Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვქონდა - ირანის ელჩი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რცხილაძეზე

„ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ მოსაზრებას თეირანს გადავცემთ“ - ირანის ელჩი
„ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ მოსაზრებას თეირანს გადავცემთ“ - ირანის ელჩი

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ორი ქვეყნისთვის „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესთან საელჩოს „გახსნილი ურთიერთობა ჰქონდა“ და „არაფერი დაფარული არ იყო“.

თუმცა იგი ამბობს, რომ „ნებისმიერი ადამიანის დაკავება ჩვენთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა“ და სვამს კითხვას, თუ „რის საფუძველზე ითქვა, რომ ირანია“ ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომლისთვისაც რცხილაძეს ჯაშუშობას ედავებიან.

ალი მოჯანის რცხილაძის შესახებ შეკითხვა ირანის საელჩოში, მისი ელჩობის ექვსთვიანი პერიოდის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მის კომენტარს ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ (IPN) ავრცელებს.

„ირანის სასარგებლოდ“?

გამოძიების თანახმად, გულბაათ რცხილაძეს ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად - თუმცა გამოძიება „გრიფით საიდუმლო“ საქმეში არცერთ ქვეყანას არ ასახელებს და ამაზე ვერც ადვოკატები ვერ ლაპარაკობენ.

საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეჭვი გაჩნდა ირანის მიმართულებით, რადგან რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა და მხოლოდ მამის ავადმყოფობა უშლიდა ხელს.

მისი თანაგუნდელებისგან რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, გულბაათ რცხილაძე „მოვლენების გასაშუქებლად“ ირანში ელჩმა - სეიედ ალი მოჯანიმ - დაპატიჟა მას შემდეგ, რაც „ობიექტივმა ცალმხრივად ანტიირანული განცხადება გააკეთა“.

რადიო თავისუფლებამ ამის შესახებ 1 ივნისს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუსვა შეკითხვა ელჩ მოჯანის. მან გვიპასუხა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემას „გარკვეული დრო დასჭირდება“, თუმცა საბოლოოდ პასუხი არ გაუცია.

„გახსნილი ურთიერთობა“

ამჯერად, 11 ივნისს, პრესკონფერენციაზე გულბაათ რცხილაძის შესახებ სხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა ალი მოჯანის.

„ჩვენ მასთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვქონდა. არაფერი დაფარული არ იყო“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საელჩოს „ყველა ექსპერტთან, მკვლევართან“ აქვს ურთიერთობა, „ვინც რეგიონის პრობლემატიკაზე და ზოგადად, საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობს“.

„არ აქვს მნიშვნელობა, გულბაათი ერქმევა მას თუ ზაზა. ჩვენ ყველა ექსპერტის, მკვლევრის ანალიტიკურ ნაშრომს ვეცნობით. შესაბამისად, მათ მოსაზრებებს ვუსმენთ და რჩევებსაც ვითვალისწინებთ“.

შემდეგ კი განაცხადა: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო პირდაპირ აისახება ირანის უსაფრთხოებაზე, ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ მოსაზრებას თეირანს გადავცემთ“.

იქვე დასძინა: „არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, საქართველოს შიდა საკითხებში ჩავერიო“.

უარი რადიო თავისუფლებას

  • ირანის საელჩოში ელჩმა ალი მოჯანიმ 11 ივნისს გამართა ვრცელი პრესკონფერენცია, რომელსაც ქართული მედიის ნაწილი ესწრებოდა; პრესკონფერენცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა;
  • საელჩომ რადიო თავისუფლებას უარი განუცხადა პრესკონფერენციაზე დასწრებაზე;
  • უარის საფუძვლად საელჩოს პრესასთან ურთიერთობის თანამშრომელმა დაასახელა, რომ „ინტერვიუ განკუთვნილია მხოლოდ საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის“ და „სამწუხაროდ, თქვენ არ წარმოადგენთ ქართულ მედიას, ამიტომ ინტერვიუს ჩატარება შეუძლებელია“.
  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის საელჩოში პრესკონფერენციაზე არ დაუშვეს რადიო თავისუფლების რეპორტიორები.

„ვერ იქნება კავშირში“

მოჯანიმ ოდნავ მეტი ისაუბრა გულბაათ რცხილაძეზე:

„ნებისმიერი ადამიანის დაკავება ჩვენთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა“, - თქვა მან, შემდეგ კი ახსენა, რომ „მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თითქოს ერთ-ერთი ქვეყანა იყო ირანი“:

„რის საფუძველზე ითქვა, რომ ირანია? დოკუმენტაცია იყო, რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინეს? სასურველია შესაბამის უწყებებს მიმართოთ ამ კითხვით“, - განაცხადა მან.

„მე საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩავერევი და კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - გაიმეორა ელჩმა.

„ის ერთხელ იყო საელჩოში მოსული მსგავს პრესკონფერენციაზე და ერთხელ მე ვიყავი მასთან მიწვეული, კონფერენცია ჰქონდა. ერთ-ერთ პანელურ სხდომაზე საკითხი ეხებოდა ირანს, სადაც გავაკეთე მოხსენება ირანში მიმდინარე პროცესების შესახებ. ზოგი ექსპერტი გვყავდა მოწვეული, ვახშმით გავუმასპინძლდი, მაგრამ გულბაათთან არანაირი ვახშამი არ გვქონია“, - განაცხადა ელჩმა.

გულბაათ რცხილაძის საქმე

გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულ რცხილაძეს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და „ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“.

1 ივნისს რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებულის ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის განცხადებით, გულბაათ რცხილაძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია - არც ჩვენება არ მიუცია, არც ბრალი არ უღიარებია.

როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ: „არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა, ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი“.

მოსკოვის გამოხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, - რომელიც მან 4 ივნისს გააკეთა, - „არ შეიძლება, არ აღელვებდეთ“ რცხილაძის ბედი.

ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს საკითხში“.

ზახაროვამ თქვა, რომ გაეცნო ცნობებს რცხილაძის დაკავებაზე და კოლეგებს, „რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ“, სთხოვა ინფორმაციის მიწოდება:

მითხრეს, რომ მას ძალიან კარგად იცნობენ. ადამიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დაუმალავად, დაუფარავად გამოდის საქართველოსა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობის, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხარდასაჭერად“.

„როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. დაკავებული იყო ჩვენი საერთო წარსულის შესწავლით, მემორიალური სამუშაოთი, მათ შორის მეორე მსოფლიოში ომის წლებში დაკარგულების მოძიებით, ძეგლების აღდგენით, იცავდა ისტორიულ სიმართლეს, ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და შეუფასებელ წვლილს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG