ამას ეუბნებიან რესპონდენტები რუსულენოვან გამოცემებს - „ვიორსტკასა“ და „ვაჟნიე ისტორიის“. შესაძლო მობილიზაციის მთავარ მიზეზად ასახელებენ მოიერიშე ძალებში სამსახურისთვის კონტრაქტით დაქირავების ჩავარდნასა და დაქირავებულთა „დაბალ ხარისხს“.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომუშავე წყაროები ამბობენ, რომ მობილიზაციის საკითხი განიხილება სახელისუფლებო სტრუქტურების ყველა დონეზე, თუმცა პუტინს ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. ერთი რესპონდენტი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში ომში წამსვლელთა რეკრუტირების საკითხს კურირებს, ამბობს, რომ რუსეთში „უკვე რამდენიმე თვეა“ მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები „იმისთვის, რასაც არასდროს დაარქმევენ მობილიზაციას“.
იმის თაობაზე, რომ მობილიზაცია შესაძლოა ოქტომბერში დაიწყოს, ადრე ლაპარაკობდნენ უფლებადამცველებიც, რომლებიც ომში წასვლისთვის თავის არიდების მოსურნეებს ეხმარებიან. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ სხვადასხვა რეგიონში რუსეთის მოქალაქეებზე სამობილიზაციო ბრძანებების მასობრივ გაცემაზე. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუკი გაიწვევენ და სად უნდა გამოცხადდეს.
გამოცემა „ვიორსტკას“ ჟურნალისტი ოლესია გერასიმენკო „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ესაუბრა რუსეთის ხელისუფლების მობილიზაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე. მისი შეფასებით, მობილიზაციას სულ უფრო მეტად ენიჭება უპირატესობა რუსეთის ხელისუფლებაში:
- რატომ ვრცელდება რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის ხმები ახალ მობილიზაციაზე?
- პირველი წელი არ არის, რაც ეს ხდება. თუმცა ახლა ამ სცენარზე ენთუზიაზმით საუბრობენ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ან დუმდნენ ან უარყოფდნენ ამას. როგორც ჩანს, ყველა სხვა სცენართან შედარებით, მობილიზაციის სცენარს სულ უფრო მეტად ენიჭება უპირატესობა და სულ უფრო შესაძლებელი ხდება.
რა თქმა უნდა, ჯერ არავის არაფერი გამოუცხადებია და ჩვენი ყველა წყარო ლაპარაკობს [მობილიზაციისთვის] პოლიტიკური ნების არარსებობაზე. გულისხმობენ იმას, რომ პირადად ვლადიმირ პუტინს ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მისი მიღება კი მხოლოდ მას შეუძლია.
თუმცა აქტიურად ემზადებიან ამისთვის. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აქვთ პოლიგონები, რომლებზეც მზად არიან გაწვრთნან რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ერთდროულად და აკეთონ ეს ნაწილ-ნაწილ. მობილიზაციისთვის უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა. მაგალითად, მზად არის ელექტრონული უწყების რეესტრი, რუსეთიდან გასვლის აკრძალვით მათთვის, ვინც იქ არის შეყვანილი.
- თქვენი თანამოსაუბრეები კომენტარს აკეთებენ იმ ათეულობით ადამიანის ვიდეოებზე, რომლებიც რუსეთში სამობილიზაციო ბრძანებებს იღებენ? ეს ბრძანებებიც მობილიზაციის გეგმებს უკავშირდება, იმ შემთხვევისთვის, თუკი პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას?
- სამობილიზაციო ბრძანებები რუსებს კარგა ხანია მისდით. მგონი, ორი წელია. წელიწად-ნახევრის წინ კი გაძლიერდა რეზერვისტების მომზადება.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ საჭიროა მობილიზებულთა ცოცხალი რეესტრი, რომ თავიდან აიცილონ მობილიზაციის პირველი ტალღის დროს რაც ხდებოდა - როცა იძულებულები იყვნენ სამხედრო კომისარიატებში ეძებნათ როგორ და სად შეიძლებოდა ადამიანის გაგზავნა. ამჯერად ყველაფერი გაცილებით ტექნიკურად და სწრაფად მოხდება.
