Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები აფხაზეთში - ვალპურგის ღამის მოლოდინში


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები: ბადრა გუნბა (მარცხენა) და ადგურ არძინბა. ილუსტრირებული ფოტო.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები: ბადრა გუნბა (მარცხენა) და ადგურ არძინბა. ილუსტრირებული ფოტო.

2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - იმართება ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა უდავო ლიდერებად მიიჩნევიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პრეზიდენტობის ხუთივე კანდიდატი მხარს უჭერს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას, მოსკოვი ღიად ლობირებს ერთს, ე.წ. სამთავრობო კანდიდატს, ბადრა გუნბას.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.

ვინ არიან კანდიდატები

ბადრა გუნბა - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მხარს უჭერს ასლან ბჟანიას პოლიტიკური კურსის გაგრძელებას, რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ადგურ არძინბა - ოპოზიციის წარმომადგენელი და აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი, დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. ამომრჩეველს ჰპირდება რადიკალურ ცვლილებებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ხელისუფლების გამჭვირვალობის გაზრდას და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას.

ოლეგ ბარციცი - დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთში. მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. წინასაარჩევნო კამპანიაში ბარციცი ყურადღებას ამახვილებდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და ინვესტორებისთვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

რობერტ არშბა - დე ფაქტო აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი. მიაჩნია, რომ საჭიროა საჯარო მართვის სექტორის რეფორმირება და საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობის კონტროლის გაზრდა. არშბა მხარს უჭერს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის გაზრდას და კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელის დაწესებას.

ადგურ ხურხუმალი - საბანკო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხურხუმალი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავარი პრობლემების გასაღები ეკონომიკასა და ფინანსურ სფეროში დევს. მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტებია: საბანკო სისტემის განვითარება, ბიზნესის მხარდაჭერა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.

კანდიდატმა უნდა შეაგროვოს 2000-დან 2500-მდე მხარდამჭერის ხელმოწერა. თუ კანდიდატს წარადგენს მოქმედი პოლიტიკური პარტია, ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ არის.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გარდა პრეზიდენტობის კანდიდატებმა კომისიას ასევე უნდა წარუდგინონ:

  • განცხადება არჩევნებში მონაწილეობის განზრახვის შესახებ
  • დეკლარაცია შემოსავლების, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის შესახებ
  • სახელმწიფო ენის (აფხაზურის) ცოდნის დადასტურება

საარჩევნო სისტემა

ოფიციალურად ხმის მიცემის უფლება აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომელსაც კენჭისყრის თარიღისთვის შეუსრულდა 18 წელი.

საპრეზიდენტო არჩევნებს ნიშნავს აფხაზეთის სახალხო კრება (ე.წ. პარლამენტი).

კენჭისყრა იმართება სპეციალურად ორგანიზებულ საარჩევნო უბნებზე. 15 თებერვალს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიხსნება 152 საარჩევნო უბანი, კიდევ ორი უბანი - რუსეთში (მოსკოვსა და ჩერკეზსკში), რისთვისაც დამატებით 4 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა.

აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის თქმით, მთლიანობაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 135 ათასია.

მარშანის თქმითვე, იგეგმებოდა ერთი საარჩევნო უბნის გახსნა თურქეთში, ქალაქ საქარიაში, თუმცა 13 თებერვალს აფხაზეთის ე.წ. ცესკომ მიიღო ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენლის ი. ავიძბას წერილი თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნის შეუძლებლობის თაობაზე,

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ საქარიაში შექმნილი საარჩევნო უბნის დახურვისა და საუბნო საარჩევნო კომისიის დაშლის შესახებ“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელიც უნდა გაიმართოს ორი კვირის თავზე. მეორე ტურში დაიშვება საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის უბრალო უმრავლესობა არც ამჯერად იქნება საკმარისი. როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, იზიდა ჭანია ამბობს, მეორე ტურში მუშაობას იწყებს გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

„შესაბამისად, საკმარისი არ არის, რომ კანდიდატმა ოპონენტზე მეტი ხმა მიიღოს. გამარჯვებისათვის საჭიროა, ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მეტი იყოს მისი კონკურენტისათვის და „ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმების ჯამურ რაოდენობაზე, - ამბობს ჭანია, - ასე რომ, მეორე ტურში გამარჯვება თითქმის შეუძლებელია. ამ პუნქტისათვის გვერდის ავლა არანაირად არ გამოვა, რადგან მის შესახებ 2019 წლის არჩევნების დროს სასამართლომ იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მაშინ ახალი არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო“.

რუსეთის ინტერესი

ВЦИОМ - რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა მესამედი (33%) მხარს უჭერს ბადრა გუნბას, 15% - ადგურ არძინბას, 11,2% - რობერტ არშბას, 9,6% - ოლეგ ბარციცს, 4,4% - ადგურ ხურხუმალს.

ე.წ. სამთავრობო კანდიდატი ბადრა გუნბა ლიდერობს რუსულ პროპაგანდულ მედიასა და ანალიტიკური წრეების მიმოხილვებშიც.

„ბადრა გუნბა არის საქმის კაცი, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში“, - ამბობს რუსეთის უახლესი ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი მარტინოვი, რომლის თქმითაც, გუნბამ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, მოსკოვთან მოლაპარაკებების გზით, შეძლო ენერგეტიკული და საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა.

ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა 2025 წლის იანვარსა და თებერვალში ორჯერ შეხვდა (მოსკოვსა და სოხუმში) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს. გარდა ამისა, 6 თებერვალს მოსკოვში მყოფი გუნბა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტის თანამშრომელი სერგეი ჩუევი მიიჩნევს, რომ 15 თებერვლის არჩევნებში ანტირუსული კანდიდატები არ მონაწილეობენ. მისი თქმით, ხუთივე კანდიდატი მეტ-ნაკლებად საუბრობს „დიდი მეზობლის“ პატივისცემასა და რუსეთთან ურთიერთობების განვითარებაზე. თუმცა, 15 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვითარება მაინც შეიცვალოს:

„მოსკოვმა ფსონი დადო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას გამარჯვებაზე. გუნბა ფაქტობრივად წინა ლიდერის, ასლან ბჟანიას პოლიტიკური კურსის გამგრძელებელია.

გუნბას მხარდაჭერას უკავშირდება მოსკოვის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები: აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა; სოხუმის აეროპორტის აღდგენა და გახსნა; ადლერის სასაზღვრო გადასასვლელის რეკონსტრუქცია;

აფხაზეთისთვის შეჩერებული სოციალური და საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების განახლება. თავის მხრივ, გუნბამ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს რუსი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესის ორმხრივად მომგებიანი ინტერესების დაცვას“.

მოსკოვი მართლაც დაეხმარა გუნბას უმძიმესი ენერგოკრიზისის დაძლევაში. 2024 წლის ნოემბერს დაწყებულმა კრიზისმა პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწია: დღის განმავლობაში ელექტროენერგია მოსახლეობას მხოლოდ 2 საათისა და 50 წუთის განმავლობაში მიეწოდებოდა.

რუსეთის დელეგაციის სოხუმში სტუმრობისას ორმხრივი ურთიერთობის არაერთი პროექტი განიხილეს, მათ შორის იყო 200 მლნ რუბლის გამოყოფა სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს დასრულებისათვის. ასევე გადაწყდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოხუმისთვის (2024 წელს აფხაზეთს ესტუმრა 1,5 მლნ რუსი ტურისტი).

მოსკოვმა ასევე გამოყო 10 მილიარდი რუბლი საკონტროლო გამშვები პუნქტ „ადლერის“ მოდერნიზებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი გამტარუნარიანობა: ტრანსპორტისთვის 9,5-ჯერ, ქვეითად მოსიარულეებისათვის - 3-ჯერ.

ბადრა გუნბას მმართველობას „დაემთხვა“ სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლა. 7 თებერვალს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად სოხუმის აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი - მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენილი ავიაკომპანია „ЮВТ Аэро“-ს სამგზავრო ხომალდი, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და რუსეთის ფავორიტი კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა სტუდენტებთან ერთად.

ბადრა გუნბას ასევე რუსეთი დაეხმარა მძიმე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევაში: გამოიყო 343 მლნ რუბლის დახმარება ექიმების, მასწავლებლებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელფასების დასაფინანსებლად.

ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მასშტაბური ჩარევის მიუხედავად, ე.წ. მთავარ კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ადგურ არძინბა, თუმცა, მისი გამარჯვების შანსი ბევრად ნაკლებია, რადგან მოსკოვში მას ეჭვის თვალით უყურებენ.

„ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბაც რუსეთთან კავშირებზე საუბრობს, მაგრამ არძინბას წრეში ბევრია პროთურქული ორიენტაციის ადამიანი.

ასევე არიან ნაციონალისტებიც, გარდა ამისა, ოპოზიციის მიტინგები 2024 წლის შემოდგომაზე, რასაც ბჟანიას გადადგომა მოჰყვა, სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების ცნობილი და კარგად დამუშავებული სქემით იმართებოდა.

არძინბას დემოკრატიული დღის წესრიგი და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები მიუთითებს იმაზე, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს.

გამოკითხვების მიხედვით, არძინბას ამომრჩეველთა დაახლოებით 15% უჭერს მხარს“, - ამბობს სერგეი ჩუევი, რომლის თქმითაც, 15 თებერვლის არჩევნების მთავარ ინტრიგად ძალაუფლების გადაცემის პროცესში პოლიტიკური სიმშვიდის საკითხი რჩება.

ადგურ არძინბა
ადგურ არძინბა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმაც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ 15 თებერვლის არჩევნები მძიმე ინციდენტების გარეშე ჩაივლის:

„მოველით, რომ არჩევნები ჩატარდება მკაცრად საკანონმდებლო ჩარჩოში და ექსცესების გარეშე, ამომრჩეველთა ნების გამოვლენის შედეგები კი ხელს შეუწყობს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდასა და რესპუბლიკის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას რუსეთთან მჭიდრო კავშირის საფუძველზე“.

როგორც აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ამბობს, რუსეთის მასშტაბურ ჩართულობაზე მეტყველებს რუსი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების უჩვეულოდ მაღალი ინტერესი.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო 200-ზე მეტი განაცხადი რუსი დამკვირვებლებისგან და ასამდე განაცხადი რუსი ჟურნალისტებისგან. აფხაზეთის არჩევნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს Russia Today. თუ ვიმსჯელებთ ამ საინფორმაციო რესურსის პოლიტიკით აფხაზეთთან დაკავშირებით, პროვოკაციებისა და ხელისუფლების კანდიდატზე მორგებული ეგზიტპოლების გარდა, სხვას არაფერს უნდა ველოდეთ. ასე რომ, 15-16 თებერვალს კლასიკური ვალპურგის ღამე გველოდება“, - ამბობს იზიდა ჭანია.

დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამ დღეში, 18 თებერვლამდე უნდა გამოცხადდეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG