ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს, რომ „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები“.
მისი თქმითვე, საჭიროა მსოფლიოს მიერ „სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება“.
ირანიც და ჩინეთიც არიან იმ 55 ქვეყანას შორის, რომლებმაც 2026 წლის 5 ივნისს მორიგ ჯერზე შეიკავეს თავი, ხმა მიეცათ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლებისთვის.
რა თქვა ჩინეთის ელჩმა?
ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 10 ივნისს გააზიარა წინა დღეს ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადება ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის შესახებ.
„არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ელჩა ჭოუ ციენმა.
„ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე“, - თქვა მან.
- წინა საღამოს, საქართველოს დროით 9 ივნისს, ნაშუაღამევს, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლის ინიციატორიც ჯო უილსონია;
- 9 ივნისსავე თბილისმა და პეკინმა ერთობლივად განაცხადეს, რომ 2023 წელს დადებული „სტრატეგიული პარტნიორობა“ ახალ ეტაპზე - „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ - აიყვანეს.
- 10 ივნისს კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა, როგორც თანასწორს და თანატოლს“, რაც, მისი თქმით, „განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია“.
რას ამბობს ირანის ელჩი?
ირანის ელჩმა ჩინელი კოლეგის სიტყვების გაზიარებისას ფეისბუკზე დაწერა:
„დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება“.
„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები“, - განაცხადა მან.
შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უწოდა „თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალა“ და „შუა დერეფანზეც“ გაამახვილა ყურადღება:
- „გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან.
- ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს.
- ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას“, - წერს ალი მოჯანი.
ირანსა და ჩინეთს ახლო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, მჭიდრო და მზარდი ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროს კავშირებით.
„სანქციები კრიზისებს ამძაფრებს“
„ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს“, - წერს ალი მოჯანი.
„წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას“, - აცხადებს იგი.
„პროირანული, ჩინეთის მხარდაჭერილი რეჟიმი“
კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღწერს, როგორც „პროირანული რეჟიმს, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“; მისი შეფასებითვე, ის „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს“.
თბილისი სხვა არაერთი აქტორისგან იღებს კრიტიკას იმის გამო, რასაც კრიტიკოსები აშშ-ის მეტოქეებისადმი, ჩინეთის, ირანისა და რუსეთისადმი მაამებლურ პოლიტიკას უწოდებენ.
საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს.
ჯო უილსონს თბილისში უწოდებენ „არასერიოზულ კაცს“, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშაა და არ წარმოადგენს შეერთებული შტატების ხელისუფლებას.
„ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული არაფერი მინახავს“, - ასე გამოეხმაურა მას ირაკლი კობახიძე 9 ივნისს.
თბილისი კვლავ აცხადებს, რომ ელის ვაშინგტონთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას, - თუმცა ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები არ მოხსნილა და არც უმაღლესი დონის ჩართულობის ნიშნები იკვეთება.
- ივნისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილმა მრჩეველმა, არიელ ბოლშტეინმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა „საქართველოში ირანის მზარდი გავლენების“ შესახებ;
- სტატია დიდწილად ამერიკული ჰადსონის ინსტიტუტის ამავე თემაზე მომზადებულ კვლევას ეყრდნობა;
- საქართველოზე ის წერს, „ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის“ და პარალელს ავლებს ლიბანთან, იემენთან და ერაყთან, სადაც გავლენის მძლავრი ინფრასტრუქტურა შექმნა „აიათოლას რეჟიმმა“;
- საქართველოს ხელისუფლება ირანის გავლენებზე საუბარს სახელმწიფო ინტერესების ღალატად მიიჩნევს - ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი კანდელაკი, ასევე ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ირანის თემაზე საჯაროდ საუბრობდნენ, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ფორუმი