Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ლეგიონი" უკრაინის მოხალისეთა არმიის ნაწილი გახდა


მარცხნიდან: მამუკა მამულაშვილი და დმიტრო იაროში
მარცხნიდან: მამუკა მამულაშვილი და დმიტრო იაროში

უკრაინის მოხალისეთა არმიის მეთაურის, დმიტრო იაროშის, განცხადებით, "ქართული ლეგიონი" ოფიციალურად შევიდა მათ შემადგენლობაში. მან ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, საბრძოლო დროშა გადასცა „ძმობის, ერთიანობისა და საერთო ბრძოლის ნიშნად“.

„მეგობარ მამუკასთან ერთად 2014 წლიდან ვიბრძვით მოსკოვის შეუმდგარი იმპერიის წინააღმდეგ... მადლობას ვუხდი ღმერთს ასეთი თანამებრძოლი მეგობრისთვის და იმ პატივისთვის, რომ უკრაინის მოხალისეთა არმიის შემადგენლობაში "ქართული ეროვნული ლეგიონის" ხელმძღვანელობა მაჩუქა! უკრაინის თავდაცვის ძალები გაძლიერდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილმა წევრმა და „მემარჯვენე სექტორის“ ყოფილმა ლიდერმა დმიტრო იაროშმა.

„ქართული ლეგიონი" ერთ-ერთი პირველი უცხოური საბრძოლო დანაყოფი იყო, რომელიც ომის დასაწყისშივე უკრაინის დასაცავად დადგა - უკრაინელ მოხალისეებთან მხარდამხარ. გულწრფელ მადლობას ვუხდით უკრაინის მოხალისეთა არმიის სარდლობას ღია გულისთვის, ძმობისა და გულწრფელი ნდობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ ადამიანებთან ერთად მსახურება. უკრაინას მეტი ასეთი მეთაური და პატრიოტი სჭირდება, როგორიც დმიტრო იაროშია - ღირსეული, პრინციპული და სამშობლოს უკომპრომისოდ მოყვარული“, - თქვა მამუკა მამულაშვილმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ლეგიონი დაშალა და მათი პირადი შემადგენლობის თავდამსხმელ დანაყოფებში ინტეგრირება გადაწყვიტა. ლეგიონების ზოგმა წევრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელი მოხალისეების ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება და შესაძლოა, მისი სრული შეწყვეტაც კი.

„ქართული ლეგიონი“ უკრაინის არმიის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა შეიარაღებული შენაერთია. ის ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოცდილი ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგება. რუსეთში „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. მის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, დაუსწრებლად მიესაჯა 23 წლით პატიმრობა.

უკრაინული ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ (რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის აღიარებული და აკრძალულია) ყოფილი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი დმიტრო იაროში, 2021 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მრჩევლად დაინიშნა. რუსული პროკრემლისტური მედია იაროშს მოიხსენიებს თითქოსდა უკრაინაში ნაციონალისტების, „ბანდერელების“, დომინირების დასტურად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG