Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშს ითხოვს - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს


„ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში.
„ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში.

ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.

BBC-ის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ბრიტანეთის მთავრობას ბოდიში მოეხადოს კორპორაციის მიერ დაშვებული შეცდომების თუ არაეთიკური ჟურნალისტური პრაქტიკის გამო.

„ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში.

გასულ კვირას რადიო თავისუფლებასთან საუბარში კორპორაციამ დაიცვა თავისი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიება. „ქართული ოცნება“ ბრალდებას უარყოფს და BBC-ის სამართლებრივი დავით ემუქრება.

„დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში მოიხადოს“

„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში“, - განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

  • მას კითხვა დაუსვეს ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მიერ გასულ კვირას სტუდენტებისთვის ნათქვამზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის მხრიდან არსებობს „ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  • დღეს ელჩი უორდი „ოცნების“ არაერთმა ლიდერმა გააკრიტიკა. იგი სტუდენტებისთვის „ტვინის გამორეცხვაში“ დაადანაშაულეს.

კობახიძემ დაამატა: „ეს [ბოდიში] არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით“.

  • გარდა იმისა, რომ BBC-ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო ბრიტანეთის ხელისუფლებას ბოდიში არასოდეს მოუხდია, კობახიძის ნათქვამი ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს:
  • BBC არ ფინანსდება პირდაპირ ბრიტანეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. BBC საჯარო მაუწყებელია და მისი დაფინანსების ძირითადი წყარო (65-70%) ლიცენზიის მოსაკრებელია, - ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ გადახდილი ყოველწლიური გადასახადი.
  • 2027 წლის 31 დეკემბრამდე შინამეურნეობებისათვის ამ გადასახადის ოდენობა განსაზღვრულია წელიწადში 174.5 გირვანქის ოდენობით.
  • მაუწყებლის დაფინანსების კიდევ ერთი მოცულობითი წყაროა მაუწყებლის კომერციული მიმართულება, BBC Studios.
  • ბრიტანეთის საგარეო ოფისი მცირედით აფინანსებს BBC World Service-ს, რომელიც საზღვარგარეთ 40-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობს; მიიჩნევა, რომ ბრიტანელი მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან არ უნდა აფინანსებდნენ უცხოეთის აუდიტორიების ინტერესებს; ამასთან, ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისს ეს არ აძლევს სარედაქციო პროცესზე რაიმე ტიპის ზეგავლენის შესაძლებლობას.

ასეთი პრეცედენტი არ არსებობს

BBC-ის არსებობის 103-წლიან ისტორიაში არ არსებობს მაგალითი, როდესაც ბრიტანეთის მთავრობას BBC-ის გამოძიების ან რაიმე სხვა ჟურნალისტური პროდუქტის გამო ბოდიში მოეხადოს ვინმესთვის, იქნება ეს კერძო პირი თუ რომელიმე ქვეყნის მთავრობა.

ეს იმიტომ, რომ BBC - კანონმდებლობით, სტრუქტურით, მმართველობის წესებითა და სხვა მექანიზმებით - დაცულია ხელისუფლების ჩარევისაგან სარედაქციო გადაწყვეტილებებში.

  • სპეციალური კონსტიტუციური დოკუმენტი „სამეფო ქარტია“ ხაზგასმით უკრძალავს მთავრობას მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედებას.
  • დამატებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის დამოუკიდებლობის გარანტორია ასევე ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისი (Ofcom), კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ბრიტანეთის პარლამენტი, ასევე თავად BBC-ის შიდა რეგულაციის სამსახურები.

„BBC დამოუკიდებელია მთავრობისგან“ - საელჩო

დღესვე, 9 დეკემბერს ირაკლი კობახიძის რეპლიკასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარის თხოვნაზე პასუხად საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს:

„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“.

2025 წლის ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალის დროს, ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა BBC-ს მოუწოდა, ბოდიში მოეხადა პირადად ტრამპისათვის.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია მაშინაც მსგავსი იყო: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ და დამოუკიდებელ BBC-ს, მაგრამ ეს BBC-ის საქმეა“, - აცხადებდნენ პრემიერის კაბინეტში.

12 ნოემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა:

„სადაც შეცდომები დაშვებულია, იქ ნამდვილად საჭიროა წესრიგის დამყარება, და BBC-მ უნდა დაიცვას უმაღლესი სტანდარტები, იყოს პასუხისმგებელი და სწრაფად გამოასწოროს შეცდომები. თუმცა, მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ძლიერ, დამოუკიდებელ BBC-ს“.

  • BBC ნოემბერში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ BBC Panorama-ს მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში დონალდ ტრამპის 6 იანვრის სიტყვები - კაპიტოლიუმში ბრბოს შეჭრის კონტექსტში - შეცდომაში შემყვანად დაამონტაჟეს;
  • მონტაჟის თანახმად, მაყურებლებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მან პირდაპირ მოუწოდა ძალადობრივი აქტისკენ დემონსტრანტებს; რეალურად, მისი ფრაზები ხანგრძლივი ინტერვალით იყო წარმოთქმული;
  • სკანდალის ფონზე BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელმა პოსტები დატოვეს;
  • BBC-მ ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ მონტაჟისას შეცდომა დაუშვა, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ცილისწამება.
  • ტრამპი BBC-ს სასამართლოთი ემუქრება და $1 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს.

„გლობალური ომის პარტია“

საქართველოს მმართველმა პარტიამ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში BBC-ს უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.

„ქართულმა ოცნებამ“ BBC დაადანაშაულა „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ და უწოდა „დიპ სტეიტის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია“.

„მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა“, - განაცხადა პარტიამ.

„ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ, მათ შორის, უცხო ქვეყნებისა და სახელმწიფოების თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს.

  • 2022 წლიდან „ქართული ოცნების“ განვითარებული შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“;
  • ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი და ა.შ..

ცვალებადი რიტორიკა

ორი წლის წინ, როდესაც BBC-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, ირაკლი კობახიძე BBC-ს „თავისუფალ მედიას“ უწოდებდა.

„კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა - თავისუფალ მედიაზე თავდასხმა“, - განაცხადა მან 2023 წლის 18 მაისს.

  • BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად კეზერაშვილი იყო დასახელებული. „მისტერ ოფშორი“, - ასე იყო ფილმში იგი დასახელებული;
  • 2024 წლის 9 დეკემბერს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდა BBC-სთან სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ თავისი პლატფორმებიდან წაშალა ჟურნალისტური გამოძიება;
  • მას შემდეგ BBC-ის პლატფორმებზე ჟურნალისტური გამოძიება ხელმისაწვდომი აღარ არის და ბმული, რომელზეც ის იძებნებოდა, წაშლილია.

დავას „ოცნებაც“ განიხილავს

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

დღეს, 9 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აპირებენ, მიმართონ ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისს, Ofcom-ს, ასევე ბრიტანეთის მაუწყებლობის მარეგულირებელ კომისიას და „შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში“.

„ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილისთვის, რაც გაავრცელეს“, - განაცხადა კობახიძემ.

2 დეკემბერს რადიო თავისუფლების კითხვაზე „ქართული ოცნების“ დაანონსებულ საჩივართან და „მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის“ სუსის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით BBC-დან რადიო თავისუფლებას უპასუხეს:

„ჩვენი დოკუმენტური ფილმი „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“, გადაღებულია მრავალგზის დაჯილდოებული გუნდის, BBC Eye-ის მიერ, არის გამოძიება საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქმედებების შესახებ და შეიცავს მტკიცებულებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალი წყაროდან“.

„ეს მოიცავს ინტერვიუებს უშუალოდ მომიტინგეებთან, მრავალ ინფორმატორთან, გაეროს ექსპერტებსა და საქართველოში მყოფ ექსპერტებთან, ასევე სამედიცინო კვლევას, წერილობით დოკუმენტებსა და ანგარიშებს. რეპორტაჟი მთლიანად ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები ნათლად არის წარმოდგენილი აუდიტორიისთვის. ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში“, - განაცხადეს კორპორაციაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ის ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“. ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს.

გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG