Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება ირანიდან საქართველოში და პირიქით


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით“.

დღის ბოლოს გახდება ცნობილი, გამოუვლინდება თუ არა კორონავირუსი ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. პარალელურად, ყურადღების ცენტრში არიან ასევე ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები. 34 პირი ამ დრომდე საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ირანის ხელისუფლების თანახმად, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, რითაც 8-მდე გაიზარდა ქვეყნის მასშტაბით ამ ტიპის დაავადების მსხვერპლთა რიცხვი. დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი 18 შემთხვევა. აქედან ორი დაფიქსირდა თეირანში, დანარჩენი კი დედაქალქიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ყუმში. სულ 43 კაცი გადის მკურნალობას.

ორი კვირის წინ საქართველომ ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი.

ჩინეთის შემდეგ ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით.

საქართველოს მთავრობა ასევე აფრთხილებს ხალხს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში.

XS
SM
MD
LG