Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კორუფცია დამარცხებულია...სიღარიბე დაიძლევა“ - კობახიძის მოხსენების ოთხი მთავარი გზავნილი

დამარცხებული კორუფცია, 2029 წლისთვის დაძლეული სიღარიბე, „სუფთა ფურცლიდან“ დასაწყები პარტნიორობა ამერიკასთან და „პრაგმატული“ ურთიერთობა რუსეთთან - ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მთავრობის გასული წელი შეაჯამა.

26 ივნისს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და ბოლო ერთი წელი შეაჯამა, როგორც “გარდამტეხი” საქართველოს მოქმედი მთავრობისთვის. თქვა, რომ „ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, კორუფცია დაძლეული და მშვიდობა შენარჩუნებული“, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის მრავალგზის ტაში და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

კობახიძის მოხსენებას პარლამენტარებისა და “ოცნების” მთავრობის წევრების გარდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამეც ესწრებოდა.

“კორუფცია დამარცხებულია”

ირაკლი კობახიძეს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად “ზედა ეშელონებში” კორუფციის დამარცხება მიაჩნია - მოხსენებაც ამით დაიწყო და თქვა, რომ მათ ამ მიზანს მიაღწიეს.

მისი სიტყვებით, “შიდა კორუფცია” შიგნიდან არღვევდა სისტემას, მაგრამ “მასთან ბრძოლაში უკომპრომისობა გამოვიჩინეთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ”.

კორუფციის ერთ-ერთი ბოლო, მასშტაბური საქმე "საქართველოს რკინიგზას” უკავშირდებოდა - 16 ივნისს პასუხისგებაში მისცეს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე და კიდევ 7 ადამიანი. მაისის ბოლოს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თავადაც ქრთამის აღების გამო პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე. უფრო ადრე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ყოფილ პრემიერ-მინისტრს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული.

ირაკლი კობახიძე წლიური მოხსენების წარდგენისას, 2026 წლის 26 ივნისი
ირაკლი კობახიძე წლიური მოხსენების წარდგენისას, 2026 წლის 26 ივნისი

“სიღარიბე 2029 წელს დაიძლევა”

“რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს და გეტყვით, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის” - ასე დაიწყო კობახიძემ თავისი მოხსენების ის ნაწილი, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობდა და ამ ნაწილში მან არაერთხელ დაიმსახურა კოლეგების ტაში.

მან თქვა, რომ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა, რომ “პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეკონომიკა გადასცდა ას მილიარდ ლარს და შეადგინა 104 მილიარდი ლარი”.

ამ ნაწილში კობახიძემ ყურადღება სიღარიბის შემცირებაზე გაამახვილა და თქვა, ამ ტემპით თუ ვივლით, 2029 წელს საქართველოში სიღარიბე აღარ იქნებაო.

იმ სტატისტიკის თანახმად, რაც მან პარლამენტს გააცნო, საქართველოში ჯერ კიდევ 280 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თავად სიღარიბის მაჩვენებელი 2025 წელს იყო 7,1%.

“თუმცა მხოლოდ გასულ წელს სიღარიბე დაძლია 90 000 ადამიანმა“, - თქვა კობახიძემ.

"ოცნების" წევრები უსმენენ წლიურ მოხსენებას.
"ოცნების" წევრები უსმენენ წლიურ მოხსენებას.

სიღარიბის გამო, საქართველოში საარსებო სოციალურ შემწეობას იღებდა 432 968 ადამიანი, ხოლო დამატებით 212 952 სოციალურად დაუცველი ადამიანი იყო ისეთი, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებული ჰქონდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი (ამ რიცხვში შედიან როგორც პროგრამით დასაქმებულები, ასე დასაქმებულთა ოჯახის წევრები).

საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის თვეში ითვალისწინებს 30-დან 60 ლარამდე საარსებო შემწეობას. თანხის ოდენობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარები 60 ლარს იღებენ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი, თუმცა კვლავ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები კი 50, 40 ან 30 ლარს. რაც შეეხება ბავშვებს იმ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია, სახელმწიფო ყოველ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე 200-ლარიან საარსებო შემწეობას გასცემს.

26 ივნისს კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, სოციალური შემწეობა საქართველოში 22 707 ოჯახს შეუწყდა.

მან თქვა, რომ სოციალური შემწეობის მიმღები 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ 56,4%-ს არ ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობა. დაზოგილმა თანხამ, კობახიძის თანახმად, 54,7 მილიონი შეადგინა.

ეს მონაცემები კობახიძემ მოიყვანა, მისი განცხადებით, "სპეკულაციების" საპირწონედ, რომ "თუ ქვეყანაში მცირდებოდა სიღარიბე და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა".

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და საპატრიარქოს წარმომადგენლები პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მოხსენების წარდგენისას
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და საპატრიარქოს წარმომადგენლები პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მოხსენების წარდგენისას

“ოპტიმისტურად ვართ, [აშშ-სთან] პარტნიორობა აღდგება” - საგარეო ურთიერთობები

საგარეო ურთიერთობებზე საუბარი კობახიძემ სამეზობლოში ვიზიტების მნიშვნელობით დაიწყო და თქვა, რომ “თანამშრომლობა გააძლიერეს” აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან. ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

ცალკე გამოყო ჩინეთთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. და თქვა, რომ 2025 წელს “საქართველოსა და ჩინეთს შორის 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა”.

შემდეგ მან ახსენა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც საქართველოს ამ ეტაპზე აღარ აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და გაიმეორა მრავალგზის ნათქვამი გზავნილი, რომ “ქართული ოცნება” მზადაა ამ პარტნიორობის აღსადგენად “სუფთა ფურცლიდან”.

“ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მქონდა საინტერესო სატელეფონო საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოსთან”…

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ევროკავშირთან ურთიერთობები ირაკლი კობახიძემ დაახასიათა, როგორც “გამოწვევებით სავსე” და თქვა, რომ საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. ევროკავშირთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობებზე დამატებით აღარაფერი უთქვამს.

ეს იმ ფონზე, როცა სულ ორიოდე დღის წინ, 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის პლენარულ სხდომაზე მიიღეს კრიტიკული რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობის“ შესახებ, რასაც წინ უძღოდა დებატები, რომელშიც ოცამდე პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა და მათი უდიდესი უმრავლესობის შეფასებები იყო უკიდურესად კრიტიკული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას კობახიძემ ერთხელ ახსენა რუსეთი და თქვა, რომ აგრძელებენ “პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას”:

“ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და და რუსეთს შორის. აქ წითელი ხაზები უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

საგაზაფხულო სესია, რომელიც ირაკლი კობახიძის მოხსენებით დასრულდება.
საგაზაფხულო სესია, რომელიც ირაკლი კობახიძის მოხსენებით დასრულდება.

“ჩვენ დავამშვიდეთ ქვეყანა”

სხვა მიღწევების ჩამოთვლისას, “ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელმა ახსენა სადავო პარლამენტის მიერ ბოლო ერთ წელში მიღებული კანონები ("გრანტების შესახებ" კანონი, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და სხვა), რომლებითაც, მისი სიტყვებით, “ქვეყანაში ვითარების დამშვიდება შეძლეს” და “რევოლუციის 5 მცდელობა აღკვეთეს”. ახსენა 4 ოქტომბრის მოვლენებიც და შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “იუველირული მუშაობისთვის” მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძის მადლობებს სხვა ადრესატებიც ჰყავდა:

  • ქართველი ხალხი;
  • პარლამენტი და მთავრობა;
  • “ქართული ოცნების” გუნდი;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
  • საქართველოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე;
  • საქართველოს ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე;
  • და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.


“ჩვენი მიღწევები და ის, რომ 14 წლის განმავლობაში გვაქვს უწყვეტი მშვიდობა, ამ ადამიანის დამსახურებაა”, - თქვა გამოსვლის ბოლოს კობახიძემ.

საბოლოო ჯამში, დაახლოებით საათ-ნახევრიანი მოხსენება მას ტაშით, სულ ცოტა, ათჯერ შეაწყვეტინეს.


  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG