Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კითხვები ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში ჩართულ თერაპევტთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით


სარეაბილიტაციო ცენტრი. 29 მაისი, 2017 წ.
სარეაბილიტაციო ცენტრი. 29 მაისი, 2017 წ.

კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. სკოლებთან, ბაღებსა და უნივერსიტეტებთან ერთად დაიკეტა დღის ცენტრებიც, სადაც ბავშვები ქცევით თერაპიას გადიოდნენ. თერაპევტები, რომლებიც ასეთ ცენტრებში მუშაობენ, ანაზღაურებას საათობრივად იღებენ - ცენტრების დაკეტვა მათთვის გაურკვეველი ვადით უხელფასოდ დარჩენას ნიშნავდა. თბილისის მერმა თქვა, რომ თერაპევტები მარტის ხელფასს მიიღებენ, თუმცა გაცდენილი საათების სრულად ანაზღაურება მოუწევთ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების საფრთხე გადაივლის. აუტიზმის კოალიციაში მერის განცხადებამდე ამბობდნენ, რომ გაცდენილი საათების აღდგენა არარეალურია და ამ სახის პირობა ცენტრების საქმიანობის სპეციფიკის არცოდნაზე მიუთითებს.

  • რატომ დადგა თერაპევტთა ანაზღაურების საკითხი კითხვის ქვეშ?
  • რამდენად მისაღებია დღის ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებისთვის ქალაქის მმართველობის შეთავაზება?
  • შესაძლებელია თუ არა გაცდენილი საათების სრულად ანაზღაურება?

„მუშაობს ვწყვეტთ ქცევითი, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები, სპეციალური მასწავლებლები, ადმინისტრაციის, დასუფთავების თუ სხვა თანამშრომლები. ვწყვეტთ მუშაობას და, შესაბამისად, ვერ ვიღებთ ანაზღაურებას (მაშინ როცა ყველა სხვა დაწესებულებაზე ეს არ ვრცელდება).

რატომ არ ვიღებთ ანაზღაურებას?

ჩვენს ხელფასს არაპირდაპირ, თუმცა მაინც მერია იხდის. მარტივად რომ ავხსნათ -

ჩვენი ბენეფიციარები სარგებლობენ ვაუჩერული სისტემით, რომელსაც მათ მერია აძლევს, ამ ვაუჩერს კი იყენებენ (ანაღდებენ ) ჩვენთან, იღებენ სერვისს და ჩვენ - შესაბამის ანაზღაურებას.

თერაპევტმა და სპეციალურმა მასწავლებელმა არასოდეს იცის თვის დასაწყისში, რა იქნება მისი ანაზღაურება თვის ბოლოს.


ვინაიდან, მუშაობას ვწყვეტთ, მერია არ იღებს პასუხისმგებლობას, ამ თვეში გადაიხადოს აღნიშნული თანხა. მოდის ერთადერთ „დათმობაზე“ - გადაიხდის თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გაცდენილ თერაპიებს აღვადგენთ აპრილის თვეში.

ანუ, თერაპევტი, რომელიც კვირაში ორმოც საათს მუშაობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ანაზღაურებას (დაგვიანებით), თუკი ორჯერ მეტს იმუშავებს. ვინმეს წარმოუდგენია კვირაში იმუშაოს ოთხმოცი (კარგით, თუნდაც, სამოცი) საათი ისე, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, ადამიანობა, ენთუზიაზმი, ენერგია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხი (!!!!) სამუშაო პროცესში?! ამით გვაიძულებთ დავარღვიოთ ჩვენივე ეთიკის ძირითადი პრინციპი - არ ავნო!!!“ - წერდა 13 მარტს აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვების სპეცმასწავლებელი ლელო ფალელაშვილი ფეისბუკზე.

ამავე დღეს თერაპევთა პროფესიულმა კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც ქალაქის მერს სთხოვდნენ, ერთი მხრივ, მარტის თვის ხელფასების სრულად ანაზღაურებას, მეორე მხრივ - კომისიის შექმნას, რომელიც გაცდენილი საათების აღდგენის მექანიზმს შეიმუშავებდა.

„როგორც ვიცით, საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი, ანაზღაურებას იღებს შეჩერებული სამუშაო პროცესის მიუხედავად, რაც, ცხადია, სამართლიანია. ასევე, ჩვენ ველით თქვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს გადარჩენაზეც და პროგრამაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე. ამ საკითხის უგულებელყოფა კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს პროგრამის არსებობას“, - ნათქვამი იყო გაერთიანების განცხადებაში.

ქცევითი თერაპევტი, ხატია ტყეშელაშვილი ამბობს, რომ თერაპევტების ანაზღაურების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ პროცესის სრულად შეჩერების გამო დადგა დღის წესრიგში, თუმცა პრობლემური იყო მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ეს პროგრამა არსებობს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დღის ცენტრების თერაპევტებს სტანდარტული სამუშაო გრაფიკი აქვთ - დღეში 8 საათი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ბენეფიციარი არ მივა სეანსზე, ავად გახდებიან ან რაიმე მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეხვედრა არ შედგება - მათ ხელფასს თანხა აკლდება. აუნაზღაურებელია შვებულება და ბიულეტენი. შესაბამისად, თერაპევტმა და სპეციალურმა მასწავლებელმა არასოდეს იცის თვის დასაწყისში, რა იქნება მისი ანაზღაურება თვის ბოლოს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 16 მარტს თქვა, რომ არა მხოლოდ თერაპევტებს და სპეცმასწავლებლებს, არამედ სპორტულ ინსტრუქტორებს, სახელოვნებო ახალგაზრდული ორგანიზაციების მასწავლებლებს - ყველა მუნიციპალურ პროგრამაში ჩართულ ადამიანს მარტის ხელფასებს მერია გადაუხდის, თუმცა მათ მოუწევთ აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი.

„თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული ცენტრების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებას წინ უძღოდა აუტიზმის კოალიციის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ გაცდენილი საათების ანაზღაურების პირობა არარეალისტური იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი საათი შეიძლება იყოს ასანაზღაურებელი.

„მაგალითად, წინასწარი გათვლებით, თუ ორგანიზაციები 2 თვით დაიკეტება (რისი ალბათობაც დიდია), 100 ბავშვის შემთხვევაში, საჭირო იქნება კვირაში 160 დამატებითი თერაპიული საათის ჩატარება, რაც ფიზიკური (სივრცობრივი) და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, შეუძლებელია. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აგვისტოს თვეში ცენტრებს და, შესაბამისად, თანამშრომლებს, ისედაც უწევთ იძულებითი უხელფასო შვებულების აღება, რადგან აგვისტოში ბავშვები ოჯახებს გაყავთ ქალაქიდან, შესაბამისად, ამ პერიოდში ცენტრები ვერ ფუნქციონირებენ“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გარდა იმისა, რომ დამატებითი საათების სრულად ანაზღაურება თერაპევტების ზეგანაკვეთური მუშაობის ხარჯზე უნდა მოხდეს და სპეციალისტები გაუმართლებლად მიიჩნევენ, რეალისტურად არ ეჩვენებათ არც სპეციალური საჭიროების ბავშვების მშობლებს. ელენე, რომლის 10 წლის შვილიც კვირაში ორჯერ უკვე 8 წელია დღის ცენტრში დადის თერაპიისთვის, ამბობს, რომ მეტად დატვირთული გრაფიკი მისთვის არც სასურველი იქნება და არც შესაძლებელი - დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის პრობლემურია.

თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირების, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაზე 4,5 მლნ ლარი იხარჯება და თვეში საშუალოდ 1 000 ბენეფიციარის მომსახურებას გულისხმობს. ბიუჯეტის თანახმად, თითო ბენეფიციარზე თვის განმავლობაში 400 ლარია გამოყოფილი და სეანსებზე დასწრების მიხედვით, თვეში ერთ ბენეფიციარზე, საშუალოდ, 375 ლარი ირიცხება. პროგრამა 2015 წლიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG