Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში დაანონსებული საკადრო ცვლილებები დაიწყო


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხის “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელმა და სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა. ყოფილი თანამდებობის პირები პოლიტიკურ ზეწოლას უარყოფენ, თუმცა ამის შესახებ ღიად ლაპარაკობს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა წინასაარჩევნოდ მიღებული დავალებები ვერ შეასრულეს, რაც მათი გათავისუფლებით დასრულდა. ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი კი გვეუბნება, რომ თუ ისინი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმას არ მისცემენ, სამსახურს დაკარგავენ.

გადმოწერა

კახეთში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ნაწილი თანამდებობებს ტოვებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ირმა სიყმაშვილმა. სიყმაშვილი ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და მის წასვლას კავშირი არ აქვს არჩევნებში მიღებულ შედეგებთან:

„ოჯახური პირობების გამო წავედი. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს და მე მათთან წავედი საცხოვრებლად“.

ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა დავით ხაჩიძემაც. ისევე როგორც “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” უფროსი, დავით ხაჩიძეც გვეუბნება, რომ მისი გადაწყვეტილება პირადია და პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება. ხაჩიძის თქმით, მან დაკავებული თანამდებობიდან წასვლა არჩევნებამდე გადაწყვიტა, ახლა კი საქმიანობას ბიზნესის კუთხით აგრძელებს:

არა მარტო ბაღების გაერთიანებისა და სამაშველო სამსახურის უფროსებს, არამედ სხვა ბევრ საჯარო მოხელეს დააწერინეს განცხადება მთელ საქართველოში იმის გამო, რომ „ოცნება“ დამარცხდა
გურამ კაკალაშვილი

„სამსახურიდან წასვლა არის პირადი გადაწყვეტილება. არ მახსოვს კონკრეტული დღე, როდის დავწერე განცხადება წასვლის შესახებ. რამე მიზეზი უნდა ჰქონდეს თანამდებობის დატოვებას? არაფერ შუაში არ არის არჩევნები. ახლა აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას რაღაცებით აშანტაჟებდნენ. ის დრო მორჩა და ყველამ დავისვენეთ“.

ლაგოდეხში “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისა” და სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელების მიერ თანამდებობის დატოვებას არჩევნებს უკავშირებს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გურამ კაკალაშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა არჩევნებისთვის მიღებული დავალებები ვერ შეასრულეს, რაც მათი გათავისუფლებით დასრულდა.

„არა მარტო ბაღების გაერთიანებისა და სამაშველო სამსახურის უფროსებს, არამედ სხვა ბევრ საჯარო მოხელეს დააწერინეს განცხადება მთელ საქართველოში იმის გამო, რომ „ოცნება“ დამარცხდა. ამასთან, ყველა საჯარო მოხელეს ავალდებულებდნენ, რომ მიეტანათ სია მინიმუმ 10 კაცის ოდენობით. ამ სიებში შედიოდნენ მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც ხმას მისცემდნენ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ამომრჩეველმა გაიგო, რომ ესენი არიან მატყუარები. რახან ვერ მიიღეს შედეგი, ყველა პასუხისმგებელ პირს აწერინებენ განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ“.

მერიაში გამორიცხავენ ირმა სიყმაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კავშირს პოლიტიკასთან.

„როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ როდისმე ვინმეს ვაიძულებთ პოლიტიკური ნიშნით ან არჩევნების შედეგების ვერდადების ნიშნით თანამდებობიდან წასვლას. ან რატომ უნდა ჩათვალოს ვინმემ, რომ ბაღთა გაერთიანების დირექტორის გამო დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო. ეს ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი არჩევანი“, ამბობს ლაგოდეხის მერის მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე.

მართალია, ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ ზეწოლის ფაქტებს, მაგრამ იმის შესახებ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული სახის ზემოქმედება მიმდინარეობდა, ლაპარაკი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში. ამას ადასტურებს ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტიც, რომელიც ლაგოდეხში ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მუშაობს. ის გვეუბნება, რომ თუ პედაგოგები ხმას არ მისცემენ მთავრობის კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვის მთავრობაშიც ვმუშაობთ, იმ მთავრობისკენ უნდა ვიყოთ ბაღის აღმზრდელები. ასე არის და, აბა, ჩვენ რა შეგვიძლია? არ ვიქნებით მათ მხარეს და გაგვათავისუფლებენ“.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები დააანონსა ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა. მიზეზად დასახელდა არჩევნებში მიღებული შედეგი, თანამდებობის პირების მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია, ქვეყანაში არსებული პრობლემები და შეფერხებული ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში, მთელი კახეთის მასშტაბით, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე თითქმის 4 000 ხმით ნაკლები მიიღო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG