Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ლეთოდიანი: 20 ივნისი ომზე უარესი იყო, 9 აპრილზე უარესიც იყო


კობა ლეთოდიანი
კობა ლეთოდიანი

კობა ლეთოდიანი ტახტზე ზის. ვერცერთი თვალით ვეღარ ხედავს. მარცხენა თვალში 20 ივნისს რეზინის 4 ტყვია მოხვდა. იმედი აქვს, როცა ბადურა გამაგრდება, ექიმები მხედველობას მაინც აღუდგენენ.

მარჯვენა თვალი წლების წინ აფხაზეთში დაუზიანდა - 1992 წლის 12 ოქტომბერს, ვერტმფრენს, სადაც 5 მგზავრთან ერთად იჯდა, ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მოხვდა - ვერტმფრენს „კუდი” მოწყდა და ჩამოვარდა. კობამ რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა. სოხუმის დაცემამდე იბრძოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც ფულით, იარაღით და ინფორმაციით ებრძოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 27 წლის შემდეგ მის ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდოდა.

„ომში შენც ისვრი, სხვაც გესვრის და ეს სხვა მტერია, ერთი წლის წინ პარლამენტთან კი მტრის მაგივრად სახელმწიფო „ებრძოდა” ხალხს”, - ამბობს კობა.

50 წლის კობა 20 ივნისს სახლიდან ორჯერ გავიდა, პირველად დღისით, როცა რუსი კომუნისტი დეპუტატის პარლამენტში გამოჩენას სპონტანური პროტესტი მოჰყვა, მეორედ უკვე შებინდებულზე, მეგობართან ერთად ტელევიზორს უყურებდა და სპეცდანიშნულების რაზმები რომ დაინახა, მიხვდა, რომ პარლამენტის წინ უნდა ყოფილიყო.

ბოლო, რაც იმ დღეს დაინახა, სპეცრაზმელი იყო, რომელიც იარაღს უმიზნებდა - ღამის 1 საათი იქნებოდა, პარლამენტის შენობასთან ახლოს იყო. ტყვია საღ, მარცხენა თვალში მოხვდა და, როგორც თვითონ ამბობს, მას შემდეგ ნათურები ჩაქვრა. მხოლოდ ღამით, როცა სახლში შუქს ანთებენ, კობა პატარა და მოციმციმე წერტილებს ხედავს. არ იცის, ეს მისი თვალის მეხსიერებაა თუ ცოცხლად გადარჩენილი ნერვის რეფლექსი.

4 ტყვია, რომელიც აქციაზე სახეში მოხვდა, 20 ივნისიდან 7 ივლისამდე სხეულში ჰქონდა. ქართველმა ექიმებმა თვალის სრულად დაკარგვის შიშით ოპერაცია ვერ გაუკეთეს. ტყვიები საბოლოოდ ისრაელში ამოუღეს. ისრაელში კობა პირველად ივნისის ბოლოს წავიდა, მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ: ივლისში, სექტემბერში, დეკემბერში, თებერვალში - მომდევნო წასვლა სექტემბერშია დაგეგმილი. დაზიანებულ თვალში ბადურა უნდა გამაგრდეს, ჩამოშლის საფრთხემ გადაიაროს და მერე შეიძლება ცდა, მხედველობა ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდეს. ძნელია იმის დაჯერება, რომ მხედველობა საბოლოოდ შეიძლება დაიკარგოს.

კობას მკურნალობას, ისევე როგორც 20 ივნისს სხვა დაშავებულებისას, ფონდი „ქართუ” ფარავს. სახელმწიფო მას დაზარალებულად არ ცნობს. საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი, კობა ლეთოდიანი მათ შორის ვერ მოხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ დღესაც ფონდი ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის, არ იქნება არავინ, ვისაც ექნება მისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულება. ერთადერთი, რაც სახელმწიფომ მოახერხა, ინვალიდობის ჯგუფის ცვლილება იყო - ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ახლა პირველი ჯგუფის ინვალიდია, ისიც ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების შემდეგ. ჯგუფის შეცვლა 30 ლარით მეტ პენსიას ნიშნავს.

„დადექი სამიზნედ და გესვრით. 9 აპრილზე უარესიც იყო, იქ რუსი შემოვიდა და აქ შენიანმა გესროლა, ქართველმა. რუსი ყოფილიყო და გადამთიელი, ჯანდაბას. შენი ქვეყანა რომ გკლავს, ეგაა უბედურება. ისიც უბედურებაა, ხალხის ერთობა რომ არაა, იმ ღამეს თუ არა, მეორე დღეს, რომ ნახეს, რაც მოხდა, მთელი ქვეყანა უნდა გამოსულიყო გარეთ. მაგრამ ჩვენი ხალხი ეგრე ყავთ მიჩვეული, რომ ვინმემ თუ არ დაუძახა, არ გამოდის. ამდენი რაღაცის მერე იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ იმ ადგილას, სადაც კოსტავამ და გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადეს, გავრილოვს ჩააჯენდნენ?“ - ამბობს კობა.

ბოლო პერიოდში კობა ისეთ რამეებზე ფიქრობს, რაზეც აქამდე არ უფიქრია. მაგალითად, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ პირველად გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდნენ. სოხუმიდან ოჯახმა მხოლოდ საოჯახო ფოტოალბომები წამოიღო. სოხუმი რომ ეცემოდა მაშინაც და დევნილობის წლებშიც სულ ჰქონდა იმედი, რომ მალევე უკან დაბრუნდებოდნენ. ახლა ფიქრობს, რომ ასეთ მმართველობაში უკან დაბრუნება შეუძლებელი ჩანს. იმედი, რომელსაც კობა ჯერ კიდევ იტოვებს, დაზიანებულ თვალში სინათლის გამოჩენაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG