მაგრამ ეს გამარჯვება ჯერჯერობით სათუოა. ყოველ შემთხვევაში, პირველ ტურში მაინც.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ჩასულ სერგეი კირიენკოს ე.წ. აფხაზი საჯარო მოხელეები უფროსივით ექცეოდნენ.
დაათვალიერებინეს სოხუმის უნივერსიტეტი, ბავშვთა ახალი საავადმყოფო, სოხუმის აეროპორტი და მისი აღდგენის ტემპების შესახებ ანგარიშიც ჩააბარეს.
ამის შესახებ წერს დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა”, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი ანონიმურობის პირობით ელაპარაკა.
15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წინა დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, ნოემბერში გადადგა.
იქამდე, კრემლმა იგი დაარწმუნა, ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში საგადასახადო შეღავათებს და სხვა პრივილეგიებს აძლევდა.
„მედუზას” ინფორმაციით, ამ ხელშეკრულების „ბოლომდე გატანაზე” პასუხისმგებელი იყო პუტინის მრჩეველი, დმიტრი კოზაკი.
მას „საქმე აშკარად არ წაუვიდა… თანაც არ ჰყავდა რეალური სპეციალისტები, რომლებსაც კრიზისულ [15 თებერვლის ე.წ.] არჩევნებზე მუშაობა შეეძლოთ”, - უთხრა წყარომ „მედუზას”.
ბჟანიას გადადგომიდან ცოტა ხანში, სირიიდან გაიქცა კრემლის მოკავშირე პრეზიდენტი, ბაშარ ასადი.
ამიტომ აფხაზეთში არასასურველი კანდიდატის გამარჯვება, მედუზას წყაროს თქმით, „სრული ჩავარდნა” იქნებოდა.
სწორედ აქ ჩაერთო საქმეში სერგეი კირიენკო, რომელსაც კრემლში „კრიზისმენეჯერის” რეპუტაცია აქვს.
ვინ არის სერგეი კირიენკო?
1998 წელს, 35 წლის კირიენკო რუსეთის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე გახდა.
2005 წლიდან 2016 წლამდე რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, „როსატომის” გენერალური დირექტორი იყო.
2017 წლიდან მუშაობს ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში.
2020 წელს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ის აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა და ამის გამო დაასანქცირეს.
მოგვიანებით, კირიენკოს სანქციები დაუწესეს ასევე აშშ-მა და იაპონიამ.
მაგრამ კირიენკო აფხაზეთის კურატორი, პირველ რიგში, აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიაში თანამონაწილეობის გამო გახდა.
ჯერ კიდევ 2022 წელს, „მედუზა“ წერდა, რომ კირიენკომ ზუსტად იცოდა, თუ რა მესიჯები უნდა მიეტანა ოკუპირებული უკრაინის მოსახლეობისთვის და მისი ხედვა პუტინისას ემთხვეოდა.
მას სურს, აჩვენოს, რომ „რუსეთი დროებით არ მოსულა და აქ [აღმოსავლეთ უკრაინაში] დარჩენას აპირებს”, - წერდა „მედუზა“.
კირიენკოსთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან მიერთების „რეფერენდუმს” (რომლის შედეგსაც მსოფლიოში თითქმის არცერთი ქვეყანა არ აღიარებს) პოლიტტექნოლოგების მთელი გუნდი ამზადებდა.
„მედუზა“ წერს, რომ ახლა კირიენკოს გუნდი ცდილობს, შეცვალოს აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთის სასარგებლოდ.
მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ბადრა გუნბას არჩევით, აფხაზები დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ. ამის საჩვენებლად, გუნბა ცოტა ხნის წინ არაერთ რუს მაღალჩინოსანს შეხვდა.
რა იქნება არჩევნებზე?
„მედუზას“ წყარო ამბობს, რომ აფხაზეთში აგიტაცია „რომელიმე რუსი გუბერნატორის საშუალო დონის კამპანიას” ჰგავს.
კრემლის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ აფხაზების დარწმუნება ჯერჯერობით არცთუ ისე კარგად გამოდის.
მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ინსტიტუტის კვლევით, ბადრა გუნბას მხარს 42% უჭერს, მის მთავარ კონკურენტს, ადგურ არძინბას კი - 33%.
ე.წ. არჩევნები მართლა ასე თუ დასრულდება, დაინიშნება მეორე ტური.
თუმცა, „მედუზას“ წყაროები ვარაუდობენ, რომ ეს კრემლის „დახატული” შედეგია და სინამდვილეში არძინბას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მათი თქმით, აფხაზეთში ხმის მიცემის სრულფასოვნად გაყალბება არ გამოვა, ამიტომაც გუნბას გამარჯვება სათუოა.
ადგურ არძინბა კრემლის მიერ თავსმოხვეულ ხელშეკრულებას „აფხაზეთის გასაყიდად ანთებულ მწვანე შუქს” უწოდებდა და ის კრემლს გულზე არ ეხატება.
ამიტომ, კრემლის პროპაგანდა მის გაშავებაზე მუშაობს. მთავარი ბრალდება, კრემლისთვის საყვარელი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.
ფორუმი