Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპიის სამიტი, მოსალოდნელზე უფრო მოკრძალებული შედეგით


(მარცხნიდან მარჯვნივ) აზერბაიჯანის ილჰამ ალიევი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი.
(მარცხნიდან მარჯვნივ) აზერბაიჯანის ილჰამ ალიევი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი.

ავტორი: ბრიუს პანიე

აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქმენეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვის სამართლებლივ სტატუსზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მოუგვარებელი რჩება ზოგი პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ხუთივე ქვეყნისთვის სასურველი შეთანხმების მიღწევას.

აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქმენეთის ლიდერები 12 აგვისტოს შეიკრიბნენ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, რათა ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

მართლაც, ხელი მოეწერა კონვენციას, რომელზე შესათანხმებლადაც მხარეებმა 20 წელიწადზე მეტი იმუშავეს, მაგრამ ცხადი იყო, რომ წლების მერეც მოუგვარებელი რჩება რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელს უშლიდა ერთსულოვნების მიღწევას.

სამიტის მონაწილეები
სამიტის მონაწილეები

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, განაცხადა, რომ საზღვაო საზღვრების დელიმიტაცია ირანისთვის პრობლემურად რჩება. როჰანის თქმით, მეტი მოლაპარაკება იქნება საჭირო კასპიის ზღვის განაწილების თემაზე, თუმცა მას არ განუმარტავს, რას გულისხმობს - მოლაპარაკებას თითოეული ქვეყნის 22-კილომეტრიან სანაპიროზე, რომელიც ტერიტორიულ წყლებად ითვლება, თუ ხაზებს, რომლებიც გავლებულია ზღვის შუაგულისაკენ, სადაც სახელმწიფოები ერთმანეთს ესაზღვრება.

როჰანიმ ასევე თქვა, რომ საჭიროა განისაზღვროს, რა მოვალეობები აქვს ხუთ ქვეყანას კასპიის ზღვაში გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

თავის მისასალმებელ გამოსვლაში როჰანიმ დადებითად შეაფასა კონვენციის ის ნაწილი, რომელიც გამორიცხავს კასპიის ზღვაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების ყოფნას, ხოლო შეხვედრის ბოლოს მანვე აღნიშნა, რომ აკრძალვა უნდა ვრცელდებოდეს კასპიის ზღვის გავლით უცხო ქვეყნის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე. როჰანის არც ერთი ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ იგულისხმებოდა შეერთებული შტატები, რომელსაც დადებული აქვს შეთანხმება აზერბაიჯანიდან ყაზახეთის პორტებში, აქტაუსა და კურიკში, ტვირთების გადაზიდვის შესახებ.

ნიშანდობლივია თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის, სიტყვები, რომლებიც მისასალმებელი მიმართვის დროს წარმოთქვა: ერთი სამიტი თურქმენეთში უნდა გაიმართოსო.

თავისი გამოსვლის დასაწყისში თითოეული ლიდერი ყურადღებას ამახვილებდა კასპიის ზღვის შესახებ შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი ქვეყნისათვის.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ყურადღება შეაჩერეს სავაჭრო კავშირებზე, რომლებიც უეჭველად გააქტიურდება კასპიის ზღვაში ნაოსნობის გააქტიურების შედეგად. ნაზარბაევმაც და ალიევმაც ახსენა ახალი სავაჭრო ხიდი ევროპასა და აზიას შორის.

პრეზიდენტი როჰანი გამოეხმაურა ამ გზავნილს და დაამატა, რომ კასპიის ზღვის სახელმწიფოებს შორის ამჟამინდელი ვაჭრობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც შესაძლებელია. მანვე შეაქო რკინიგზასთან დაკავშირებული პოტენციალი კასპიის დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროებიდან ირანისა და სპარსეთის ყურის მიმართულებით. სამაგიეროდ, არ უხსენებია აზია-ევროპის სავაჭრო მარშრუტი. ალიევმა და ბერდიმუხამედოვმაც ახსენეს რკინიგზა - მათი ქვეყნის გავლით ირანისაკენ.

თავისი გამოსვლის ბოლოსკენ, ალიევმა ყურადღება გაამახვილა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხეთთან კონფლიქტზეც. ეს მოუგვარებელი პრობლემა, მისი თქმით, დაბრკოლებას უქმნის კავკასიაში სავაჭრო პოტენციალის სრულად განვითარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა კონვენციის იმ ნაწილს, რომელიც ეხება ტერორიზმთან ბრძოლას. ასეთ მნიშვნელობას, მისი აზრით, განსაზღვრავს კასპიის ზღვის რეგიონის სიახლოვე ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის ბოლოს ხუთივე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, ძნელია ამ მოვლენის მართლაც წარმატებულად მიჩნევა. აშკარაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები, პირველ რიგში, ირანის თვალსაწიერიდან.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ნახსენები იყო მორიგი სამიტის ჩატარების შესაძლებლობა, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ, კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე კონვენციის ხელმოწერის მიუხედავად, მთავარი თემები ჯერ კიდევ განსახილველი რჩება.

XS
SM
MD
LG