ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ 3 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ქვეყნის სხვა მტრების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებით დაიმუქრა. ტრამპს ირანი არ დაუსახელებია, თუმცა აშშ-ის მიერ მადუროს დაკავებამ შეაშფოთა თეირანი, ვენესუელის ლიდერის ახლო მოკავშირე.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონი მსგავს ოპერაციას განახორციელებს ირანში. თუმცა ექსპერტების თქმით, ვენესუელაში უტიფარმა თავდასხმამ თეირანს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ძალის გამოყენებით გაანადგუროს მტრები.
მადუროს დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მმართველები გააფრთხილა, რომ თუ ირანში “მშვიდობიან დემონსტრანტებს” ესვრიან, აშშ მათ დასახმარებლად მოვა. მან თქვა, რომ “აშშ მზადაა ჩაერიოს”.
ირანის უშიშროების ძალებმა, სულ მცირე, 19 დემონსტრანტი მოკლეს ბოლო დღეების გამოსვლების დროს.
„შესაძლოა თავად ხამენეი გახდეს სამიზნე“
ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები ირანში ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას გაიმეორებს და თანამდებობიდან გადააყენებს უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, რომელიც ხელისუფლებაში 1989 წლიდანაა.
პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰაბიბ ჰოსეინიფარდი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გამოყოფს იმ ფაქტს, რომ ვენესუელა ამერიკის სტრატეგიულ „ეზოში“ მდებარეობს, ირანი კი - შორს.
მისი თქმით, ისლამურ რესპუბლიკას ასევე აქვს უფრო დიდი სამხედრო შესაძლებლობები და უფრო მყარი პოლიტიკური სისტემა.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის თანამშრომელი დეიმონ გოლრიზი ამტკიცებს, რომ აშშ-მა რეჟიმებზე ზეწოლას თავი ანება და ცალკეული ლიდერები ამოიღო მიზანში.
„ადრე მომხდარისგან განსხვავებით, ამჯერად თავად ხამენეი იქნება მიზანში ამოღებული“, - განუცხადა მან რადიო ფარდას. ის ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობიდან გადაყენება ძალაუფლების ვაკუუმს შექმნის, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები შიდა ფრაქციებთან სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.
მართლაც, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს, 2025 წლის ივნისში, ისრაელმა აქტიურად სცადა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლა, მაგრამ, როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, ოპერატიულად მისთვის დამიზნება „რეალისტური არ იყო“, რადგან ის „ძალიან ღრმა ბუნკერში იმალებოდა”.
მოჰამად ღაედი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექტორი, აღნიშნავს, რომ ვენესუელაში ვაშინგტონი, როგორც ჩანს, სახელმწიფო აპარატის ელემენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ქაოსის თავიდან ასაცილებლად და არა რეჟიმის სრული დაშლის მისაღწევად. ეს, ღაედის აზრით, ერაყისა და ავღანეთის გაკვეთილია.
„ლიდერთან ახლოს ყოფნის შენარჩუნება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისგან დისტანცირება, - განუცხადა მან რადიო ფარდას, - არანაკლებ მნიშვნელოვანია, - დასძინა მან, - რომ ლიდერის ხელშეუხებლობის ტაბუ დაირღვა“.
ვენესუელის გაკვეთილი?
ირანში დებატები მწვავდება ვენესუელის შესაძლო გაკვეთილების გარშემო. კონსერვატიული მედია ამტკიცებს, რომ „ირანი ვენესუელა არ არის“ და ხაზს უსვამს ქვეყნის რეგიონული შეკავების ძალასა და სამხედრო შესაძლებლობებს.
ხამენეის უფროს მრჩეველ ალი შამხანისთან დაახლოებული Nour News-ი ვენესუელას „დაბალფასიან სამიზნედ“ მიიჩნევს, ხოლო ირანს „მაღალი რისკის სცენარს“ უწოდებს.
მკაცრი ხაზის მომხრე მედიასაშუალებები იმეორებენ გზავნილს, რომელიც ეკუთვნის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულ გაზეთ Javan-ს. ის ამტკიცებდა, რომ ვენესუელასთან ირანის შედარება „დროის ფუჭად კარგვაა“. კონსერვატიულმა ვებსაიტმა Jahan-მა დასძინა, რომ აშშ-მა „სცადა და ვერ შეძლო“ ვენესუელის სცენარის ირანში გამეორება.
ზომიერები კი გამაფრთხილებელ პარალელებს ხედავენ. ირანი და ვენესუელა ორივე ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება ძალადობას მიმართავს განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ. ორივე ქვეყანა შეერთებული შტატების სანქციების სამიზნეა და ეკონომიკური კოლაფსის პირასაა, მიუხედავად მათი უზარმაზარი მინერალური სიმდიდრისა.
თეირანელი ჟურნალისტი ამირ-ჰოსეინ მოსალა წერს, რომ მადურომ „უგულებელყო თავისი ხალხის პროტესტი“, უარი თქვა რეფორმების გატარებაზე და ამით „გაიზიარა ყველა დიქტატორის ბედი".
ალი შარიფი-ზარჩიმ, თეირანის შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიკოსმა, დასძინა, რომ მადურო „კიდევ ერთი დიქტატორია, რომელიც ისტორიის ნაგავსაყრელზე გადააგდეს მას შემდეგ, რაც თავისი ხალხი სიღარიბეში ჰყავდა ნავთობის უზარმაზარი მარაგების მიუხედავად“.