Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში


ავტორი: ვიტალი შარია, სოხუმი

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება სოხუმში, სანაპიროზე, 22 ნოემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რომელმაც შოკში ჩააგდო ადგილობრივი საზოგადოება: მკვლელებმა რესტორან „სან-რემოში“ მოკლეს ორი „კანონიერი ქურდი“, რამაც, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის კორესპონდენტი, ვიტალი შარია, იტყობინება, სოხუმელებს გაახსენა მკვლელობის წინაისტორია, „ქურდული კლანების“ ომების სახით.

პირველ რიგში, მეხსიერებაში ამოტივტივდა მსგავსი ეპიზოდი, როცა 2013 წლის 18 იანვრის გვიან ღამით, წითელ ხიდთან მდებარე რესტორან „ბასლადან“ გამოსვლის დროს, 31 წლის ასტამურ გულიას ავტომატის ცეცხლი გაუხსნეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან. თავდასხმისას ასტამურ გულია სულ რაღაც ერთი თვის „მონათლული“ იყო „კანონიერ ქურდად“ შეკრებაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა. საგულისხმოა, რომ მკვლელობა მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მთავარი კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის (მატსახელად „დედ ხასანი“), მოსკოვში ჩაცხრილვიდან მომდევნო დღეს. რა თქმა უნდა, „მომდევნო“ არანაირად არ ნიშნავს „შედეგად“-ს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა შენიშნეს, რომ გულიას „ნათლობა“ არ მიიღეს ქურდულმა კლანებმა, მათ შორის „ხასანელებმაც“ და თვითონ გულიაც ეკუთვნოდა იმათ რიცხვს, ვინც ეწინააღმდეგებოდა „დედ ხასანს“.

ახლანდელი მკვლელობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად რეზონანსული გამოდგა, ვიდრე შვიდი წლის წინანდელი, თანაც მკვლელობა მოხდა დღისით-მზისით სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, სამთავრობო შენობებიდან ორ ნაბიჯში. სროლის შედეგად სტრესი მიიღეს ახლომახლო მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის ბავშვებმა და, რაც მთავარია, დაიჭრა სრულიად უდანაშაულო ხალხი.

რაც შეეხება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რა თქმა უნდა, ასეთი კავშირი უფრო მეტად მოჩანს არა ამ ორი კრიმინალური კლანის გარჩევებში, არამედ სანაპიროზე მომხდარ ორმაგ მკვლელობასა და იმ ქმედებებს შორის, რომლებსაც ორივე მოკლული - ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა -ახორციელებდა უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. „ეხო კავკაზა“ ჯერ კიდევ 2017 წლის 5 სექტემბერს წერდა („ქურდული ომი აფხაზეთში“) კონფლიქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთის გარეთ მცხოვრებ „სოხუმის ქურდული კლანის“ თავკაცს, მერაბ ჯანგავაძესა, და აფხაზ „კანონიერ ქურდებს“ შორის. თანამემამულეებს შორის უთანხმოების მიზეზად იქცა ჯანგავაძის ერთგული თანამოაზრის, ალხას აგრბას, „ქურდობის“ საკითხი, რაშიც ეჭვი შეიტანეს (არ ცნეს) აფხაზეთში. ამასთან, ამ ამბავში განსაკუთრებული ჭირვეულობა გამოიჩინეს აგრბას გუდაუთელმა თანამემამულეებმა - რაულ ბარცბამ (ცნობილმა მეტსახელით „პიზა“) და მის მიერ დაწინაურებულმა ორმა ახალგაზრდამ: ალხას ავიძბამ („ხასიკ“) და ასტამურ შამბამ („ასტიკ“). 2014 წელს ამ სამეულმა „ქურდული უფლებამოსილება“ შეუჩერა აგრბას და, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს საზღვარგარეთიდან მხარს უჭერდნენ, მაინც ჯიუტად არ შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება. მოსალაპარაკებლად რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული „კანონიერი ქურდის“, ნიკოლოზ დგებუაძის (დედით აფხაზია, მეტსახელი „ნიკა გაგრინსკი“), ჯანმრთელობას ტიტულოვან კოლეგებთან ურთიერთობამ იმდენად დიდი ზიანი მიაყენა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუხდა მკურნალობა. მას შემდეგ, რაც „ხასიკისა“ და „ასტიკისათვის“ ცნობილი გახდა, თუ როგორ უდიერად მოიხსენიებდა მათ ნიკა, ტრასაზე მიმავალს ჩაუჭრეს გზა, გადმოათრიეს ავტომობილიდან და პისტოლეტის ტარებით სცემეს... შემდეგ, 2017 წელს, „პიზასა“ და მისი „ნათლულების“ გუდაუთურმა დაჯგუფებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი აფხაზეთის ქურდული სამყაროს ერთპიროვნული ლიდერობისკენ. სოხუმელ ქურდებს, „დინრიდსა“ და თემო მაქოლიას, გუდაუთელმა ქურდებმა სცემეს და ამის შემდეგ ისინი არაქურდებად გამოაცხადეს. აგვისტოში ნიკასათვის მხარის დასაჭერად, რუსეთსა და აზერბაიჯანში ცნობილი ავტორიტეტის, „გული ბაკინსკის" (ნადირ სალიფოვის), დავალებით, თურქეთიდან აფხაზეთში ჩავიდნენ „კანონიერი ქურდები“, „რომა სტავროპოლსკი“ და „რაშად გიანჯინსკი“. გუდაუთელ ქურდებთან შეხვედრა წინასწან არ შეთანხმებულა, მაგრამ მათი ადგილსამყოფლის შესახებ ნიკასთვის ცნობილი გახდა ჩასული „ქურდების“ გარემოცვიდან. მოულოდნელობისაგან დაბნეულ გუდაუთელებს ნიკას მეგობრებმა მუშტები დაუშინეს. განსაკუთრებით გამოიდო თავი „რომა სტავროპოლსკიმ“, რომელიც გამოირჩევა ათლეტური აღნაგობით. გავრცელებული ხმების მიხედვით, უმოწყალო ცემა შეჩერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც „პიზამ“ შეძლო ძალების მოკრება, პისტოლეტამდე მიღწევა და თავდამსხმელებისკენ რამდენჯერმე გასროლა. შედეგად, მძიმე ჭრილობები მიიღეს რაშატ ალიევმა („გიანჯინსკი“), რომან დმიტრიევმა („რომა სტავროპოლსკი“) და ნიკო დგებუაძემ („ნიკა გაგრინსკი“).

შემდგომ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის ზაფხულში, ნათელს ჰფენს ინტერნეტ-რესურსის, „კომპრომატ გრუპპ“-ის პუბლიკაცია, სათაურით: „პიზამ“ ქართველ კანონიერ ქურდებს გალის „ობშიაკზე“ კონტროლი აახია“. სტატიაში ნათქვამია, რომ „საქართველოსთან მოსაზღვრე გალის რაიონში ქურდულ ძალაუფლებაზე კონტროლი მოითხოვა გუდაუთელი ქურდების დაჯგუფებამ - რაულ ბარცბამ („პიზა“) და მისმა „ნათლულებმა“, ასტამურ შამბამ („ასტიკ“) და ალხაზ ავიძბამ („ხასიკ“)“. პუბლიკაციაში ასევე აღწერილია, თუ როგორ მივიდნენ 15 ივნისს გალის რაიონულ ცენტრში „გუდაუთელი ქურდები“ რამდენიმე ათეული ავტომანქანითა და სამასამდე მხარდამჭერით. „პიზამ“ და მისმა ბიჭებმა მოითხოვეს გალის რაიონის „ობშიაკი“, რომელიც მანამდე ებარა ქართველი ქურდის, „ჩირო გალსკის“, ნათესავს, გია შონიას. გალშივე ცხოვრობს 62 წლის „კანონიერი ქურდი“ მურმან ლემონჯავა.

იმისათვის, რომ კონფლიქტური ვითარება ღია შეტაკებაშიარ გადაზრდილიყო, დავაში ჩაერია რუსული „ობშიაკის“ მაყურებელი კახა ფარფალია, რომელმაც ტელეფონით დართო ნება გალის რაიონის „ობშიაკი“ გადაეცათ „პიზასათვის“. ფინანსური თვალსაზრისით, ფარფალიასთვის მას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, „პიზასთვის“ კი „ობშიაკის“ კონტროლი მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური მიზეზებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები ათი „კანონიერი ქურდიდან“ მხოლოდ ექვსიღა დარჩა, ოთხი მათგანი აფხაზია. „პიზას“ გარემოცვის წევრები, „ხასიკი“ და „ასტიკი“, უზრუნველყოფდნენ გარანტირებულ მხარდაჭერას აფხაზეთში. ქურდულ სამყაროში, აფხაზეთს გარეთ, „პიზას“ არაერთი მტერი ჰყავს. ნადირ სალიფოვმა („გული“) პირობა დადო დასაჯოს აფხაზი „ქურდი“, რაც სიკვდილის ტოლფასი მუქარაა, წერდა „როსბალტი“ .

თუმცა ქურდულ საქმეები ჩახედული გამომცემლობა, „პრაიმ კრაიმი“, იმასაც წერდა, რომ ბოლოს, ვისთანაც შამბასა და ავიძბას კონფლიქტი ჰქონდათ, იყვნენ კანონიერი ქურდები სოხუმის კლანიდან - თემურ გვასალია („მაკოლია“) და თემურ ახუბა („დინრიდი“).

ახლა განვიხილოთ აფხაზეთის ინტერნეტ-საზოგადოების რეაქცია მომხდარ მკვლელობაზე. აღშფოთება გამოიწვია შემთხვევითი მსხვერპლის - რესტორნის 22 წლის მიმტანის, დომინიკა აკირთავას - უმძიმესმა მდგომარეობამ. თავში დაჭრილ გოგონას ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ჯერ ისევ კომაში იმყოფება.

კომენტატორები განსაკუთრებით აღაშფოთა კილერების თავხედობამ და გულგრილობამ, რომ არავინ დაინდეს, მათ შორის რესტორნის პერსონალი და შემთხვევით გამვლელები.

უთანხმოება გამოიწვია მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების პირად თვისებებზე კამათმა. გასაგებია, რომ გარდაცვლილთა ნათესავები, ასე თუ ისე, იმსახურებენ თანაგრძნობას, - მათ ხომ ახლობლები დაკარგეს, - მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა გაიხსენა მოკლულთა „სამართლიანობა“, რომ ისინი ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას და ა.შ. ერთ-ერთი ფორუმელი წერდა: „ლიკვიდირება უნდა მოხდეს იმ ნაძირლების ყველა დაჯგუფებისა, რომლებიც იტაცებენ და ხოცავენ ადამიანებს. რაც შეეხება დახოცილ „ქურდებს“, ისინი სუფთა ადამიანები იყვნენ და თუ იარაღი ჰქონდათ კიდეც, მხოლოდ თავის დასაცავად და ბინძურ ნაძირლებთან საბრძოლველად. თუმცა ეს ნაძირლები არ შეუშინდნენ, არ ითაკილეს ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლის გახსნა და დაუცველების გამოჭერა. თავიანთი სიკეთის, სიმართლისთვისა და კარგი ბიჭობისთვის დაცხრილეს ისინი“.

ამგვარმა დამოკიდებულებამ აღაშფოთა ფორუმელთა ნაწილი: „ეს ადამიანები ზომბებივით არიან: ამტკიცებენ, რომ არსებობენ წესიერი და ბოროტი დამნაშავეები. ეს მძორები ბავშვებს ითრევენ კრიმინალურ სამყაროში, ცხოვრობენ მოპარული - მათ შორის მოხუცებისა და მშრომელებისათვის მოპარული - ფულით, ანადგურებენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ ისინი მაინც „კარგები“ არიან. ამიტომაც ხოცავენ მათ, ამ ავტორიტეტებს. თავიანთი სიკვდილით არ კვდებიან!“

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG