ამ მარშრუტის ამუშავებას მუდმივად განიხილავს გროზნო/მოსკოვი, თუმცა თბილისის ოფიციალური პოზიციაა, რომ ამ გზის შესაძლებლობა არასოდეს განუხილავს.
კვირას, 14 დეკემბერს, ჩეჩნეთში გამართულ პრესკონფერენციაზე რამზან კადიროვს ჰკითხეს, თუ „რა უშლის ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას ხელს“.
„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს და ყველაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა კადიროვმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა „დოკუმენტებს“ გულისხმობდა.
„სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“, - თქვა რამზან კადიროვმა.
2022 წელს ჩეჩნეთის მაღალჩინოსნები კვლავ საუბრობდნენ ამ გზის გახსნის საჭიროებაზე, – უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო „შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების“ გათვალისწინებით.
- ჩეჩნეთის მხარეს საავტომობილო გზა წლებია არსებობს, თუმცა არ არის კეთილმოწყობილი;
- საქართველოს ტერიტორიაზე შემხვედრი გზის ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
2022 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“.
„ეს საკითხი დიდ პრესკონფერენციაზე წამოჭრეს პუტინთან, რაზეც ვლადიმირ ვლადიმირის ძემ განაცხადა, რომ ეს კარგი იდეაა და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის სამინისტროში პრაქტიკული გეგმა არ არსებობს, მიზანშეწონილობა ნამდვილად დგას“, - განაცხადა მან.
2022 წლის 17 მარტს „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე“ გამოეხმაურა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
„[გვსურს] ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, არის მცდარი“, - განაცხადა სამინისტრომ.
ფორუმი