითქმის 283 ათასს შეადგენდა და ეს სტატისტიკა ბოლო წლებში სულ უფრო მზარდია.

შთამბეჭდავი დანახარჯების სტატისტიკაც. საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, თუკი ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 889 ლარს შეადგენდა, ირანელები ვიზიტზე საშუალოდ 1812 ლარს ხარჯავდნენ.

„თუკი დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით ვითარება სათანადოდ არ დასაბუთდება და ეჭვებს გამოიწვევს, შესაძლოა, მართლაც შემცირდეს ირანელი ტურისტების რიცხვი. ამასთან, უარყოფითი ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელების საშუალებითაც და შესაძლოა, ირანელების უარყოფითი გამოცდილება სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც გაითვალისწინონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მუჩაიძემ. მისი თქმით, ამ არასახარბიელო ეჭვებს უფრო დამაჯერებელს ხდის საქართველოში გავრცელებული ქსენოფობიური განწყობები, რაც ირანის მოქალაქეებსაც შეეხება.

ირანელი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ფრთხილი პოლიტიკის ჭრილში გიორგი მუჩაიძე ვერ ხედავს კავშირს იმ ფაქტთან, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობები აქვს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, კანონმორჩილ ირანელ მოქალაქეს არასოდეს ექმნება პრობლემა შეერთებულ შტატებში, ხოლო ვისაც იქ არ შეუშვებენ, მისი გამობრუნებაც სათანადოდ არის დასაბუთებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG