Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის სოფელი, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასფალტის საფარი აღარ დაუგიათ


ლაგოდეხში არის სოფელი, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გზაზე ასფალტის საფარი აღარ განუახლებიათ. სოფელ განათლებაში ამბობენ, რომ თუკი გზას არ დააგებენ, ნავები უნდა დაარიგონ, რადგან გზებზე ორმოების სიღრმე და მასში ჩაგუბებული წყალი გადაადგილების საშუალებას უკვე აღარ იძლევა. კიდევ რა პრობლემებზე ლაპარაკობენ სოფელში და გეგმავს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულოს?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც განათლება ჰქვია, 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მათ შვილებს განათლების მიღების დროს პრობლემები ექმნებათ, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზა იმდენად არის ამორტიზებული, რომ წვიმის დროს იქ გავლა თითქმის შეუძლებელია.

სოფელ განათლებაში გზის დაგებას თითქმის ათწლეულებია ითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ხელისუფლებამაც იცის, მაგრამ მის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

სოფელ განათლებაში ისიც თქვეს, რომ ბოლოს დაპირება გზაზე ასფალტის დაგების შესახებ პრეზიდენტის არჩევნების წინ მიიღეს და ახლა უკვე კონკრეტულ ქმედებებს ელოდებიან. სოფელში ამბობენ, რომ თუკი გზას არ დააგებენ, ნავები მაინც უნდა დაარიგონ, რადგან გზებზე გაჩენილი ორმოების სიღრმე და იქ ჩამდგარი წყალი გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

სოფელ განათლებაში სხვა პრობლემებიც აქვთ. მათ შორისაა ელექტროენერგიის ბოძები, რომლებიც სიძველის გამო იქცევა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული ბოძები სადენებს ვეღარ იმაგრებს და არსებობს იმის საფრთხე, რომ ადამიანები იმსხვერპლოს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს კახეთის მუნიციპალიტეტებმა მიზნობრივი ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული 35 მილიონი ლარიდან თანხის ნახევარიც კი ვერ აითვისეს. შესაბამისად, ლაგოდეხის მერს, ჯონდო მდივნიშვილს, ვკითხეთ, თუკი ფული ჰქონდათ, რატომ არ დააგეს გზა სოფელ განათლებაში. მერი ამბობს, რომ მიზნობრივი ტრანსფერით მხოლოდ იმ პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი, რისთვისაც ეს ფული გამოიყო.

ჯონდი მდივნიშვილი ვარაუდობს, რომ სოფელში გზის პრობლემა, შესაძლოა, 2019 წელს მოგვარდეს.

სოფელი განათლება კახეთში ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის, სადაც გზის საფარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ განახლებულა. თითქმის მსგავსი პრობლემებია დედოფლისწყაროს, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების ნაწილშიც.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG