Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ შემიძლია გრიპზე აცრა და აქვს თუ არა ახლა აზრი?


ბოლო კვირებია, რაც საქართველოში გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება და, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია სწრაფად არ შეიცვლება.

"სავარაუდოდ მომდევნო კვირებში, აციების კვალდაკვალ, ეს შედეგები მოიმატებს", - ამბობს იმუნიზაციის ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.

ამ მასალაში წაიკითხავთ, ეფექტიანია თუ არა აცრა იანვარში და შესაძლებელია თუ არა გრიპით ერთსა და იმავე სეზონზე რამდენჯერმე ავად გახდომა.

რა სიმპტომებია გრიპისთვის დამახასიათებელი?

გრიპისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ცხელება (380C), ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა ან ღებინება.

გრიპს აქვს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმა და შესაძლოა ვირუსით ადამიანი გარდაიცვალოს.

რა ვირუსები ცირკულირებს ახლა?

წამყვანია გრიპის ვირუსი, რომელსაც აქვს ორი მსხვილი ქვეჯგუფი: A და B. უფრო ხშირად გვხვდება A ტიპის და მისი ქვეჯგუფები: H1N1, H3N2 და სხვები. ავადმყოფი ამ ორ ვირუსს შორის დიდ განსხვავებას ვერ გრძნობს. არის კორონავირუსის შემთხვევებიც.

როგორ ვრცელდება?

ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან შეხებით.

რამდენ ხანში ვლინდება ვირუსი და როდიდან არის ადამიანი გადამდები?

ვირუსის სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან 1-4 დღის განმავლობაში. ადამიანები გადამდები არიან სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვების შემთხვევაში 10 დღე.

რამდენ ხანში გამოჯანმრთელდება ადამიანი?

მსუბუქ ფორმას 7-10 დღე სჭირდება. ვირუსის გადატანიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში სისუსტე, ხველა ჩვეულებრივი მოვლენაა.

არსებობს გრიპისგან თავის დაცვის გზა?

ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. ვაქცინა იცავს მდგომარეობის გართულებისგან და უკიდურესი გართულებისგან - სიკვდილისგან.

ვაქცინის გაკეთებას ვადები აქვს?

იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ რეკომენდებულია, რომ ადამიანმა ვაქცინა გაიკეთოს ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ვირუსები ჯერ გავრცელებული არ არის. თუმცა ვაქცინაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ადამიანს არ აქვს ცხელება.

თუ უკვე გადავიტანე გრიპი?

თუკი ამ სეზონზე გრიპი უკვე გქონდათ, ჯერ კიდევ არსებობს რისკი ხელახლა ინფიცირების. საქართველოში არსებობს სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინები. ის ადამიანს იცავს გრიპის ქვეტიპებისგან.

როცა ადამიანს ემართება გრიპი, ის ინფიცირდება რომელიმე ერთი ქვეტიპებისგან, ვაქცინა კი იმუნიტეტს ამუშავებს ოთხ ქვეტიპზე.

სად შეიძლება ვაქცინაცია?

უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ტელეფონზე 116 001.

XS
SM
MD
LG