- რას გეუბნებიან თქვენი რესპონდენტები: ვინ გასცემს განკარგულებას პოტენციური მობილიზაციისთვის მზადებაზე? ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებს? რა დონეზე გაიცემა ეს მითითებები?
– პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამუშავებს რამდენიმე სცენარს, რომლებსაც „საგზაო რუკებს“ უწოდებენ ხოლმე. ამ დროისთვის ძალიან დეტალურად არის დამუშავებული მეორე მობილიზაციის საგზაო რუკა.
თუმცა, რასაც ჰქვია, „შემუშავებულია“. დავუბრუნდები ფრაზას „პოლიტიკურ ნებაზე“, რომელსაც მართლაც ხშირად იმეორებენ ჩვენი თანამოსაუბრეები - ერთმანეთს რომ არ იცნობენ, ისეთები. ისინი ამბობენ, რომ მობილიზაციაზე პოლიტიკური ნება შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ კაცს და ასეთი ნება ჯერჯერობით არ არსებობს.
- ახსენეთ „ახალი მობილიზაციის საგზაო რუკა“. ვიცით ამ დოკუმენტის რამე დეტალები? როგორ ცდილობენ მაღალჩინოსნები ამ პროცესის შეცვლას - 2022 წლის სექტემბერში რაც ვნახეთ რუსეთში, იმისგან განსხვავებულის ორგანიზებას?
– სიახლეებს შორისაა ის, რომ მართლაც შემოიღეს და გვპირდებიან, რომ მობილიზებულ კაცებს გაწვრთნიან. დღეს კონტრაქტით დაქირავებულთა შემთხვევაშიც კი პროცესი ასეთია: კაცი ან ქალი (იშვიათია), ხელს აწერენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. ისეც ხდება, რომ კვირაც კი არ გადის, ისე აღმოჩნდებიან ხოლმე საბრძოლო დავალებაზე. არა უბრალოდ საბრძოლო შეხების ხაზზე, არამედ, რასაც ჰქვია, საბრძოლო დავალებაზე, მოიერიშე ბატალიონში.
ჰიპოთეზური ახალი მობილიზაციის შემთხვევაში ეს რომ არ მოხდეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამზადებენ მათ საწვრთნელ მოედნებს. ამბობენ, რომ წვრთნა 2-3 თვეს გაგრძელდება.
გამოცდილი სამხედროები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლიდან იბრძვიან და რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, მაინც სკეპტიკურად უყურებენ ამ წვრთნებს: მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია 2-3 თვეში ადამიანი რამეში გაწვრთნა. ამასთან, ისინი ჩივიან ფრონტზე ცოცხალი ძალის დეფიციტზე. ამბობენ, რომ ადამიანები პრაქტიკულად „გამოილია“, რომ „კონტრაქტნიკები“, რომლებიც ახლა მოდიან, ბევრად უკეთესის ყოლის სურვილს ტოვებს; რომ ისინი ან კოლონიებიდან არიან, ან მძიმედ ავად, ზოგჯერ - უსახლკაროები, ზოგჯერ ალკოჰოლიზმითა თუ ნარკომანიით დაავადებულები. შესაბამისად, მათგან მთლად კარგი სამხედროები, მოიერიშეები არ გამოდის.
აი, ამაზე არიან ფოკუსირებული, როგორც მესმის, ჩინოვნიკები და თავდაცვის სამინისტრო, როცა მობილიზაციის დაწყებაზე ფიქრობენ.
- ანუ, ახალ მობილიზაციაზე ხმების გავრცელების ლოგიკა ისაა, რომ სულ უფრო ცოტა ადამიანი მიდის კონტრაქტების გაფორმებაზე, ომის დასრულებაზე პუტინის სურვილს კი ვერავინ ხედავს?
– სულ უფრო ცოტა, კი. მართლაც, დრამატულად დაეცა კონტრაქტებით ხალხის შეკრების მაჩვენებელი, მომატებული ანაზღაურებაც კი არ შველის, რაც ზოგიერთ რეგიონში 5 მილიონ რუბლს ($60 ათასზე მეტს) აღწევს. ეს თანხებიც კი არ იზიდავს კაცებს ისე, როგორც ეს ჯერ კიდევ 2023 წელს იყო.
ვსვამდი კითხვას, რატომ ხდება ეს და პასუხი ძირითადად იყო: რუსეთის არმიაში არსებულ ვითარებაზე ზეპირი ამბების გამოო. ანუ, რუსეთში მედიის ბლოკირებისა და ჩატებში რამის განხილვის აკრძალვის მიუხედავად, ომიდან ბრუნდებიან ცალფეხა, ცალხელა ადამიანები ან ბრუნდებიან ჯერაც დაუზიანებელი ადამიანები მოკლე შვებულებებით და ჰყვებიან - რა ხდება სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიაზე, რა არის სინამდვილეში „ეს-ვე-ო“ [СВО – „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ - რთ].
თუკი ადრე მათი მონათხრობი ისე აღიქმებოდა, რომ ადამიანებს მაინც სურდათ წასვლა კონტრაქტების საფუძველზე, ფულის გამომუშავება, ახლა პირიქით ხდება.
- შესაძლო მობილიზაციაზე რამე ციფრებს ასახელებენ თქვენი რესპონდენტები? წინა მობილიზაციის შესახებ პუტინი ასახელებდა 300 ათას კაცს, თუმცა დღემდე არ ვიცით, რამდენი გაიწვიეს სინამდვილეში. ახლა რას ამბობენ?
– გასაწვევების რაოდენობაზე ციფრები არ არსებობს. როგორც ვხვდებით, ადრე მობილიზებული 300 ათასი ადამიანიდან, ჩვენი ვარაუდით (არ გაგვაჩნია სანდო სტატისტიკა), 70% დაიღუპა და ვინც გადარჩა, კონტრაქტზე გადავიდა. სულ რაღაც ერთეულები არიან, რომლებიც უარს აცხადებენ კონტრაქტების გაფორმებაზე და ჯერაც ცოცხლები არიან. ეს ის მობილიზებულები არიან, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ „ეს-ვე-ოს“ შემდეგ წასვლას მოახერხებენ. შესაბამისად, თუ იმ მომენტისთვის არ ექნებათ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, თეორიულად უფრო ადვილად დატოვებენ ჯარს.
თუკი წინა ჯერზე 300 ათასი კაცი იყო მობილიზებული, მაშინ, ჩემი აზრით, მინიმუმ, იმ პირველი გაწვევის შევსება იქნება საჭირო.
- ბოლო შეკითხვა. როგორი განწყობა აქვთ თქვენს თანამოსაუბრეებს? როგორ უყურებენ ომსაც და ახალ მობილიზაციაზე გავრცელებულ ხმებსაც?
– სამხედროები ამბობენ, რომ ახალი მობილიზაცია არის ერთადერთი შესაძლო გზაა მიზნების მისაღწევად, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობს ვლადიმირ პუტინი. ვინაიდან, მათი სიტყვებით, ფრონტზე ე.წ. „საბრძოლო ამოცანების“ შესასრულებლად ადამიანების დრამატული ნაკლებობაა. თუმცა, ჩინოვნიკებს ესმით, რომ ეს ნაბიჯი უკიდურესად არაპოპულარულია და ეს ჩამოშლის როგორც პრეზიდენტის, ისე „ედინაია როსსიას“ ისედაც დაბალ რეიტინგებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გულწრფელად ეშინიათ უკმაყოფილების ამოხეთქის. თუმცა არცერთი მათგანი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ რევოლუცია მოხდება.
ფორუმი