Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ატმის სეზონი იწყება - სად და როგორ გაიყიდება ხილი?


დაახლოებით, ორ კვირაში კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩუმლაყსა და ყიტაანში, გასაყიდად გამოიტანენ ატამს, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს ხილის გაყიდვა გაძნელდება. ფერმერები კიდევ ერთ პრობლემად ჩაკეტილ საზღვრებს ასახელებენ.

რას გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ კახეთში ატმისა და გარგარის მწარმოებელ ფერმერებს ხილის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ?

10 ივნისიდან კახეთში გარგარისა და საადრეო ატმის კრეფა დაიწყება. ფერმერებმა უკვე დაიწყეს ფიქრი და საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, დიდი ალბათობით, წელს ხილის რეალიზაციის პრობლემა იმაზე მწვავედ დადგება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს უხვ მოსავალს ელოდებიან და მას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდიან. ამიტომ ხელისუფლებას სთხოვენ, მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ახლავე დაიწყოს, რომ რეალიზაციის პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს.

„დალოდების დრო უკვე აღარ არის. მთავრობამ ჩვენს მოძმე რესპუბლიკებთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება საზღვრების გახსნაზე. ატმის რეალიზაცია თუ დროულად არ მოხდა, შემდეგ განადგურდება პროდუქტი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეხილემ.

ატამი და გარგარი კახეთის თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოჰყავთ, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ხილისთვის გურჯაანსა და თელავში არსებული კლიმატური პირობები ყველაზე ხელსაყრელია, ამიტომ მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში მოდის. ხილის რეალიზაციაზე - უფრო კონკრეტულად კი, ფასზე - ადგილობრივები თითქმის ყოველ წელს ჩივიან, თუმცა წლევანდელი მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ შექმნა, მათ განსაკუთრებით აშინებთ. ფერმერების თქმით, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის ნაწილმა სამსახური დაკარგა და მათი მსყიდველუნარიანობა შემცირდა, ადამიანები ხილის ყიდვას ისევ საკვების შეძენას ამჯობინებენ და მეხილეების შრომა წყალში ჩაიყრება. ფერმერები ხილის ფასზეც ლაპარაკობენ. მათი გამოთვლით, წელს ატამი მინიმუმ 1,50 უნდა ღირდეს, რომ დანახარჯი აანაზღაურონ და მოგებაც ნახონ.

„ატამი, სულ მცირე, უნდა ღირდეს 2 ლარი, ან 1.50 მაინც. თუ ძვირი იქნება, ერთი- ორი კაპიკი დაგვრჩება და, თუ არა, ძალიან გაგვიჭირდება. 1 ჰა ტერიტორიაზე კარგი ხარისხის ატამი რომ მოიყვანო, 7-8 ათასი ლარია საჭირო. თუ 1.50-ზე ნაკლები ეღირება, ხარჯებს ვერ ავანაზღაურებთ და, შესაბამისად, ვერ გადავიხდით ბანკის ვალს. გლეხებს მთავრობამ უნდა მოგვხედოს! ახლა ის არის ჩვენი პირველი ამოცანა, რომ დავაბინაოთ მოსავალი“.

რას გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ კახეთში ატმისა და გარგარის მწარმოებელ ფერმერებს ხილის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ? კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ტატიშვილი, ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გურჯაანში 700 ტონამდე საადრეო მოსავალს ელოდებიან, რომლის შესყიდვის მზაობაც უკვე გამოთქვეს ადგილობრივმა სამაცივრე მეურნეობებმა და კერძო პირებმა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში ხილის რეალიზაციის საკითხს, ნათია ტატიშვილი ამბობს, რომ ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც კი ტვირთების გადაზიდვაზე შეზღუდვები არ ვრცელდება:

„ამ ეტაპზე პესიმისტური პროგნოზი არ არსებობს, რომ, ჩაკეტილი საზღვრებიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაციას ხელი შეეშლება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნაზეა გადასული, მათ შორის საქართველოც და, ალბათ, ტვირთების გადაზიდვასა და ექსპორტზე პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე რაიმე პესიმისტური მოლოდინები, არ მგონია, რომ არსებობდეს“.

სეზონზე მხოლოდ კახეთის რეგიონში ყოველწლიურად 35-დან 45 ათას ტონამდე ატმის მოსავალი მოდის, ხილის რეალიზაციის პრობლემა კი თითქმის ყოველ წელს არის. ანალოგიური მდგომარეობა იყო 2019-შიც, თუმცა ფერმერთა რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ მალფუჭებადი ხილის გატანა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში, რამაც ხელი შეუწყო როგორც რეალიზაციას, ასევე ხილზე ფასის გაზრდას. იმ ოჯახების წლიური ძირითადი შემოსავალი, ვისაც ატამი მოჰყავს, ხილის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ ფერმერებს განსაკუთრებით აწუხებთ ეს საკითხი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა რეგიონში არაერთი ფერმერი უკვე დააზარალა, მათ შორის ბოსტნეულის მწარმოებლები და მეყვავილეები

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG