Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმასაც „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს


ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიას ახალი დეტალებით ავითარებს
ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიას ახალი დეტალებით ავითარებს

„კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი“, - ამბობს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის უახლეს ბრალდებაზე, თითქოს დაუსახელებელი ევროკომისარი დაემუქრა სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით. ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს.

პრემიერ-მინისტრი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიას კიდევ უფრო მეტად ავითარებს და ფიცოზე თავდასხმის უკან ხედავს „ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალს, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“.

მისი ეს განცხადება მოსდევს „აგენტების კანონის“ მიღების გამო დასავლეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან უპრეცედენტო კრიტიკას - კონგრესის ორივე პალატაში ინიციირებულ აქტებს და ბრიუსელში უახლეს განხილვებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისა და სხვა საპასუხო ზომების შესახებ.

„მუქარა“

23 მაისს, საღამოს გაირკვა, რომ კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა ოლივერ ვარჰეი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. თუმცა ვარჰეიმ განაცხადა:

„ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი კონტექსტიდან ამოიგლიჯა“.

„ეს არ არის სიმართლე“, - უთხრა მანამდე ამერიკულ გამოცემა Politico-ს ევროკომისიის სპიკერმა „მუქარასთან“ დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე „მუქარაში“ დასდო ბრალი ერთ-ერთ ევროკომისარს, - ისე, რომ მისი ვინაობა არ უთქვამს:

„ჩემთან [სატელეფონო] საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

რობერტ ფიცოს 15 მაისს რამდენჯერმე ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

კობახიძეს არ დაუსახელებია არც ევროკომისრის ვინაობა და არც ზარის ზუსტი დრო.

23 მაისს უნგრელმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, - რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ მოკავშირე ვიქტორ ორბანის დანიშნულია და მიიჩნევა ბრიუსელში ორბანის მოკავშირედ, - განმარტა, რომ ფიცოზე თავდასხმა რადიკალიზაციისგან თავის არიდების კონტექსტში ახსენა:

„სატელეფონო ზარისას ვიგრძენი საჭიროება, რომ პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ისედაც მყიფე ვითარება არ გაამწვავონ კანონის მიღებით, რამაც შესაძლოა გაზარდოს პოლარიზაცია და შექმნას უკონტროლო ვითარება თბილისის ქუჩებში. ამ კუთხით, სლოვაკეთში მომხდარი უახლესი ტრაგიკული მოვლენა იქნა ნახსენები მაგალითად, თუ რისი გამოწვევა შეუძლია პოლარიზაციის მაღალ ხარისხს საზოგადოებაში ევროპაშიც კი“, - განაცხადა მან

მან კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღონ კანონი: „ამას გთხოვთ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და აქამდე პატივცემული მეგობარი“.

ოლივერ ვარჰეის შეხვედრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 2023 წელი
ოლივერ ვარჰეის შეხვედრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. 2023 წელი

ისევ „გლობალური ომის პარტია“

წინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას „ალტერნატივა არ აქვს“, იმის მიუხედავად, რომ ეს „პერსონალურ რისკებთან“ არის დაკავშირებული, - კონკრეტული მაგალითები არ მინდა მოვიტანოო.

მეორე დღეს განაცხადა „მუქარის“ შესახებ.

იქვე ხაზი გაუსვა, რომ თითქოს, „წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე [ფიცოზე] თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“.

არ დაუზუსტებია არც ის, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.

ფიცოზე თავდასხმის შემდეგ რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიცოს მკვლელობის მცდელობაში უკრაინიდან ლტოლვილი პირი მონაწილეობდა, - სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიანიშნა კობახიძემ.

თუმცა ეს ცნობა სლოვაკეთის პოლიციამ უარყო.

რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც განაცხადეს, რომ „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის უკან შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურები დგანან“.

Bloomberg-ის ცნობით, სასამართლოს დოკუმენტები აჩვენებს, რომ 71 წლის თავდამსხმელი პოლიტიკური მოტივებით დაესხა თავს პრემიერ-მინისტრს; იგი არ ეთანხმებოდა მთავრობის პოლიტიკას - სპეციალური პროკურორის სამსახურის გაუქმებას და, ასევე, უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე მთავრობის უარს. ბრალდებულის თქმით, თავდასხმის მიზანი მკვლელობა არ ყოფილა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს თავდასხმას.

რა ხდება ამ დროს ბრიუსელში

პრემიერ-მინისტრ კობახიძის ბრალდება მოჰყვა დასავლეთში, - შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელში, - „აგენტების კანონის“ მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების უპრეცედენტო კრიტიკას.

საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ სამი მოსმენით მიღების შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აგრძელებენ მსჯელობას, როგორ უპასუხონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.

ოთხშაბათს, 22 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღებით შექმნილი ვითარება განიხილეს.

ორშაბათს, 27 მაისს იმავე საკითხს სიღრმისეულად განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ამას დამატებითი, კიდევ უფრო დაწვრილებითი განხილვები მოჰყვება ივნისში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, განიხილება, - თუმცა დადასტურებული არ არის, - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შესაძლო ვიზიტიც, რაც, ევროკომისიაში წყაროს თანახმად, დამოკიდებული იქნება იმაზე, იქნება თუ არა შესაფერისი გარემო და პირობები.

ევროკავშირის საკვანძო ინსტიტუტის „გლობალური ომის პარტიის“ მარიონეტობასა და მუქარაში ბრალდება მეგობრულ ატმოსფეროს არ ქმნის.

26 მაისისთვის საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მოწვეული ჰყავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

„ვთხოვე, 26 მაისს ჩამოვიდეს“, - სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს 18 მაისს მისწერა.

ბრიუსელში 22 მაისის შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად ჩაითვალა, რომ კანონის ცვლილებები, რაც კოსმეტიკური იქნება, დაუშვებელია და კანონი უნდა გაუქმდეს - და ამ საკითხზე შარლ მიშელისგანაც პრინციპულ პოზიციას მოელიან.

ამავე შეხვედრაზე შარლ მიშელის კაბინეტის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, თქვა, რომ თუკი ვიზიტი შედგება, მიშელის გზავნილი იქნება საქართველოს საზოგადოების ცალსახად მხარდაჭერა და მთავრობისგან კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება.

შესაძლო სცენარები ბრიუსელიდან

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 მაისის შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის ელჩმა წამოაყენა და მხარი დაუჭირა წინადადებებს:

  • ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა შეიმუშაოს შესაძლო სცენარები, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა „აგენტების კანონის“ მიღებას;
  • ევროკომისიამ შეიძლება სწრაფად მოამზადოს და საჯაროდ წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება გაფართოების კონტექსტში.

საპასუხო სცენარებს შორის ევროკავშირი უკვე რამდენიმე კვირაა, რამდენიმე სცენარს განიხილავს.

მათ შორისაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება - ამას, განსხვავებით საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებისგან, არა კონსენსუსი, არამედ 27-დან 15 წევრი ქვეყნის ხმა („კვალიფიციური უმრავლესობა“) სჭირდება.

თუმცა ამ საკითხზე წინააღმდეგობებიც არსებობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ეწინააღმდეგება ამ ზომის გამოყენებას.

განიხილება ფინანსური დახმარების შეწყვეტაც - რაც ევროკომისიას დამოუკიდებლად, წევრი ქვეყნების გარეშე შეუძლია გადაწყვიტოს, თუმცა ეს შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც ამ დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს იღებს.

კიდევ ერთი, ყველაზე სავარაუდო სცენარია ევროკავშირში გაწევრების პროცესის გაყინვა. გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 21 მაისს საქართველო გააფრთხილა, რომ თუკი ე.წ. აგენტების კანონი ამჟამინდელი ფორმით იარსებებს დეკემბერშიც, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე გერმანია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.

მოლაპარაკებების გახსნას კი კონსენსუსი - 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა - სჭირდება.

ამ აზრზეა სხვა არაერთი წევრიც.

გზავნილები ვაშინგტონიდან

ბრიუსელის პარალელურად, გზავნილები მკაცრდება შეერთებული შტატებიდან.

კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - განიხილავენ აქტებს (MEGOBARI და „ქართველი ხალხის აქტი“), რომლებიც სავიზო აკრძალვებსა და სანქციებს ითვალისწინებს „ოცნების“ ლიდერებისათვის.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „აგენტების კანონზე“ 22 მაისს განაცხადა: „სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი“.

„გლობალური ომის პარტია“

ბოლო ორ წელიწადში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველი გადაწყვეტილება და საჯარო განცხადება მიჰყვება „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიას.

ის იმეორებს დასავლეთსა და რუსეთში არსებულ შეთქმულების თეორიებს „გავლენიანი ოჯახების“ მიერ მსოფლიოს მმართველობის შესახებ. აირეკლავს რუსეთის პრეზიდენტის „ოქროს მილიარდის“ შეთქმულების თეორიასაც, - თითქოს „ოლიგარქიული ოჯახების“ მიზანი მსოფლიოს მოსახლეობის 10-ჯერ შემცირებაა.

შეთქმულების თეორია აშშ-სა და ევროკავშირს „გლობალური ომის პარტიის“ მარიონეტად მიიჩნევს, ხოლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის თავდასხმით ომებს 2008, 2014 და 2022 წლებში, - „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ინსპირირებულად ხატავს.

ამ თეორიის მიხედვით, რუსეთის ქმედებები და სამხედრო დანაშაულები „გლობალური ომის პარტიის“ ბოროტი, ფარული მიზნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, - რაც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის ძირითად ხაზს, „კოლექტურ დასავლეთთან დაპირისპირების“ თეორიას იმეორებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG