Accessibility links

ირანი-საქართველო - დავა მოქალაქეთა ინტერესებისთვის


მილად ბაღერი ირანის მოქალაქეა. წელიწად-ნახევარია, თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის კონსერვატორიის სტუდენტია. დაახლოებით, სამი თვის წინ, როდესაც მილარდი დედაქალაქში ბინადრობის უფლების საკითხებს აგვარებდა, მას ნასამართლეობის ცნობა მოსთხოვეს.

შშს-ის სტატისტიკა ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოშვების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით:

  • 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ირანი.
  • საქართველოში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი 131 ადამიანიდან 1-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
  • 2014 -2017 წლებში ირანის 2 665 მოქალაქეს ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, რაც საერთო უარების 10 %-ია.

იმის გამო, რომ ირანში ონლაინსერვისები არ მუშაობს, ირანის მოქალაქეებს საბუთების ასაღებად სამშობლოში დაბრუნება უწევთ.

მილადი ამბობს, რომ ამჯერად მას გაუმართლა და ცნობა აღარ დასჭირდა, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც საბუთებისთვის ირანში წასულებს უკან, საქართველოში აღარ უშვებენ.

„საქართველოში უვიზოდ 45 დღე შეგვიძლია ვიცხოვროთ. მერე უკვე როდესაც უკან ვბრუნდებით ირანში, საზღვარზე აღარ გვიშვებენ. ასეთი რამ ჩვენც შეგვემთხვა. მე უკვე მქონდა ბინადრობის უფლება, ჩემს მეუღლეს კი არა. გადავკვეთეთ სომხეთის საზღვარი და ჩემს მეუღლეს უკან, საქართველოში, აღარ უშვებდნენ. საბოლოოდ ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ საკმაოდ სტრესული იყო ეს ფაქტი“, - უყვება მილად ბაღერი რადიო თავისუფლებას.

საქართველოს საზღვარზე ირანის მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს 3 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბაჰრამ ქასემი გამოეხმაურა და განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რამდენიმე მოქალაქეს საბუთები წესრიგში ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებამ მათი დეპორტაცია მოახდინაო.

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული.

თეირანი თბილისთან ამ საკითხის გასარკევად მოლაპარაკებებს გამართავს. ირანული მედია, საქართველოში ირანის საელჩოზე დაყრდნობით, წერს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს და ითხოვს საიმიგრაციო კანონებისა და რეგულაციების განმარტებას.

რადიო თავისუფლება საკითხში გარკვევის მიზნით დაუკავშირდა ირანის საელჩოს საქართველოში, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღია. განმარტებებს არ იძლევა არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1 დეკემბერს უკან გააბრუნეს ირანელი მუსიკოსი აჰუ, რომელიც თბილისში გერმანიიდან ჩამოფრინდა და ღამის კლუბში „მტკვარზე“ კონცერტი უნდა ჰქონოდა. ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე კლუბიც წერდა.

“უარი ეთქვა შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის ,,დ'' და ,,თ'' ქვეპუნქტების საფუძველზე” - ასე განუმარტა რადიო თავისუფლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირანელი არტისტის შემოუშვებლობის საფუძველი.

ამავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ირანის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ. შსს-ს ცნობით, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ეს დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, 1 დეკემბერს „Qeshm Air“-ის რეისით თბილისში ჩასული ირანის მოქალაქე 18 მგზავრი გააბრუნეს უკან. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შსს-მ რადიო თავისუფლებას არ მიაწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად არ გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისი მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამო. 16 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისის აეროპორტში ჰიჯაბის უპატივცემულობის გამო და ირანში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებისთვისაც დაიბარეს.

უარის თქმის მიზეზად სახელდება ხოლმე, რომ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი გააჩნია და უარის თქმის დასაბუთების ხარისხი არის ძალიან დაბალი.
ანზორ ხატიაშვილი

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტის, ანზორ ხატიაშვილის, თქმით, სამწუხარო ტენდენციად იქცა საქართველოში აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების შემოუშვებლობა, რის მიზეზადაც ხშირად სახელდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა:

„უარის თქმის მიზეზად სახელდება ხოლმე, რომ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი გააჩნია და უარის თქმის დასაბუთების ხარისხი არის ძალიან დაბალი“.

ანზორ ხატიაშვილის თქმით, ასევე ხანმოკლეა უარის თქმის საფუძვლების გასაჩივრების 24-საათიანი ვადა, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად ვერ სარგებლობენ ამ უფლებით. ამასთან, მათ ხშირად უარის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ გადასცემენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ირანი. საქართველოში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი 131 ადამიანიდან 1-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. 2014 -2017 წლების სტატისტიკით, ირანი რიგით მეოთხე ქვეყანა იყო, საქართველოში შემოუშვებლობის სტატისტიკის თანახმად. ამ წლებში ირანის 2 665 მოქალაქეს ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, რაც საერთო უარების 10 %-ია.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტის, ანზორ ხატიაშვილის, თქმით, აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შემოუშვებლობის ტენდენციის ზრდა, შესაძლოა, ირიბად დაკავშირებული იყოს იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან, რომელიც პარლამენტშია შესული. ეს ინიციატივები საიმიგრაციო და ბინადრობის პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს. სამი ინიციატივიდან ერთი პარლამენტში განხილვის ეტაპზეა და ის ბინადრობის უფლების მოპოვებას ართულებს. თუკი ეს ცვლილება ძალაში შევა, მაშინ საქართველოში ბინადრობის მსურველ უცხოელებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ფლობენ 100 ათას დოლარამდე ქონებას. ჯერჯერობით ზღვარი 35 ათასი დოლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG